გლოვის დღესთან დაკავშირებით, საგარეო უწყების, ასევე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ონის მუნიციპალიტეტში, კურორტ შოვში წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2023 წლის 7 აგვისტო, გლოვის დღედ გამოცხადდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისევე როგორც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს შოვში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ.
სახელმწიფო დროშები ასევე დაეშვება 8 აგვისტოს 00:00 საათიდან 9 აგვისტოს 00:00 საათამდე საქართველო-რუსეთის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.