ახლა არაა ჩასაფრების დრო, მაგრამ ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რაზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი - მაშინ, როცა მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა? - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მანჯგალაძემ რაჭაში დაღუპულებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია მსგავსი ტრაგედიების შემდეგ სვამს კითხვებს, თუმცა, ხელისუფლება საჭირო ნაბიჯებს არ დგამს, რომ ასეთ დროს ადამიანების გადარჩენა მოხერხდეს.
„პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამძიმარი და თანადგომა გარდაცვლილის ოჯახებს, სიტყვები უძლურია, მაგრამ სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე საუბარი. კიდევ ბევრი ადამიანი რჩება სტიქიის ზონაში და მინდა, ეს ადამიანები ძალიან მალე ვიხილო სამშვიდობოს. ახლა არ არის ამ უბედურების დროს ერთმანეთთან ნიშნით მოგების საუბრის და ჩასაფრების დრო, მაგრამ ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რაზეც ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. მაშინ, როცა 11 წლის მანძილზე მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. დღეს და ხვალ არ გვჭირდება ჩვენ ამაზე პასუხები, ახლა ხალხს მიხედონ, მაგრამ ამაზე პასუხისმგებელი პირი აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ჩვენი ინფორმაციით მაშინ, როცა მიტინგების დაშლის 50 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების საშუალებაა შეძენილი, არ გვაქვს ადამიანის გადარჩენის საშუალებები.
როცა თბილისში დატბორვა მოხდა, მაშინაც ვსაუბრობდით იმაზე, რომ სახელმწიფოს არ ჰყავს საშუალებები, რომელიც ღამით შეძლებს ადამიანების სტიქიური უბედურების ზონიდან გამოყვანას. შემდეგ ისევ იყო სტიქია, ასევე ჩამოვარდა სასაზღვრო სამსახურის სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც 50 წლის იყო. არაერთი შეკითხვა გავუგზავნეთ ამაზე შს სამინისტროს, თუ რას აპირებდნენ და მათი ინფორმაციით, სამ ვერტმფრენს ელოდებიან საფრანგეთიდან, რომელიც დღესაც არ გვაქვს. ახლა არაა ამაზე საუბრის დრო, თუმცა, ჩვენ რა თქმა უნდა, ამას ყურადღებას მივაქცევთ,“ - განაცხადა მანჯგალაძემ.