თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სტაჟირების გასავლელად ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სტაჟირების გასავლელად ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის ორი სტუდენტი, ანნა ჯონსი და ლარა ფეტჩერი იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუდენტებმა კლინიკური სტაჟირება თსსუ-ის ქირურგიის, ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტებში, ასევე სისხლძარღვთა ქირურგიაში გაიარეს.

„ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებოდი ყველა სამედიცინო მანიპულაციას, ქართველი ექიმებისგან ბევრს ვსწავლობდი. მასწავლიდნენ, როგორ მოვუარო პაციენტს, დავამყარო მასთან კომუნიკაცია. ვესწრებოდი ოპერაციებს და ზოგჯერ ასისტირებას ვუწევდი ქირურგებს. ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ვხედავდი, როგორ უმჯობესდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამაში ჩემი წვლილიც იყო.

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე: როგორ უნდა ესაუბრო პაციენტს, მიაწოდო საჭირო ინფორმაცია, გასინჯო და დაუნიშნო მკურნალობა. აქ დაგროვილ გამოცდილებას გამოვიყენებ გერმანიაში, როდესაც ჩემი პროფესიით დავიწყებ მუშაობას.

ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, გამეცნო ახალი ქვეყანა, მენახა სხვა ქვეყნის კლინიკები და ჰოსპიტლები და დამეგროვებინა საინტერესო გამოცდილება“, - განაცხადა ლარა ფეტჩერმა.

სტუდენტ, ანნა ჯონსის თქმით, სტაჟირების დროს გუნდური მუშაობა ძალიან დაეხმარა შესაბამისი უნარების ათვისებაში.

„მე ვიყავი გუნდში, რომელიც ჩემ გარდა შედგებოდა სხვა ქართველი სტუდენტებისგანაც და სწორედ მათთან ერთად მიწევდა ყველა მანიპულაციის შესრულება. აქ ძალიან ბევრი რამე გვასწავლეს. გერმანიაში უფრო მეტად ვიყავით საკუთარ გადაწყვეტილებებზე დამოკიდებული. აქ კი ვუსმენდი პროფესორებს, ვსწავლობდი და ბევრ რამეს ვიაზრებდი. პროფესორების მეთვალყურეობის ქვეშ ვატარებდით გასინჯვებს, ვსვამდით დიაგნოზს, ვესწრებოდით ოპერაციებს.

გუნდური მუშაობა ძალიან დამეხმარა კარგად ამეთვისებინა შესაბამისი უნარები. ძალიან ბევრი რამ ვისწავლე აქ და კარგი გამოცდილება დავაგროვე ორი თვის განმავლობაში“- განაცხადა ანნა ჯონსმა.

უნივერსიტეტის განმარტებით, ბერლინის შარიტეს სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების საქმიანობას საქართველოში ხელმძღვანელობდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი გია თომაძე, თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესორი, ლევან ჩიკვატია და სისხლძარღვთა ქირურგიის დეპარტამენტის პროფესორი, მამუკა ბოკუჩავა.

„სტუდენტები ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართულები ყოველდღიურ სამედიცინო საქმიანობაში. ისინი მონაწილეობდნენ როგორც სასწავლო, ასევე პაციენტების მკურნალობის პროცესში. ასისტირებას გვიწევდნენ სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციაში და ქირურგიული ოპერაციებზე. ძალიან საინტერესო იყო პრეზენტაცია, რომელიც წარმოადგინეს შარიტეს უნივერსიტეტის შესახებ.

სტუდენტები აღნიშნავდნენ, რომ ინტერნაციონალური სამედიცინო საქმიანობა აინტერესებდათ, რათა პარალელები გაევლოთ მათ ქვეყანაში არსებულ კლინიკურ საქმიანობასთან. არაერთხელ აღნიშნეს, რომ აქ მიიღეს ბევრად მეტი პრაქტიკული სწავლება. მიხარია, რომ ამის შესაძლებლობა ჰქონდათ. წარმატებებს ვუსურვებ“, - განაცხადა პროფესორმა, გია თომაძემ.

თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესორის, ლევან ჩიკვატიას განცხადებით, ანნა ჯონსი ესწრებოდა ყველა იმ მანიპულაციას, რომელსაც დეპარტამენტი ატარედება.

„ანნა ჯონსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში თსსუ-ის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარმანეტში გადიოდა კლინიკურ სტაჟირებას. მინდა აღვნიშნო, რომ ის პირველ რიგში კარგი ადამიანია და რაც ყველაზე მთავარია, მას ესმის პაციენტის. ის მოტივირებულია, რომ პაციენტს დაეხმაროს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული თვისება, რომელიც მაჩვენებელია იმისა, რომ ის აუცილებლად კარგი ექიმი გახდება. ის ესწრებოდა ყველა მანიპულაციას, რასაც ვატარებთ დეპარტამენტში. მე მას ვუსურვებ ბევრ გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, - განაცხადა თსსუ-ის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის დეპარტამენტის პროფესორმა, ლევან ჩიკვატიამ.

პროფესორ, მამუკა ბოკუჩავას განცხადებით, ლარა ფეტჩერის კლინიკური სტაჟირება სისხლძარღვთა ქირურგიაში ძალიან წარმატებული იყო.

„ლარა ფეტჩერი აქტიურად იყო ჩართული ყველა მანიპულაციაში. არაერთხელ ვესაუბრე მისი ინტერესების შესახებ და ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვა სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართ. ვფიქრობ, ის წარმატებულად გააგრძელებს თავის სამედიცინო საქმიანობას მომავალში“, - აღნიშნა პროფესორმა მამუკა ბოკუჩავამ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს