სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსის - კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და პრაქტიკულად შეუძლებელია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სტიქიური პროცესებისა და საინჟინრო გეოლოგიის სამმართველოს უფროსის, გიორგი გაფრინდაშვილის განცხადებით, სტიქია, რომელიც შოვში მოხდა, იყო გეოლოგიური და ჰიდროლოგიური კომპლექსური პროცესი.

მისი თქმით, ასეთი მასშტაბის კომპლექსური, სწრაფად განვითარებადი პროცესების წინასწარ პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

„ამ ეტაპზე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში არის ოთხი უბანი, სადაც ინსტალირებულია მეწყრული პროცესების მონიტორინგის სისტემები. ვიღებთ ინფორმაციას მეწყერის სხვადასხვა მახასიათებლის შესახებ. ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები. თუმცა, სამწუხაროდ, კომპლექსური ხასიათის, სწრაფად განვითარებადი სტიქიური პროცესების წინასწარ პროგნოზირება დიდ სირთულეს წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის და, პრაქტიკულად, შეუძლებელია”, - განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტო 2014 წლიდან, ინტენსიურად ავითარებს სტიქიურ პროცესებზე დაკვირვების სისტემებს.

ბოლო 3 წლის განმავლობაში, დასავლეთ საქართველოში განთავსდა 60-ზე მეტი მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური თანამედროვე, ავტომატიზებული დაკვირვების სისტემები.

მათი ცნობით, ქვეყნის მასშტაბით მუშავდება ბუნებრივი საფრთხეების რუკები და ინერგება მონიტორინგის და პროგნოზირების თანამედროვე სისტემები.

უწყების ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების მიერ დამუშავებული ინფორმაციის შედეგად, ცნობილია, რომ მდინარე ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი) განვითარებულ ღვარცოფს, ასეთი დიდი მასშტაბის პროცესს წარსულში ადგილი არ ჰქონია; შოვში ასეთი მოვლენა არ დაფიქსირებულა. განსხვავებით სოფ. გლოლას მიმდებარე ლოკაციისგან, მდ. ჭანჭახის მარცხენა შენაკად დღვიორასგან, სადაც ღვარცოფული პროცესების აქტიურობა ხშირია. სწორედ აღნიშნულ ლოკაციაზე მეწყერის საშიშროების შესახებ არის ინფორმაცია მოცემული გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ ყოველწლიურ გეოლოგიურ ბიულეტენში და არა მდინარე ბუბისწყალზე (ჭანჭახის მარჯვენა შენაკადი).

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს