კახა კალაძის განცხადებით, ერთ-ერთ ტელეკომპანიას უფლება მისცა, მოეპოვებინათ ვიდეო-კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდიან სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ მისი მცირეწლოვანი შვილები

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ჭორს უწოდებს ინფორმაციას, რომ სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ თავისი შვილები სტიქიის დაწყებამდე სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენით გამოიყვანა და აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება მის „გაშავებას“ ემსახურება.

როგორც კალაძემ თბილისის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ასეთი ცრუ ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება სიბოროტეა.

„მინდა გამოვეხმაურო ჭორს, არასწორ ინფორმაციას, რომელიც ჩემთან მიმართებით გავრცელდა მიზანმიმართულად, თითქოს, მე გამოვიყენე სახელმწიფო ვერტმფრენი და სახელმწიფო ვერტმფრენის საშუალებით ჩემი შვილები გამოვიყვანე სტიქიის ზონიდან. ეს ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ინფორმაციაა. ამაზე გავაკეთე განმარტებები. საზოგადოებას ვუთხარი სიმართლე. უბრალოდ, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც ასე იმოქმედებდა და ამ ნაბიჯებს გადადგამდა. ვერ წარმომიდგენია თუ არსებობს ადამიანი, ვინც ამას გააკეთებდა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს, მაგრამ ძალიან მძიმეა, როდესაც ამ ყველაფერს აკეთებთ მიზანმიმართულად, რათა გამაშავოთ და აგრესიულად განაწყოთ ადამიანები ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ამის მცდელობა იყო აღნიშნული სიცრუის გავრცელება. ეს არის დიდი სიბოროტე, როდესაც ასეთ ცრუ ინფორმაციას მიზანმიმართულად, გადამოწმების გარეშე ავრცელებენ.

ამ საკითხზე რამდენიმე დღის წინ მომმართა ტელეკომპანია „იმედმა“, რათა მიმეცა უფლება, მოეპოვებინათ ვიდეო-კადრები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოდიან სასტუმრო „სანსეტ შოვიდან“ ჩემი მცირეწლოვანი შვილები. მე, რა თქმა უნდა, მივეცი თანხმობა ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებამ სიმართლე თავად იხილა და ნახა, რისი მკადრებელია ზოგიერთი მედიასაშუალება, პოლიტიკოსი, თუ აქტივისტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ იყვნენ ადამიანები, ვინც აღნიშნული ბოროტება დაგმეს. იყო უამრავი ჟურნალისტი ოპოზიციური ტელეარხებიდან და არ წყდებოდა შეტყობინებები ჩვენს პრესსამსახურთან, რომ ეს იყო დიდი სიბინძურე და მადლობა თითოეულ მათგანს ამ პოზიციისთვის. ასევე იყვნენ ადამიანები, რომლებიც შეიძლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერები არიან, მაგრამ მათაც თავიანთი მოსაზრება დააფიქსირეს, თუ რამდენად ამაზრზენი იყო ასეთი ტყუილის, ჭორის გავრცელება. ყველა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი პოზიციის დაფიქსირებისთვის, რადგან ასეთ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რომელი პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს. ეს ანგრევს და აზიანებს საზოგადოებას და ჩვენს ხვალინდელ დღეს.

დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას, ისევე როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა. ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება, ყველას უნდა ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს, შეგვიძლია, ყველაფერი გადავდოთ გვერდზე და დავდგეთ ერთმანეთთან. ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ; გაუტანლობის ნაცვლად, ერთმანეთს გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“,- განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო