გია ცაგარეიშვილი - წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება, 5-დან 7  მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი - როგორ უნდა აღუდგე ამას წინ ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო

წარმოუდგენელია ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება. 5-დან 7 მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? - ამის შესახებ ჟურნალისტებს შოვში, სტიქიის ზონაში მყოფმა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა გია ცაგარეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ყველაფერი მოულოდნელად განვითარდა და მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე მასა რამდენიმე წუთში ჩამოვიდა.

„უამრავი მეწყერი, ღვარცოფი მინახავს, მაგრამ მსგავსი რამ არც წარმომედგინა თუ შეიძლებოდა. წარმოიდგინეთ, ქვა-ღორღის უზარმაზარი მასივია განფენილი, ფაქტობრივად, მთელი შოვის ტერიტორიაზე, წამოსული ნატანის სიმაღლე დაახლოებით 3-დან 5 მეტრამდეა, რომ წარმოიდგინოთ რამხელა მასშტაბებზეა საუბარი. ეს ყველაფერი მოხდა მყისიერად ანუ მოწყვეტის წერტილიდან ე.წ. კოტეჯების დასახლებამდე ეს მასა ჩამოვიდა რამდენიმე წუთში. დადასტურებულად შეგვიძლია გითხრათ ჩვენი ჰიდროლოგების, გლაციოლოგების და გეოლოგების მონაცემებზე დაყრდნობით (მათ რამდენიმეჯერ იფრინეს ვერტმფრენით ხეობაში), რომ იქ მოწყვეტილია ძალიან დიდი მყინვარი, უზარმაზარი ნაჭერი, რომელიც ძალიან სწრაფად დაეშვა დამრეც ფერდობზე, იყო რამდენიმე დაგუბება, დაგუბებამ გამოიწვია ის, რომ ნატანის მასა ერთი ასად გაიზარდა, შემდეგ ამან გახეთქა ეს ჯებირი და პირდაპირ დაბლობისკენ - პანსიონატისკენ, „სანსეტ შოვისკენ“, კოტეჯების დასახლებისკენ დაეშვა და წალეკა ყველაფერი, რაც კი გზაზე იყო. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს განვითარდა ძალიან მოულოდნელად, რამდენიმე წუთში, 3-5 წუთში ყველაფერი დასრულდა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება, გია ცაგარეიშვილის თქმით, ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

„ძალიან კარგად ვიცი, რისი აცილება შეიძლება და რისი არა. ამაზე ჩვენ ყოველთვის ხმამაღლა ვსაუბრობდით. იმ პრობლემებზეც ხმამაღლა ვსაუბრობთ ხოლმე, რომელიც თან ახლავს ამ პროცესების, ბუნებრივი კატასტროფების პრევენციას ქვეყანაში და ამ მიმართულებით ამ წლებში უამრავი რამ გაკეთდა. არ ვიქნები თვითრეკლამირებით და მთავრობის რეკლამირებით დაკავებული. ახლა ამის დრო ნამდვილად არავის აქვს, მაგრამ ამგვარი ბუნებრივი კატასტროფის აცილება არის წარმოუდგენელი. წარმოუდგენელია 5-დან 7 მილიონ კუბმეტრამდე ნატანია ჩამოტანილი. როგორ უნდა აღუდგე ამას წინ ან ამის პროგნოზირება როგორ უნდა მოახდინო? რეგიონში, მთელ ევროპაში უყურებთ რა მდგომარეობაა, ჩინეთში საშინელი სტიქიაა, ყველგან ჩვენ სამეზობლოში საშინელი სტიქიური მოვლენები ვითარდება, თურქეთში, ა.შ. პლანეტაზე დაწყებულია შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები. თუ ჩვენ გონს არ მოვეგებით, ძალიან მძიმე მომავალი შემიძლია ვუწინასწარმეტყველო ზოგადად პლანეტას და მის მოსახლეობას. ასეთი სტიქიური კატაკლიზმების წინააღმდეგ ბრძოლა, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია. კაცობრიობამ რაც დათესა, იმას იმკის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. რეგიონში კავკასიის მთელ ქედზე გაყოლებით, დაწყებული აფხაზეთიდან, დამთავრებული კასპიის ზღვამდე, კლიმატური ცვლილებებია. ძალიან დიდი კატაკლიზმებია დაწყებული, ბუნებრივი ფერდობების ჩამოშლა, ნიადაგების დეგრადირება, მყინვარების დნობა, აქ არის კატასტროფული შედეგი რამდენიმე კილომეტრში, თქვენ იხილეთ. ვფიქრობ, ამ მოვლენებზე ყურადღებაც უნდა გავამახვილოთ ამ მოვლენებზე და ყველანაირად შევეცადოთ, მეტ-ნაკლებად დავაზღვიოთ“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო