კოვიდის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ვაქცინაციის მიმართ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს - სამწუხაროდ, არის რისკი, რომ გამოუყენებელი დარჩეს სიცოცხლის გადამრჩენელი პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, - ამის შესახებ ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არაეფექტური ხარჯის და ცუდი ორგანიზების შედეგი იქნება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზების ვადის გასვლა.
„მთავარია ის, რომ სამწუხაროდ, არ გვაქვს მოქალაქეების საკმარისი ინფორმირება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით. პროცესი ინფორმაციის თვალსაზრისით, მართული არ არის. კოვიდის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ხელისუფლებას ვაქცინაციის მიმართ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, ის ემოციურად უფრო ახლოს არის აგრესიულ ანტივაქსერულ ჯგუფებთან. სამწუხაროდ, არის რისკი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სიცოცხლის გადამრჩენელი ვაქცინა გამოუყენებელი დარჩეს, რაც ძალიან დიდი პრობლემა იქნება. ეს ყველაფერი ცუდი ორგანიზების საკითხია, მათ შორის, არაეფექტური ხარჯი, ცუდი ორგანიზება, ყველაფერი ერთად აჩვენებს, რომ ვაქცინაციის ორგანიზება შეუძლებელია“,-აღნიშნა კალოიანმა.