სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს, საქართველოს საპატრიარქოს სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებითა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქ. სენაკში, მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საზაფხულო სკოლა - „მომავლის ელჩები 2023“ წარმატებით განხორციელდა.
აფხაზეთის მთავრობის ინფორმაციით, საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სენაკის, ჩხოროწყუსა და აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი 24 მოზარდი, რომლებიც 2 კვირის განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტით გათვალისწინებულ ღონისძიებებში.
„პროექტი - „მომავლის ელჩები“ უკვე მეორე წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში, მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებები ხორციელდება. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ და განივითარონ ისეთ უნარ-ჩვევები, როგორიც არის - პრობლემის გადაჭრა, ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული აზროვნება, გუნდური მუშაობა, კონფლიქტების მართვა, ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, სტრესის მართვა და სხვა. პროექტის მიზანია - მაღალი სამოქალაქო თვითშეგნების გაღვივება, მოსწავლეებში STEM-ის მიმართულებით ინტერესის აღძვრა, ქვეყნის ისტორიის და ეთნოგრაფიის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელება, ახალგაზრდებისათვის ჯანსაღი და მეგობრული გარემოს შექმნა.
საზაფხულო სკოლის დასკვნით ღონისძიებას აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ გადელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან უჩანეიშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა წურწუმია, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის დირექტორი ნინო ჯანჯღავა, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისა და შესაბამისი სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე, პროექტის უფრო ეფექტურად განხორციელების მიზნით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტომ სენაკის მუნიციპალიტეტის მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.