ნინო ჩხობაძე - მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი  უნდა იყოს - გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიძახდით, რომ ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება

მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს - ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, - ამის შესახებ "მწვანეთა მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „შუადღის სტუდია“ განაცხადა, რითაც შოვში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც ჩხობაძემ აღნიშნა, გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება.

„წინა ხელისუფლების პერიოდში, გეოლოგიის დეპარტამენტი გაუქმდა, დაიქსაქსა მისი ფუნქცია სხვადასხვა უწყებაში. ეს ასეთი მთიანი ქვეყნისთვის ნორმალური არ არის. წარმოიდგინეთ, სამაშველო სამსახური რომ გვყოლოდა ადგილზე, ტურისტული დიდი ცენტრია, ხომ შეიძლება არსებობდეს მაშველთა ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას ეტყვის, საით უნდა გაიქცნენ. ჩვენ მაშველებს, რომლებიც გმირულად იქცევიან და შიშველი ხელებით მუშაობენ, არ აქვთ ტექნიკა, რომელიც უნდა ჰქონდეთ, ვერტმფრენების რაოდენობა ცოტაა, მეტი უნდა იყოს. მთიანი ქვეყანა ვართ და ყველა მთის მუნიციპალიტეტში ერთი ვერტმფრენი მაინც უნდა არსებობდეს. გლობალური კლიმატური პირობების ცვლილებებიდან გამომდინარე, დიდი ხანია ვიძახდით, რომ ღვარცოფული მოვლენები გაძლიერდება. ვიცით, რომ ეს აუცილებლად მოხდება. როდესაც შოვის განვითარების გეგმა დაიდო, სად იყო რისკების შეფასება?! ხომ შეიძლებოდა ამის შეფასება“,- აღნიშნა ჩხობაძემ.

როგორც ჩხობაძე განმარტავს, რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა და ყველა ღვარცოფული მდინარეა.

"დიდი ხანია ასეთი დიდი მასა არ ჩამოუტანია მდინარეებს. ეს უპრეცედენტო მომენტი იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენს საუკუნეში, თუ არ გავიხსენებთ თბილისის ტრაგედიას, მეტი მასშტაბია. ეს ის პრობლემაა, რომელზეც გეოლოგები და გარემოსდამცველები ვსაუბრობთ, რომ ასეთი მოვლენები ჩვენთვის აღარ იქნება იშვიათი. ვიცით, რომ მთის ახალგაზრდა ეკოსისტემებია და ამას ძალიან სერიოზული მონიტორინგის სისტემის არსებობა სჭირდება. მუდმივი დაკვირვების ქსელი და მუშაობა, თუ როგორი გამაფრთხილებელი სისტემები უნდა არსებობდეს მოსახლეობისთვის. როდესაც რაღაცას ვგეგმავთ, გეოლოგიური მდგომარეობა უნდა შევაფასოთ, ყველამ კარგად ვიცით, რომ რაჭა სეისმურად აქტიური ზონაა, ვიცით, რომ ყველა ღვარცოფული მდინარეა. 5 ფაქტორი ერთდროულად დაემთხვა, რაც არასდროს მომხდარა. კლიმატური, მეტეოროლოგიური, გლაციოლოგიური, მეწყრული და ღვარცოფული”, - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 7 პირი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო