საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და GEDF-ის ხელმძღვანელმა ჯაბა ხმალაძემ სამომავლო პარტნიორობის პერსპექტივები განიხილეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელს, ჯაბა ხმალაძეს შეხვდა და მასთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ვიცე-კანცლერი, პროფესორი ნიკო ნებიერიძე, სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი და ფაკულტეტის წარმომადგენლები, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე, რექტორის მრჩევლები - პროფესორი ზურაბ გუდავაძე და კონსტანტინე ბასილაშვილი, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე სტუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და GEDF-ის დირექტორმა ჯაბა ხმალაძემ ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურის განვითარების, ენერგეტიკის დარგში, მათ შორის გახლებადი ენერგიის სექტორში, სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის, ერთობლივი წარმატებული პროექტების განხორციელებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

„ენერგეტიკა მსოფლიო მასშტაბით სწრაფად განვითარებადი დარგია, რაც პირდაპირ კავშირშია დაჩქარებულ ტექნოლოგიურ პროგრესთან. საქართველოს მთავრობის უშუალო ძალისხმევით, ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის, დარგში მოქმედი კომპანიები და ორგანიზაციები მოწინავე ტექნოლოგიებს ნერგავენ, თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურებას კვალიფიციური კადრების მომზადება სჭირდება. ეს სერიოზული გამოწვევაა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები მაღალპროფესიულ დონეზე მომზადებული უნდა შეხვდნენ. მიმდინარე სასწავლო წელს ენერგეტიკის ფაკულტეტზე არაერთი სიახლე დაინერგა: ამოქმედდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები განახლებადი ენერგიის სექტორში ახალგაზრდა სპეციალისტთა მოსამზადებლად; ლიეტუვის მთავრობისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, განვახორციელეთ ერთ-ერთი წარმატებული საუნივერსიტეტო პროექტი - საუბარია ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის სახურავზე განთავსებულ 200 კვტ.სთ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვლიდან მწვანე ენერგიას ეფექტიანად გამოიმუშავებს; გარდა ამისა, ენერგეტიკის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს კავკასიის რეგიონში პირველი განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების სასწავლო-საექსპერტო ლაბორატორია, რომელიც „თბილისი ჰუაუეი თექნოლოჯის კო“-სა და კომპანია „ფოტომეიტის“ მხარდაჭერით გაიხსნა; ამ ეტაპზე ამერიკის ენერგეტიკულ ასოციაციასთან და USAID-თან ერთად ვმუშაობთ ენერგეტიკის ფაკულტეტზე უახლესი ტიპის ელექტრული სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ლაბორატორიის დაფუძნებაზე და ა.შ.

ენერგეტიკის განვითარების ფონდთან შეხვედრის მიზანიც სწორედ ეს არის: ენერგეტიკის ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარება, ლაბორატორიული ბაზის განმტკიცება, სტუდენტებში ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პროცესების შესახებ ცნობადობის ამაღლება და სხვა. ამ საკითხებთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობა განვიხილეთ და ორივე მხარე შევთანხმდით, რომ ერთი თვის ვადაში მოვამზადებთ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებზეც სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად ვიმსჯელებთ და ჩვენს სამომავლო პარტნიორობას მემორანდუმით გავამყარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი და მისასალმებელია ენერგეტიკის განვითარების ფონდის მრავალმხრივი მხარდაჭერა, რაც გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის, როგორც მატერიალურ-ტექნიკური, ასევე, სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ბაზის განვითარება-განახლებას, სტუდენტების ჩართულობით ერთობლივი პროექტების განხორციელებას და რაც მთავარია, ახალგაზრდა სპეციალისტების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მომზადებას“, - განაცხადა სტუ-ის რექტორმა, დავით გურგენიძემ.

როგორც მხარეებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მჭიდრო პარტნიორობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ენერგეტიკის გაძლიერებასა და დარგის უზრუნველყოფას მაღალ დონეზე მომზადებული ახალგაზრდა კადრებით.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო