ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური პოლიტიკა, რომელშიც კოორდინირებულად ჩართული იქნებიან სხვადასხვა უწყებები, რათა ქვეყანაში იკლოს გენდერული დანაშაულების რიცხვმა

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური პოლიტიკა და სპეციალური ზომები, რომელშიც კოორდინირებულად ჩართული იქნებიან სხვადასხვა უწყებები რათა ქვეყანაში იკლოს გენდერული დანაშაულების რიცხვმა, მოსახლეობას, ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, რა არის ძალადობა და როგორ დაიცვან თავი ეფექტურად.

„რატომაა მნიშვნელოვანი აქტიური საინფორმაციო კამპანია ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში;

რატომ არ არსებობს სტატისტიკური მონაცემები მოზარდ გოგონებზე კიბერბულინგისა და სოციალურ ქსელებში მათი შევიწროების, დაშინებისა და ძალადობის შესახებ და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ გასაჭირში მყოფმა პატარა გოგონებმა სიკვდილი არასოდეს აირჩიონ?!

ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში სამწუხაროდ უკანასკნელად 2017 წელს ჩატარდა. ამასთან, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი ქვეყანაში მზარდია.

ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად გაჩნდა შევიწროების, ჩაგვრის, დაშინებისა და ძალადობის ახალი სივრცე, სადაც მოძალადე პირები დაშინების, პირადი მიმოწერის გამოქვეყნების, ჭორების გავრცელების მუქარით ახალგაზრდა გოგონებს ავიწროებენ და ძალადობენ მათზე. სამწუხაროდ სტატისტიკური მონაცემები მოზარდ გოგონებზე კიბერბულინგისა და სოციალურ ქსელებში მათი შევიწროების, დაშინებისა და ძალადობის შესახებ არ მოგვეპოვება. თუმცა, თვალსაჩინოა პრობლემის მასშტაბი მედიაში გავრცელებული ინფორმაციის სიხშირისა და ხშირ შემთხვევაში შემზარავი შედეგების გათვალისწინებით. როცა პატარა გოგონები, არჩევენ სიკვდილს, რადგან გასაჭირის გამზიარებელი, დამხმარე და თანამდგომი არ ეგულებათ, არც საზოგადოებაში და არც სახელმწიფოს სახით“, - განაცხადა თურაზაშვილმა.

მისი თქმით, ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ფორმაა, რამდენადაც ძალადობის ეს სახე პირდაპირ აისახება საზოგადოებრივ მენტალიტეტსა და ცხოვრების ხარისხზე, იწვევს ისეთი უფლებების შელახვას როგორიცაა - სიცოცხლე, ღირსება, პირადი ცხოვრება, ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება და სხვა.

შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური პოლიტიკა და განსაკუთრებული, სპეციალური ზომები, რომელშიც კოორდინირებულად ჩართული იქნებიან სხვადასხვა უწყებები რათა ქვეყანაში იკლოს გენდერული დანაშაულების რიცხვმა და იმავდროულად მოსახლეობას, ქალებსა და გოგონებს, ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ რა არის ძალადობა და ეფექტურად როგორ დაიცვან მისგან თავი.

„2022 წლის განმავლობაში საქართველოში ოჯახური დანაშაულისა და გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით მოკლეს 21 ქალი. ხოლო, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევის მიხედვით საქართველოში, ყოველი შვიდი ქალიდან ერთი მაინც გამხდარა მისი პარტნიორისგან ფიზიკური, სექსუალური თუ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საქართველომ 2006 წლიდან მიიღო ქალთა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობა, 2014 წლიდან შესაბამისმა უწყებებმა აქტიური ბრძოლა დაიწყეს გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ, თუმცა ვფიქრობ რომ ამ ბრძოლაში გამორჩათ მნიშვნელოვანი ასპექტი, რაც გულისხმობს ერთის მხრივ ძალადობის პრევენციული მექანიზმების აქტიურად დანერგვასა და განხორციელებას, ხოლო მეორეს მხრივ ძალადობის მსხვერპლ ქალებთან შემდგომ მუშაობას, მათ გაძლიერებას, ეკონომიკური გარანტიების და სოციალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას.

სამწუხაროდ ძალადობის გარკვეული ფორმები ღრმადაა გამჯდარი საზოგადოების ცნობიერებაში, ის ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება და ხშირად ქალი, რომელსაც ჩაგრავენ და რომელზეც ძალადობენ, როდესაც გადაწყვეტს საკუთარ ტკივილზე და გამოცდილებაზე საუბარს საზოგადოების გაკიცხვის ობიექტი ხდება. ხშირად ქალებმა არც კი იციან დასახმარებლად ვის მიმართონ და რაც ყველაზე მტკივნეულია სრულიად უიმედოდ უყურებენ სახელმწიფო ორგანოებს და მათგან დახმარებას არ ელიან.

აღსანიშნავია, რომ გამოვითხოვე ინფორმაცია საქართველოს მთავრობისგან, რომლითაც ვთხოვდი მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ საინფორმაციო კამპანიების შესახებ, რომელიც უკანასკნელი წლების განმავლობაში გაატარა სახელმწიფომ ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში ასახულია სხვადასხვა კონფერენციები და შეხვედრები რომელიც ჩაატარეს სახელმწიფო უწყებებმა, თუმცა სამწუხაროდ ჩატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შემოწმებას აღნიშნული უწყებები არ ატარებენ, შესაბამისად დოკუმენტში ნახსენები არ იყო კონკრეტული შედეგები და ჩატარებული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასება.

პარტია „მოქალაქეებს“ მიგვაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ გაატაროს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება მსხვერპლი ქალებისა და გოგონების შემდგომ გაძლიერებაზე. აუცილებელია პოლიტიკა მიმართული იყოს საზოგადოებრივი ცნობიერების შენებაზე, რომელიც მსხვერპლ ქალებს კი არ გაკიცხავს, არამედ გვერდში დაუდგება მათ. ამისთვის კი, მხოლოდ სადამსჯელო ზომების გამკაცრება არ კმარა, არამედ მნიშვნელოვანია შეიქმნას ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც ქალების, ასევე ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ. ვინაიდან, ძალადობის გამომწვევი მიზეზების კვლევის, ცნობიერებისა და ქცევის რეალური ცვლილების გარეშე, შეუძლებელი იქნება პოზიტიური შედეგების მიღწევა. აღნიშნულისთვის კი აუცილებელია სხვადასხვა უწყებების კოორდინირებული მუშაობა, ასევე სოციალური მუშაკების გაძლიერება და მათი რიცხოვნობის გაზრდა რეგიონების მიხედვით“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

ქეთევან თურაზაშვილის აღნიშნულ კომენტარს პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო