შუადღით რაც იყო მონაცემები, არ შეცვლილა. 18 გარდაცვლილია ნაპოვნი, მათგან 12-ია იდენტიფიცირებული, თუმცა ახლაც გაემართნენ გარდაცვლილთა ახლობლები ქუთაისში, პროზექტურაში, ამოსაცნობად. ასევე, მიმდინარეობს 18 ადამიანის ძებნის ოპერაცია , - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სტიქიის ზონაში მუშაობს დიდი რაოდენობით ტექნიკა და მობილიზებულია მაშველები და თავდაცვის ძალები, რათა დროულად მოხდეს ყველა დაკარგული ადამიანის მოძიება.
„რაც შეეხება თავად ინფრასტრუქტურას, ძებნის სამუშაოები რომ იყოს უფრო ეფექტიანი, ორი სრულიად ახალი გზა მოეწყო. მდინარე ჭანჭახის მარცხენა სანაპიროზე გაიჭრა ახალი გზა, ვინაიდან მარჯვენა სანაპიროზე არსებული გზა დაიტბორა. გაიჭრა 700 მეტრი ახალი გზა, რომელიც მივიდა ე.წ. კალცის წყლის წერტილამდე. იქაც მიდის ძებნა, ვინაიდან იქ, როგორც წესი, დამსვენებლებისა და ტურისტების შეკრების ადგილი იყო.
ასევე, კურორტის გარშემო ახალი გზა გაიჭრა. დაახლოებით, 1,2კმ. სიგრძის, რომელიც თავისთავად ტექნიკის გადაადგილებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ასევე, ცოცხალი ძალისთვის, რომ ყველა მხრიდან იყოს მუშაობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.