ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2023

მამუკა არეშიძე - “ლამის წესად იქცა ნებისმიერი მოვლენის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა - ეს კატასტროფაა!”

“მდინარეების აუზები ძლიერადაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია, ტყეების 30% ეროზირებულია” - კიდევ სადაა სტიქიის განვითარების საფრთხე

ანდრო გოცირიძე - “რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!”

კლიმატოლოგების ახალი კვლევა საგანგაშოა - რა საფრთხე ემუქრება თბილი ოკეანურ დინებას, რომელიც ევროპის რბილ კლიმატს განაპირობებს

გიორგი გობრონიძე - “მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული”

* * *

მამუკა არეშიძე - “ლამის წესად იქცა ნებისმიერი მოვლენის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა - ეს კატასტროფაა!”

“უპირველესად სამძიმარს ვუცხადებ მთელ რაჭას, გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. საშინელება დატრიალდა... მომხდარის შემდეგ, ბევრი შეფასება და კრიტიკაც ისმის. ბევრი ლაპარაკია იმაზე, შეგვეძლო თუ არა ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ვფიქრობ, სტიქიას ძნელია წინ აღუდგე, მაგრამ მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინება და ჩვენი ქმედებების ისე დაგეგმვა, რომ სტიქიურ მოვლენებს ამდენი ადამიანი არ ემსხვერპლოს, ნაწილობრივ მაინც შესაძლებელია. მეც ვნახე გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის კვლევები, სადაც პირდაპირ წერია, შოვის ინფრასტრუქტურას საფრთხე ემუქრებაო, არა აქვს მნიშვნელობა, რომელი მდინარისგან, ხომ არაერთხელ ვნახეთ, რომ მდინარის ხეობაში, მით უფრო მთის მდინარეების, მშენებლობები ტრაგედიებით მთავრდება. ახლა მაინც გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და შესაბამისად ვიმოქმედოთ მშენებლობების დაგეგმვისას. არ შეიძლება ხდებოდეს ისეთი რამ, რაც რიკოთის უღელტეხილთან თუ თბილისში, ვაშლიჯვრის მონაკვეთთან ხდება. სიხარბეს არ უნდა გადავაყოლოთ ადამიანების სიცოცხლე და სახელმწიფოს სიმყარე”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ლამის წესად იქცა ნებისმიერი მოვლენის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა - ეს კატასტროფაა!”

“სამწუხაროდ, აშკარად ძალიან გვიჭირს სწორი დასკვნების გამოტანა, თანაც, როგორც ჩანს, ადამიანების სიხარბე მართლაც უსაზღვროა. სამწუხაროა, რომ არსებული რეგულაციები და გეოლოგიური სამსახური, რომელიც ძალიან ძლიერი იყო საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში, გასული საუკუნის ბოლოს მოიშალა, ყველაფერი დაინგრა. ის შენობები, რომლებშიც უმნიშვნელოვანესი სამსახურები იყო განთავსებული, გაიყიდა და მათ ადგილას საცხოვრებელი კორპუსები ააშენეს. რეგულაციების ერთი ნაწილი გაუქმდა სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც. ამ ყველაფერში ყველაზე მეტად საზოგადოების პასუხისმგებლობას ვხედავ - როდესაც ასეთი რამ ხდება, ასეთ დარგებს ანადგურებენ, მიდის უთავბოლო მშენებლობები, უნდა ამოვიღოთ ხმა, ტრაგედიიდან ტრაგედიამდე არ უნდა ვცხოვრობდეთ. ჩვენ შეგვიძლია მოვთხოვოთ ხელისუფლებას მიიღოს საჭირო გადაწყვეტილება და შექმნას საჭირო რეგულაციები თუ მონიტორინგის სამსახურები. მხოლოდ მთავრობისთვის ყველაფრის გადაბრალება და გაკრიტიკება ადვილია. ნუ გვავიწყდება, რომ მთავრობაშიც ამ საზოგადოების წევრები არიან”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ლეგიტიმური კითხვაა, რომ თუ წინა ხელისუფლების გააუქმა მონიტორინგის რეგულაციები, ამ მთავრობამ რომელიც ხელისუფლებაშია უკვე 11 წელიწადია, რატომ არაფერი შეცვალა? სამწუხაროდ, პოლიტიკურად ვისაც როგორ აწყობს, ისე ლაპარაკობს. დამნაშავეა ყველა ის უწყება, რომელთაც არაფერი გააკეთეს მომხდარის თავიდან ასაცილებლად. ამ შემთხვევაში მინდა ჩემი სოლიდარობა და მადლობა გამოვუცხადო ჩვენს მაშველებს, ზოგიერთმა მათკენაც სცადა ქვის სროლა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი წინაპრების სიბრძნე მაინც ხომ შეიძლება გავითვალისწინოთ? ისინი ბუნებას უფრთხილდებოდნენ როგორც შეეძლოთ, რათა სტიქიური პროცესების გააქტიურებისთვის არ შეეწყოთ ხელი. მახსოვს, ბაბუაჩემი რუს არ დააგუბებდა იმიტომ, რომ ამას შეიძლება მიწის ეროზია გამოეწვია. ეს ხომ პატარა ამბავია, მაგრამ მნიშვნელოვანი, რადგან ამაშიც ჩანს გლეხური სიბრძნე და საუკუნეების გამოცდილება. ახლა ეს გამოცდილებაც გაქრა, პროფესიონალიც ძალიან ცოტა შემოგვრჩა და სახლებიც შენდება იქ, სადაც არ უნდა აშენდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვერტმფრენების საქმეც უნდა მოეგვარებინათ აქამდე. სამაშველო სამსახური ბრწყინვალედ არის აწყობილი, პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული, მხოლოდ ტექნიკური საშუალებები აკლიათ. ნუ დავუკარგავთ მათ შრომას, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ზღვარზე მუშაობენ. საქართველო ისეთი რელიეფის ქვეყანაა, აქ ისეთი ბუნებრივი გამოწვევებია, რომ აუცილებელია მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი სამაშველო სამსახური. ყველაფერი უნდა გადაიდოს, ჩვენც ისეთივე ძლიერი ტექნიკა გვჭირდება, როგორიც შვეიცარიას აქვს. არავინ მითხრას, შვეიცარიას ვერ შევედრებითო. როდესაც საქმე ადამიანების სიცოცხლეს შეეხება, სახელმწიფომ ამისთვის უპირველესად უნდა გამოძებნოს თანხები, საქართველოს ისე არ უჭირს, რომ ერთი ვერტმფრენი მაინც არ ჰყავდეს ღამის ხედვის სპეციალური აღჭურვილობით. დიდი ამბავი ატყდა, რატომ შეაჩერეს ღამით ვერტმფრენის ფრენაო, მაგრამ მე როგორც სპეციალისტებმა მითხრეს, სწორედ იმიტომ, რომ ღამის ხედვის შესაძლებლობა არც ერთს არა აქვს და შესაბამისად, ღამე მუშაობის შემთხვევაში, შეიძლებოდა ახალი ტრაგედია დატრიალებულიყო”, - განმარტავს ექსპერტი.

“დიახ, ლამის ქართულ წესად იქცა, რომ ნებისმიერი მოვლენა პოლიტიკურ ჭრილში განიხილება. ეს კატასტროფაა! ვერც ერთი სახელმწიფო ვერ გაუძლებს გამოწვევებს და ვერ შეძლებს წინსვლას საზოგადოების კონსოლიდაციის გარეშე. ჩვენთან სასწაული ხდება - ნებისმიერი პრობლემა ეგრევე დაპირისპირებას იწვევს. ის ნაპრალი, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, კიდევ უფრო მეტად ფართოვდება. მოგეხსენებათ, არაერთხელ მოვუბოდიშე საზოგადოებას გასული საუკუნის 90-იანი წლების მოვლენებში მონაწილეობის გამო. ბოდიშს იმიტომ ვიხდი, რომ თვალნათლად დავინახე, საზოგადოების გახლეჩამ და დაპირისპირებამ რა მოიტანა. ის ჭრილობა, რომელიც მაშინ გაჩნდა, დღემდე შეუხორცებელია და მას ახალ-ახალი ემატება. ვერაფრით ვერ შეივსო, ვერც ომმა, ვერც უბედურებამ ვერ მოაშუშა ბოლომდე. ისეთი პოლიტიკური ძალაც ვერ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში, რომელიც კონსოლიდაციაზე იზრუნებდა. სხვათა შორის, “ქართულ ოცნებას” თავიდან ჰქონდა ამის ცდა, თუმცა ამან მახინჯი ფორმა მიიღო ამ ე.წ. კოაბიტაციის სახით, თან მეორე მხარემაც ვერ დაინახა ეს და არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯი. ნელ-ნელა უფრო გაუარესდა ვითარება და დღეს მივიღეთ სიტუაცია, როდესაც პოლიტიკური ოპონენტები და მათი მხარდამჭერები ერთმანეთის ლანძღვა-გინების მეტს არაფერს აკეთებენ”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე.

“ხშირად კითხულობენ, რატომ მიდიან საქართველოს მოქალაქეები უცხოეთშიო. უმრავლესობა სოციალური მდგომარეობის გამო მიდის, მაგრამ არაერთი მიდის იმიტომ, რომ ამ გარემოში ცხოვრება აღარ შეუძლია. აქ ხომ სასწაულად ნეგატიური ფონია, ერთმანეთთან დაპირისპირება, გინება, გაუტანლობა და ა.შ. ყველაფერს პოლიტიკურ შინაარსს ვაძლევთ. წარმოუდგენელი ვითარებაა.... ასეთი ტრაგედიის დროს როგორ შეიძლება ტყუილების ლაპარაკი?! რა საჭირო იყო იმის მოგონება, რომ თურმე კალაძემ წინასწარ იცოდა და თავისი შვილები ვერტმფრენით გამოარიდა საფრთხეს? თავის მხრივ, ხელისუფლების ზოგიერთი წევრის განცხადებებიც არანაკლებ მიუღებელი და არასწორი იყო. მახსოვს, 2008 წლის ომის დროს ოპოზიციამ ერთხმად განაცხადა, რომ აცხადებდა მორატორიუმს ხელისუფლების კრიტიკაზე, რამაც საზოგადოებაში ძალიან დადებითი რეაქცია გამოიწვია. ახლაც უმჯობესი იქნებოდა, ვიდრე ასეთი მძიმე დღეებია, ოპოზიციაში ეთქვათ, რომ ოპონირებას წყვეტენ დროებით და შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის დახმარება. კრიტიკის ნაცვლად თავიანთი ინიციატივები შეეთავაზებინათ ხელისუფლებისთვის და ეს ამომრჩეველზეც კარგად იმოქმედებდა. კრიტიკა და საქმის გარჩევა ამ მძიმე დღეების მერე შეეძლოთ გაეგრძელებინათ”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“რაც შეეხება რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას, რომ თურმე “საკმაოდ მიღწევადია” საავტომობილო და სარკინიგზო ტრანზიტის დაწყება ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით, ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ დარჩება ხელისუფლებაში, თუ განსაკუთრებული დივიდენდების გარეშე მიიღებს რუსეთისგან ასეთ წინადადებას. ვგულისხმობ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქვე ვიტყვი, რომ ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს მუშაობა, ისე კი არა, ქაღალდზე რომ დარჩეს. რუსეთის ნდობა არაფრით არ შეიძლება. გაგახსენებთ, რუსეთის მსო-ში გაწევრებისთვის მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტრანზიტული ტვირთების მოძრაობა შვეიცარიულ კომპანიას უნდა შეემოწმებინა. მიუხედავად არაერთი მცდელობისა, შეხვედრებისა და ლაპარაკისა, ეს დოკუმენტი ქაღალდად დარჩა. ვერავითარი გზა ვერ ამუშავდება, თუ საქართველო მნიშვნელოვან პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან მოგებას არ ნახავს. ვიმეორებ, არ შეიძლება რუსების ნდობა, მათ არაერთხელ მოგვატყუეს და გადაგვაგდეს”, - ამტკიცებს ექსპერტი.

“უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა ხდება მსოფლიოსა თუ რეგიონში. დღეს გეოპოლიტიკური ფაქტორები რუსეთის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაში. რუსეთმა თავისი იდიოტური პოლიტიკით იმდენი ქნა, რომ ამხელა პაუზის შემდეგ თურქეთი დაბრუნდა რეგიონში როგორც დიდი მოთამაშე და სამხედრო-პოლიტიკური ერთეული. ახლა სულ თავში ირტყამენ ხელს კრემლში, მაგრამ რაღა დროს. თურქეთს თავისი ამბიციები და ინტერესები აქვს ცენტრალურ აზიასა და ჩვენს რეგიონში. დღეს ის ამ რეგიონებში მთავარ მოწინააღმდეგედ რუსეთს კი არა, ჩინეთს განიხილავს. მაისში იყო საინტერესო პროცესი, ჯერ თურქებმა გამართეს თურქული სამყაროს ქვეყნების შეხვედრა, სადაც ლაპარაკი იყო გეგმებზე და გამოითქვა საერთო სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნის იდეა, ერთი კვირის მერე კი იმავე ქვეყნების მონაწილეობით თითქმის იმავე თემაზე კონფერენცია უკვე ჩინეთმა ჩაატარა. ამ ქვეყანას უფრო დიდი გავლენა აქვს ცენტრალურ აზიაში, სადაც თურქეთს იდეოლოგიური გავლენით კი ჩამორჩება, მაგრამ ფინანსურ-ეკონომიკურით ძლიერ უსწრებს. რუსეთს რეგიონში ძალიან რთული მდგომარეობა აქვს. ამიტომ სჭირდება სამხრეთკავკასიურ პოლიტიკაში დაბრუნება და ამიტომ აქტიურობს საქართველოს მიმართულებით”, - თვლის მამუკა არეშიძე.

“დღეს კრემლში ცდილობენ გადახედონ ჩვენთან ურთიერთობის ბოლო წლებში ჩამოყალიბებულ პოლიტიკას, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ეს დიდად ეფექტიანი ვერ არის მათივე იმპერიული ხედვის გამო. ამიტომ გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე. დღეს საქართველოზე როგორც რუსეთიდან, ისე დასავლეთიდან დიდი ზეწოლაა. მნიშვნელოვანია შექმნილი ვითარების შეფასება და სწორი დასკვნების გამოტანა. სიფრთხილე გვმართებს ჩინეთთანაც, ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის მახეში არ უნდა გავებათ. ახლა საჭიროა ამდენი ქვეყნის ინტერესების დაბალანსება და სწორი პოლიტიკის გატარება, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ამის დიდი იმედი მაქვს. პოლიტიკური სიბრძნის დემონსტრირებაა საჭირო. ძალიან ცუდია, რომ არა გვაქვს ძლიერი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მხოლოდ ვითარებას კი არ შეაფასებდნენ, არამედ სწორ დასკვნებს გამოიტანდნენ და ასევე შეისწავლიდნენ ჩვენი მოწინააღმდეგეების მენტალობას. ვფიქრობ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით სწორ დროს დაიგეგმა ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტი, ვერ გეტყვით, რომ ჩინეთში ხელმოწერილი დოკუმენტი უნაკლოა, მაგრამ დრო სწორად იყო შერჩეული და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. სწორი პოლიტიკის წარმართვის შემთხვევაში, როცა გეოპოლიტიკური ვითარება ხელს გიწყობს, მიუხედავად დიდი ქვეყნების გავლენებისა, შესაძლებელია შენი ინტერესები ისე გაატარო, რომ სხვისი არ შელახო”, - დასძენს არეშიძე.

“მდინარეების აუზები ძლიერადაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია, ტყეების 30% ეროზირებულია” - კიდევ სადაა სტიქიის განვითარების საფრთხე

“სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე თელავია. საფრთხის ქვეშაა ახმეტა, ბაკურციხე, კისისხევი, წინანდალი და სხვა დასახლებები. ტყის ეროვნულმა აღრიცხვამ აჩვენა, რომ ტყეების დაახლოებით 30% ეროზირებულია. მდინარეთა აუზებს თავიანთი ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი აქვთ დაკარგული. საფრთხეა, რომ ასეთი სტიქია ბევრგან განვითარდეს - ამის შესახებ “რეზონანსთან” კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორმა რეზო გეთიაშვილმა განაცხადა. გეთიაშვილის თქმით, მისმა ორგანიზაციამ კახეთში საფუძვლიანი კვლევა ჩაატარა, თუმცა საფრთხის ქვეშ არის ასევე აჭარა, ზემო სვანეთი, და დუშეთი, რის აღმოსაფხვრელად კომლექსური მუშაობაა საჭირო. მისივე შეფასებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული დასკვნები უფრო წონიანი და ალბათ სავალდებულო უნდა გახდეს და სარეკომენდაციო ხასიათს აღარ ატარებდეს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “მდინარეების აუზები ძლიერადაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია, ტყეების 30% ეროზირებულია” - კიდევ სადაა სტიქიის განვითარების საფრთხე.

“სამწუხაროდ ბევრგან ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ღვარცოფული მდინარეებია, რომლებმაც შესაძლოა სტიქია გამოიწვიოს და ეს ემუქრებოდეს როგორც მსხვილ რეგიონულ ცენტრებს, ასევე პატარა დასახლებებს. გასულ წლებში ჩვენი ორგანიზაცია კახეთსა და სხვა რეგიონებში კვლევებს ატარებდა, უფრო კონცენტრირებულები კახეთზე ვიყავით - სამწუხაროდ, სერიოზული საფრთხის წინაშე თელავია. გარკვეული ღონისძიებები ტარდება, მაგრამ ეს საკმარისი არაა. საფრთხის ქვეშაა ახმეტა, ბაკურციხე, კისისხევი, წინანდალი და სხვა დასახლებები. მდინარეების აუზები ძალიან ძლიერაა დეგრედირებული, მეწყრული პროცესებია. სამწუხაროდ ტყის ეროვნულმა აღრიცხვამაც აჩვენა, რომ ტყეების დაახლოებით 30% ეროზირებულია. მდინარეთა აუზებს თავიანთი ბუნებრივი ჰიდროლოგიური რეჟიმი აქვთ დაკარგული. საფრთხეა, რომ ასეთი სტიქია ბევრგან განვითარდეს. მსგავსი საფრთხე არის აჭარაში, ზემო სვანეთში, ასევე რამდენიმე კვლევა გვაქვს დუშეთის მიმართულებით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რეზო გეთიაშვილი.

“რა ლოკაციებიც შევარჩიეთ, ყველგან ძალიან მძიმე მდგომარეობა დაგვხვდა, მაგრამ სიღრმისეულად კახეთი გამოვიკვლიეთ. საფთხე ყველგანაა, ამას შესწავლა სჭირდება. რაჭის შემთხვევამ დაგვანახა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოსთვის მეტი ფინანსური რესურსია საჭირო. მონიტორინგი რომ გახორციელდეს, ამას კვალიფიციური კადრი სჭირდება, რომელიც ამ პროცესში მუდმივად იქნება ჩართული. ამ უწყების სერიოზული გაძლიერებაა საჭირო. ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული დასკვნები და რეკომენდაციები უფრო წონიანი და ალბათ სავალდებულო უნდა გახდეს. ეს მხოლოდ სარეკომენდაციო და ნებაყოფლობითი არ უნდა იყოს, და შემდგომი რეაგირება უნდა მოჰყვეს, პირველ რიგში ეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეხება. მას უფრო მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია სჭირდება სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, კერძოდ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან იმისთვის, რომ ის შეფასებები, რომელიც კეთდება, მყისიერად იყოს გაზიარებული და შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. კოორდინაციის დეფიციტია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შოვის სტიქიის სისტემური ანალიზი აუცილებელია, როგორც ფაქტორების, პირობების, ასევე შედეგის, შემდგომი რეაგირებისა და მისი აღმოფხვრის თვალსაზრისით. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს უნდა იყოს სისტემური, რომ ჩვენ ზუსტად გამოვავლინოთ ყველა ის ხარვეზი, რომელიც არსებობს. ამის ზეპირად საუბარს სჯობს, რომ შეთანხმება მოხდეს და მთავრობამ ახლავე გამოაცხადოს მზაობა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. ფაქტია, რომ სისტემა გამართულად არ მუშაობს. კახეთზე არსებობს კვლევები, მძიმე მოცემულობაა და უკვე იმაზე ვართ დამოკიდებული, რომ ძლიერი წვიმა არ მოვიდეს, ანომალიურმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა მომწიფებული და გამზადებული კატასტროფული მოვლენები არ დაძრას და ადამიანები მასში არ მოჰყვნენ. ამაზე ჯერჯერობით საკმარის მზაობას და რეაგირებას ვერ ვხედავ. საჭიროა ერთად დასხდეს ყველა ის ორგანო, რომელიც ბუნებრივი კატასტროფების მართვაში არიან ჩართულები და ხარვეზები ყველამ ერთად შეაფასოს და შეისწავლოს”, - გარემოსდაცვითი პროგრამების კოორდინატორი.

“რაც შეეხება შოვს, ძნელია ახლა შესაბამისი კვლევის გარეშე უშუალოდ ვთქვათ შოვში კიდევ რა მოხდება, მაგრამ სადაც კვლევებია ჩატარებული, იქ მაინც უნდა მოხდეს რეაგირება. კლიმატის ცვლილება რა თქმა უნდა სტიქიურ უბედურებებს ამძაფრებს, მისი უარყოფითი შედეგების გამოკვეთილი ნაწილი სწორედ სტიქიური პროცესების გააქტიურებაა. ზუსტად ამან მოიტანა ის, რომ ციკლურობა შემცირდა და ასეთი ანომალიები არა ათ წელიწადში ერთხელ გვაქვს, არამედ უფრო ხშირად. არ გამოვრიცხავ, რომ მომავალში დროის შუალედი უფრო შემცირდეს. სტიქიური მოვლენები კლიმატის ცვლილების შედეგია, მაგრამ მარტო ამისკენ ხელს ვერ გავიშვერთ, რადგან პარალელურად ბევრი ფაქტორია, რომელიც საბოლოო ჯამში ასეთ უბედურებებს იწვევს, მათ შორის განაშენიანება, ბუნებრივი რესურსებისა და პირველ რიგში ტყეების არამდგრადი მართვა, რადგან ტყეების 30% ეროზირებულია და ა.შ.” - დასძენს რეზო გეთიაშვილი.

ანდრო გოცირიძე - “რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!”

“საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქამდეც ჰქონდა გაფორმებული და ამ ურთიერთობის გაღრმავება, რა თქმა უნდა, დადებითი მოვლენაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩინური პროდუქცია რუსეთის გავლით ვეღარ ხვდება დასავლეთის ქვეყნებში. მეორე მხრივ, კითხვა გააჩინა `სტრატეგიულმა პარტნიორობამ~, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის კონკურენციაა, ამიტომ მნიშვნელოვანი იყო გვცოდნოდა, რას გულისხმობს ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობაში. ჩინეთისათვის ეს არ ნიშნავს სამხედრო ბლოკს ან უსაფრთხოების საკითხებში დახმარებას. ასეთი პარტნიორობა ჩინეთს ძალიან ბევრ ქვეყანასთან აქვს და სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში ამაში ცუდი არაფერია. მას შემდეგ, რაც კომუნიკე გამოქვეყნდა, დამრჩა­ შთაბეჭდილება, რომ ის აშკარად ჩინელი დიპლომატების მომზადებულია და მასში­ საქართველოს პრობლემატიკა ან არა აქვს ფართოდ გაშუქებული, ან უბრალოდ, სახელმწიფომ ვერ დაიცვა საკუთარი ინტერესები”, - აცხადებს უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ანდრო გოცირიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

“მაგალითად, როცა საუბარია ერთიანი ჩინეთის ცალსახა აღიარებაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბარი ძალიან გაკვრითაა. ჩინეთი არ გამოირჩევა რუსეთისადმი ხისტი პოლიტიკით, მათ შორის არაღიარების პოლიტიკითაც. ის ხშირად თავს იკავებს ოკუპაციის დამგმობ და ლტოლვილების დაბრუნების რეზოლუციებზე საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუ კომუნიკეში ჩვენი მხრიდანაც შევიდოდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ განცხადება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რა იგულისხმება, რომ საქართველო გაითვალისწინებს ჩინეთის მოდერნიზაციის გამოცდილებას და ჩინური მმართველობის სისტემას ხედავს როგორც ახალ გზას მსოფლიოში. ჩინეთი არის ერთპარტიული, ავტოკრატიული სახელმწიფო, საქართველოს კი დეკლარირებული აქვს ევროპული დემოკრატიის გზა, ამიტომ ეს ორი რამ ერთმანეთთან რამდენადაა თავსებადი? არ ვფიქრობ, რომ ეს დიდი მნიშვნელობის ხელშეკრულებაა. უბრალოდ, ტერმინი “სტრატეგიული პარტნიორობა” გვაბნევს. ვფიქრობ, ეს ჩინური ინიციატივაა, რადგან ბოლო პერიოდში ჩინეთი, განსაკუთრებით რუსეთის დასუსტების ფონზე, ცდილობს გამოვიდეს ზესახელმწიფოს, მსხვილი მსოფლიო აქტორის როლში და ჩაერთოს მსოფლიო პროცესებში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ანდრო გოცირიძე.

“არა მგონია, ჩინეთი იმხელა მნიშვნელობას ანიჭებდეს საქართველოს, რომ რუსეთთან ერთად რაღაც თამაშებში იყოს ჩართული - ეს საქართველოს მნიშვნელობის გაზვიადება იქნებოდა. საქართველოსთან დღევანდელი ურთიერთობით ამას რუსეთი ისედაც ახერხებს. საფრთხის შემცველი უფრო შეიძლება იყოს ის, რომ ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერების ფონზე (როდესაც კომუნიკეში საუბარია იმაზე, რომ ერთმანეთის ეკონომიკის განვითარებაში ჩინეთი წვლილს შეიტანს და საკუთარ სახსრებს შემოიტანს), შეიძლება ჩინურ კომპანიებს შემოჰყვეს იაფფასიანი ჩინური მუშახელი, რომელიც კონკურენციას გაუწევს საქართველოში ისედაც გაპრობლემებულ მუშახელს; ასევე პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგალითად, ტაივანის საკითხის გამო, ამ მხრივ საქართველოს პოზიციის სწორი ფორმულირება შესაძლებელია, თუმცა ამას პარტნიორებთან კონსულტაციები უნდა ახლდეს თან და არა კონფრონტაციული რიტორიკა”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“კიდევ ერთი, რაც შეერთებულ შტატებთან პარტნიორობასთან შესაძლოა არ იყოს თავსებადი, არის ჩინეთთან ტექნოლოგიების საკითხში თანამშრომლობა, განსაკუთრებით 5G-ის დანერგვასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ვინაიდან ამერიკასა და ჩინეთს სერიოზული კონკურენცია აქვთ - ამერიკა ეწინააღმდეგება ამ ტექნოლოგიის დანერგვას დასავლეთში, რადგან ეს უსაფრთხოების რისკებთანაა დაკავშირებული. საფრთხედ შეიძლება ისიც განვიხილოთ, რომ ჩინეთი რეალურად (და არის ამის მაგალითები) გაცემულ კრედიტს, ინვესტიციებს პოლიტიკური წინაპირობების წამოსაყენებლად, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. შემდეგ ამ ჩინურ ინვესტიციებს შეიძლება მოჰყვეს ერთიანად სახელმწიფოს დაკაბალება. აფრიკაში, აზიასა თუ ბალკანეთში ამის არაერთი მაგალითი არსებობს... რჩება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტზე უფრო კარგად იმუშავა ჩინეთის, ვიდრე ქართულმა მხარემ. საინტერესოა, რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ხელისუფლებას - შესაძლოა საქართველოს ხელისუფლება პარტნიორებს ეძებს იმგვარ ქვეყნებში, რომლებიც არ ზღუდავენ ავტოკრატიას, პარტიის მუდმივად ყოფნას ხელისუფლებაში. მათ მოსწონთ ეს მოდელი და, შესაბამისად, ამგვარ სახელმწიფოშიც კი განუსაზღვრელ ინვესტიციებს დებენ”, - განმარტავს ექსპერტი.

“ვფიქრობ, კომუნიკეზე დასავლეთის რეაქცია მწვავე არ იქნება, არავინ გაგვაკრიტიკებს, მაგრამ ყურადღებით დააკვირდებიან, რაში გადაიზრდება ეს თანამშრომლობა. თუ იმგვარ ქმედებებში გადაიზარდა, რაც დასავლურ ინტერესებს ეწინააღმდეგება, რეაქცია იქნება. თუ ამ თანამშრომლობამ გამოიწვია ჩინური ინვესტიციით საქართველოს დაკაბალება, ეს არის საქართველოს პრობლემა და ამაზე მწვავე რეაქცია არ იქნება. სახელმწიფო თავად იღებს სუვერენულ გადაწყვეტილებებს. შესაძლოა იყოს რჩევები, გაფრთხილება, მაგრამ საქართველოს საშინაო საქმეებში არავინ ჩაერევა... ჩინეთის პოლიტიკა მარტივია - ის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაძლევს უზარმაზარ ინვესტიციებს, რისთვისაც შემდგომ გთხოვს პოლიტიკურ ლოიალურობას და პირდაპირ ყიდულობს აბსოლუტურად ყველაფერს, ანუ გირაოში მიაქვს მთელი სახელმწიფო. მის აღურიცხავ კაპიტალს მოჰყვება პოლიტიკური წინაპირობები, კაბალური, დაურეგულირებელი შრომითი ურთიერთობები, რისკები შრომის უსაფრთხოებაში, კორუფციული ინტერესები და სხვა. ნებისმიერი ჩინური პროექტი, რო­მელსაც ოფიციალური პეკინის ხედვით, გლობალური მნიშვნელობა აქვს, მიმართულია ნატოსა და ევროკავშირის გავლენის შემცირებისკენ. ეს არის ჩინური პროექტების სპეციფიკა”, - ამბობს ანდრო გოცირიძე.

“მიუხედავად ამისა, შესაძლოა საქართველოს ამ პროექტებისგან ჰქონდეს ეკონომიკური სარგებელი. კარგი მმართველობის, პარტნიორებთან კონსულტაციების შემთხვევაში შეიძლება ამგვარ პროექტებში მონაწილეობა. ყველაზე მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯები, სხვადასხვა ტიპის თანამშრომლობა და ხელშეკრულებები შეიძლება გქონდეს ყაზახეთთანაც, ჩინეთთანაც და ა.შ. ერთადერთი, არ შეიძლება თანამშრომლობა გქონდეს რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას ახდენს. საგარეო პოლიტიკური კურსის მიხედვით, ჩინეთი ჩვენთვის განიხილება მეგობარ ქვეყნად და არანაირი პრობლემა არ არის მასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობისთვის, თუმცა მთავრობას გონივრული პოლიტიკის წარმართვა მართებს, რამდენად არის ეს თანამშრომლობა საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი ქოლგის - დასავლური ინტეგრაციის პროცესების შემაფერხებელი. იგივე ითქმის ეკონომიკურ მდგენელზეც: ამ დოკუმენტზე დაყრდნობით მოზიდულ ინვესტიციებში თუ იქნება გამჭვირვალობა, არ იქნება პოლიტიკური წინა პირობები, კორუფციული გარიგებები, ეს საქართველოს წაადგება, რადგან ინვესტიციები ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა”, - მიიჩნევს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “დღეს უმთავრესად რა საფრთხეების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?” - პასუხობს:

“როგორც ადრე, ახლაც საქართველოსთვის ყველაზე საფრთხის შემცველია რუსეთში მიმდინარე პროცესები, დაწყებული უკრაინასთან ბარბაროსული ომით, დასრულებული თავად რუსეთში მიმდინარე პროცესებით. რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდა, შესაბამისად, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ეს პერიოდი გამოეყენებინა უსაფრთხოების ქოლგის შესაქმნელად, პარტნიორებთან ალიანსების დასამყარებლად და უსაფრთხოების გარანტიების მისაღებად. ეს პერიოდი შიდაპოლიტიკური მიზნების გამო გაიფლანგა და ახლა საქართველო დასავლეთთან იმდენად კონფრონტაციაშია, რაც არ მახსოვს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - 1991 წლიდან. ამიტომ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრული საქართველოსთვის ორი მხრივ შეიძლება სახიფათო იყოს -აღარ განვიხილავ რუსეთის გამარჯვებას. მაგრამ რუსეთმა ომი თუ დაასრულა რუსეთ-უკრაინის 1991 წლის საზღვრებში, მაშინ ეს მისთვის ბიძგი იქნება უფრო აქტიურად იმუშაოს საქართველოს “მისაერთებლად”, მით უმეტეს, როცა აქ ამისთვის საჭირო ეკონომიკური ბერკეტები უკვე აქვს”.

“ამ გამოწვევას საქართველო შეხვდება პარტნიორებთან კონფრონტაციული რიტორიკის ფონზე, განსაკუთრებით უკრაინასთან გვაქვს გართულებული ურთიერთობა. ამას ერთადერთი მიზეზი აქვს: მმართველ პარტიას მუდმივად ან დიდი ხნით სურს ხელისუფლებაში ყოფნა, რაც არათავსებადია დასავლეთთან და იწვევს მასთან კონფრონტაციას. ამით კარგად სარგებლობს რუსული დაზვერვა, რომელსაც, როგორც ჩანს, მასშტაბურად აქვს მეტასტაზები გადგმული ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და უფრო და უფრო აღრმავებს ძირგამომთხრელ საქმიანობას დასავლეთთან. შესაბამისად, საქართველოსა და პარტნიორებს შორის ახლა საუბარი იმაზე კი არ მიმდინარეობს, როგორ გადარჩეს ომს საქართველო, არამედ იმაზე, თუ რა ცუდია დასავლეთი, როგორ გვართმევენ სუვერენიტეტს და მას როგორ იცავს საქართველო დასავლური სამყაროსგან. ეს არის სწორედ რუსული `ეფ-ეს-ბეს~ სახელმძღვანელო და სამწუხაროა, რომ ამ მესიჯბოქსით მსოფლიოში მხოლოდ რუსული ელიტა და ქართული მმართველი პარტია საუბრობენ. ეს გარემო წარმოშობს ყველაზე მეტ საფრთხეს საქართველოსთვის”, - დასძენს ანდრო გოცირიძე.

კლიმატოლოგების ახალი კვლევა საგანგაშოა - რა საფრთხე ემუქრება თბილი ოკეანურ დინებას, რომელიც ევროპის რბილ კლიმატს განაპირობებს

“რამდენიმე დღის წინ გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ “ნეიჩერზში” გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეულმა ყინულის დნობამ არქტიკასა და, განსაკუთრებით, გრენლანდიაში 2025 წლისთვის შეიძლება ჩრდილოეთ ატლანტიკაში დინების გაქრობა გამოიწვიოს, რასაც კატასტროფული შედეგი მოჰყვება ევროპისა და ჩრდილოეთი ამერიკის კონტინენტისთვის. საუბარია დინებაზე, რომელსაც კარიბის ზღვის აუზიდან ჩრდილოეთ ევროპისკენ თბილი წყალი მიაქვს და უკან, პირიქით, ცივ არქტიკულ წყალს აწვდის. და, თუ ეს დინება მოულოდნელად შეჩერდა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ ჩრდილოეთ ამერიკას ჯერ არნახული ძალის ტორნადოები ემუქრება, ჩრდილოეთ ევროპას კი ტემპერატურის უეცარი დაცემა და ის პრაქტიკულად გამყინვარების ზღვრამდე მივა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კლიმატოლოგების ახალი კვლევა საგანგაშოა - რა საფრთხე ემუქრება თბილი ოკეანურ დინებას, რომელიც ევროპის რბილ კლიმატს განაპირობებს.

“ამასთან, კლიმატოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს გარდაუვალი სცენარი არ არის და უფრო დიდია ალბათობა, რომ ასეთი კლიმატური კატასტროფა 21-ე საუკუნეში არ მოხდება. მიუხედავად ამისა, აღიარებენ, რომ საფრთხე რეალურია და მისი უგულვებელყოფა სწორი არ იქნება. ამასთან, არავინ იცის, ზუსტად როდის მოხდება ეს და საერთოდ, მოხდება თუ არა. პენსილვანიის უნივერსიტეტის კლიმატის მკვლევარი, მაიკლ მენი გამოცემა “აქსიოსთან” აცხადებს - “ვფიქრობ, ამ კვლევის ავტორები ჭეშმარიტებასან ახლოს არიან და საუბარი უფრო ათწლეულებზეა, ვიდრე საუკუნეებზე”. ბოლო წლებში სხვადასხვა კვლევამ აჩვენა, რომ უკანასკნელი 1000 წლის განმავლობაში ჩრდილოატლანტიკური დინება მნივნელოვნად შესუსტდა. ამასთან, მეცნიერებმა ზუსტად ისიც არ იციან, ამის მიზეზი რა არის. რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მიზეზი შეიძლება იყოს არქტიკული “ყინულის ქუდის” დნობის შედეგად მტკნარი წყლის შემოდინება, მათ შორის გრენლანდიის მყინვარების შემცირება და ნალექების გაზრდა - ორივე გლობალური დათბობის შედეგია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ატლანტიკის მერიდიანალური ცირკულაცია”, როგორც ზემოთაღნიშნულ დინებას მეცნიერები უწოდებენ, მნიშვნელოვნად არბილებს კლიმატს ევროპაში. კერძოდ, პარიზი მონრეალზე უფრო ჩრდილოეთით მდებარეობს, თუმცა ამ დინების გამო იქ ზამთარი ბევრად უფრო თბილია, წერს “იაჰუ ნიუსის” რედაქტორი ბენ ადლერი. კიდევ უფრო მეტად არის დამოკიდებული ამ დინებაზე ბრიტანეთი და ირლანდია. მკვლევარებმა ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მონაცემების შესაბამისად, რომლებიც 1870 წლიდან აღირიცხება, შეაფასეს ჩრიდლოატლანტიკური დინების დინამიკა დროთა განმავლობაში. მისი თანდათანობითი შესუსტების პროგნოზით, ივარაუდეს, რომ ის ალბათ, 2025-2095 წლებში დასრულდება, ყველაზე სავარაუდო თარიღი კი საუკუნის შუა წლებია. მანამდე კვლევები ნაკლებად შიშისმომგვრელ შედეგებს იძლეოდა და მიიჩნეოდა, რომ უახლოესი 300 წლის განმავლობაში დინების შეწყვეტის ალბათობა მიზერული იყო...” - დასძენს გამოცემა.

გიორგი გობრონიძე - “მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული”

“ასეთი დიდი რაოდენობით რუსული კომპანიების საქართველოში დარეგისტრირება ნამდვილად არის ეკონომიკური ექსპანსიის საფუძველი, მაგრამ მე არ ვიცი, რუსეთს ეს საკითხი სახელმწიფო დონეზე აქვს თუ არა აყვანილი. ერთი რამ კი ცხადია, მოსკოვი საკუთარი მოქალაქეების საქართველოში გამომგზავრებას და მათ მიერ ბიზნესების დარეგისტრირებას ხელს არ უშლის. მეტიც, ხელსაც უწყობს. ამაზე მეტყველებს ავიამიმოსვლის აღდგენა, უვიზო რეჟიმის შემოღება და ა.შ. ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ არა გვაქვს შემუშავებული რუსეთთან ურთიერთობის რაიმე სახის პოლიტიკა. დიდი ხნის წინ უნდა მიგვეღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულებას მნიშვნელოვნად შეამცირებდა. თუმცა საქმის ნაცვლად ურთიერთბრალდებები გვესმის”, - აცხადებს საერთაშორისო საკითხების ექსპერტი, რუსეთის სპეციალისტი გიორგი გობრონიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული”.

“შევარდნაძის ხელისუფლებას თავი დავანებოთ, იმაზე ლაპარაკი აღარც ღირს, რომ “ნაცმოძრაობის” დროსაც ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც სტრატეგიული ობიექტები, ენერგეტიკული თუ სატრანსპორტო, პირდაპირ გადადიოდა რუსი ინვესტორების ხელში. სააკაშვილმა ომიდან ორი წლის შემდეგ ცალმხრივად დააწესა რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმი და დღემდე ასეა. თანამიმდევრულად არაკომპეტენტური პოლიტიკა ჰქონდა და აქვს ორივე ხელისუფლებას რუსეთთან. ნაცვლად იმისა, მთავარი საფრთხის წყაროზე ანუ რუსეთზე დამოკიდებულება შეგვემცირებინა, გავზარდეთ! ოპოზიციის შიში გამართლებულია, მაგრამ ამ უთავბოლო პოლიტიკას საფუძველი წინა ადმინისტრაციის დროს ჩაეყარა. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს პოლიტიკა ამჟამინდელი ადმინისტრაციის ხელშიც არ შეცვლილა. ლოგიკურია, რომ რუსული კომპანიების დარეგისტრირების მაჩვენებლები გაიზარდა და კიდევ გაიზრდება, იმიტომ, რომ რუსეთის ძალიან ბევრი მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, თბილისის ცენტრი, პრაქტიკულად, აითვისეს. ამ დროს კი რას ვისმენთ პოპულისტური ჯგუფებისგან? ზღაპრებს თურქულ ექსპანსიაზე, ჰიპოთეზურ­ საფრთხეებზე და ა.შ. ამასობაში, ნელ-ნელა დამოკიდებული ვხდებით ქვეყანაზე, რომლისთვისაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა მიუღებელია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი გობრონიძე.

“რუსული ფულის შემოსვლასთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მკვიდრდება რუსული ბიზნესის კეთების ეთიკა და საზოგადოდ, რუსული ქცევის წესი - ჩვენ რუსეთზე მხოლოდ ეკონომიკურად დამოკიდებული კი არ ვხდებით, რუსული ცხოვრების წესს ვამკვიდრებთ. ყველაზე ცუდი ის არის, ამ პრობლემაზე ოპოზიცია იმიტომ კი არ ლაპარაკობს, რომ მართლა პრობლემად მიაჩნია, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკურ დისკუსიაში უფრო კარგი პოზიცია დაიკავოს. მე ვთავაზობ მათ, ვილაპარაკოთ იმაზე, თუ რა პოლიტიკაა შესამუშავებელი, რათა რუსეთზე კიდევ მეტად დამოკიდებული არ გავხდეთ. ჩვენ შეგვეძლო გაგვეტარებინა ისეთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც საქართველოს გახდიდა მიმზიდველს სხვა ქვეყნის ინვესტორებისთვისაც და არა მარტო რუსებისთვის. ეს ჩვენ საშუალებას მოგვცემდა რუსეთთან ერთად სხვა ქვეყნების ბაზრებიც აგვეთვისებინა. მე ხომ არ ვამბობ, რუსული ბაზრისთვის უნდა გამოგვეცხადებინა ბოიკოტი-მეთქი? ეკონომიკის დივერსიფიკაცია ნამდვილად ვერ გააღიზიანებდა რუსეთს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ჩინეთი ნამდვილად არის საინტერესო ბაზარი, თუმცა ძალიან საფრთხილოც არის. გვინდა თუ არა, ჩინეთი თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთ ძლიერ პოლუსად ყალიბდება. მე მაინტერესებს, მაინც რისი ეშინია ოპოზიციას? იმის, რომ ჩინეთი და რუსეთი სანქცირებული ტვირთების გადასაზიდ პლაცდარმად გამოიყენებენ საქართველოს? რატომ რა, აფრიკული პორტები აღარ არის ჩინეთის განკარგულებაში? თუ რუსეთმა შემთხვევით გაგზავნა დაქირავებული მებრძოლები აფრიკის სხვადასხვა სახელმწიფოში?! ალტერნატიულ გზებზე უარი არ უნდა ვთქვათ. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, რომ ჩინეთი იქნება ალტერნატიული ბაზარი და მორჩა. ჩვენ უნდა გვქონდეს კონცეფცია, როგორი იქნება ჩვენი გრძელვადიანი თანამშრომლობა, სტრატეგიული თანამშრომლობა და ა.შ. ჩვენი ეკონომიკისთვის ნებისმიერი ქვეყანა დამაბალანსებელია, ჩინეთი იქნება თუ მალაიზია. მთავარია, რუსეთის ეკონომიკაზე არ ვიყოთ ჩამოკონწიალებული”, - დაასკვნის ექსპერტი.

“რა თქმა უნდა, დასავლური ბაზარი საუკეთესო გამოსავალია, მაგრამ თქვენ იცით, ჩვენს ბიზნესს არ შეუძლია მოერგოს დასავლურ რეგულაციებს. ჩვენ არა გვაქვს მაღალტექნოლოგიური წარმოება, რომელიც მაღალი ხარისხის ბაზრების დასაკმაყოფილებლად აუცილებელი წინაპირობაა. ჩვენ არა ვართ კონკურენტუნარიანი დასავლური ბაზრისთვის და თუ ისევ გავაგრძელებთ მითოლოგიებით პოზიციონირებას, კიდევ უფრო უარეს დღეში ჩავცვივდებით. არც ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკა გვაქვს, არც ნაციონალური უსაფრთხოების და არც სამეზობლო - საერთოდ არა გვაქვს პოლიტიკური კულტურა. არაადეკვატურად აღვიქვამთ პრობლემებსა და საფრთხეებს. ნახეთ, რა თემები პრევალირებს: ვიღაცას ჩვენი გარყვნა უნდაო და ა.შ. პრობლემად ის მიგვაჩნია, რომ რომელიღაც მშობელმა "ჰეფიმილში" ელტონ ჯონზე რაღაც მოთხრობა იპოვა, და საერთოდ არ გვანაღვლებს, რომ საქართველოს მთავარი არტერია, აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი, რემონტის შემდეგ გრაფიკით მუშაობს”, - ამბობს გიორგი გობრონიძე.

“ზოგიერთი ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლას ორი საათი სჭირდება, დასავლეთ საქართველოდან დედაქალაქში ჩამოსვლას კი ხუთი საათი. ეს ნორმალური მდგომარეობაა?! ამაზე არავინ ლაპარაკობს. ალტერნატივა რომ დავინახო, უნდა ვიცოდე, რას აპირებს ესა თუ ის ოპოზიციური ძალა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. არაფერში მჭირდება მითოლოგიური ფრაზა: “ეკონომიკა უნდა გაიზარდოს”. საიდან, როგორ უნდა უნდა გაიზარდოს? როდესაც მეუბნებიან, რომ რუსეთზე დამოკიდებულება უნდა შემცირდეს, მე მაინტერესებს, როგორ აპირებენ ამის გაკეთებას, სავიზო რეჟიმს დააბრუნებენ, არიან ამის გამკეთებლები?!”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას აქვს გეგმა სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით, რომელიც ქვეყანაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების ცხოვრების ვადასა და უძრავი ქონების შეძენის წესებს აწესრიგებს, არგუმენტად კი დასავლური ქვეყნების გამოცდილებას ასახელებენ...” - პასუხობს:

“დასავლეთს თავისი ბაზარი და ეკონომიკური სივრცე დაცული აქვს რუსეთიდან მომდინარე ყოველგვარი რისკისგან. გერმანიას აქვს იმის ფუფუნება, რომ გაზი რუსეთისგან კი არა, ლიბიისგან იყიდოს. გაზს თავი დავანებოთ, ხვალ რომ რუსეთმა ხორბალი აღარ მოგვცეს, რას ვაპირებთ? ჩვენ რუსეთზე მხოლოდ ტურიზმით კი არა ვართ დამოკიდებულები, პირდაპირ შეიძლება ითქვას, პურს ვჭამთ რუსების ხელიდან. რატომ არავინ ლაპარაკობს ქართულ ხორბალზე? გასაგებია, რომ საქართველოს ფართობი სულ 69,700 კილომეტრია და მთა-გორებიც რომ მოვასწოროთ და ხორბალი დავთესოთ, მაინც არ გვეყოფა, მაგრამ რაც არის, იმას მაინც რატომ არ ვითვისებთ და ალტერნატიულ ბაზრებს რატომ არ ვეძებთ?”

“რატომ არ ვმუშაობთ ხორბლის ერთ-ერთ მსხვილ ექსპორტიორ უკრაინასთან, რომელიც, წესით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი უნდა იყოს? ის მაინც გაგვეკეთებინა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტით მაინც არ ვყოფილიყავით დამოკიდებული მტრულად განწყობილ სახელმწიფოზე. ენერგოგანაწილება ჩამოვხსენით რუსეთს? რესურსის ყიდვაზე არაფერს ვამბობ, გამანაწილებელზე მაქვს საუბარი - ანუ პრობლემა ის კი არ არის, რომ სანქციები არ დავუწესეთ, საქმე ის არის, რომ ვერ დავუწესეთ. კონსპირაციებს არ დავიწყებ და ქვეყნის წინაშე შეთქმულებაში არც სააკაშვილის ადმინისტრაციას დავადანაშაულებ და არც დღევანდელ ხელისუფლებას, მაგრამ ფაქტია, არც ერთი და არც მეორე ადმინისტრაცია სახელმწიფოებრივად არ მოიქცა. დღევანდელი კვერცხი არჩიეს ხვალინდელ ქათამს. არადა, საერთოდ არ არის რთული ისეთი პატარა ქვეყნის ეკონომიკის დივერსიფიცირება, როგორიც საქართველოა”, - დასძენს გობრონიძე.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფოკუსირებულია რეპრესიებზე და შიშის დანერგვაზე - ის  არ დაუშვებს, დაისაჯონ ისინი, ვისზეც ხელისუფლება დგას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.01.2025
კახა ოქრიაშვილი - ამ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია
Samsung-მა ახალი Galaxy S25 სერია წარადგინა