გრიგოლ გეგელია - საგარეო საქმეთა სამინისტრო მოვლენათა რუსულ ვერსიას არ უნდა ავრცელებდეს - ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ ბუნდოვან ჩანაწერებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოვლენათა რუსულ ვერსიას არ უნდა ავრცელებდეს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წლის თავზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისას განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიყენოს შესაძლებლობა რუსული იმპერიალიზმის შედეგებზე პროაქტიულად სასაუბროდ, ოფიციალურ განცხადებაში ბუნდოვან ჩანაწერებს ვკითხულობთ.

„მივესალმები, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერთმნიშვნელოვნად საუბრობს 7 აგვისტოზე, როგორც რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღზე, როდესაც რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საქართველოს ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. სამწუხაროდ, ესეც კი გასაოცარ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს „ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, რომლის ლიდერებს არაერთგზის დაუდანაშაულებიათ საქართველოს სახელმწიფო და ყოფილი ხელისუფლება „ომის დაწყებაში", რაც დანაშაულებრივი აბსურდია და რუსეთს სისტემატიურად გამოუყენებია სამხილად საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოს პოზიციების დასასუსტებლად.

ამავე დროს, გაურკვეველია რას ემსახურება ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ „2008 წლის აგვისტოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელდა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ძალის გამოყენებით დარღვევის პირველი შემთხვევა". საერთაშორისო თანამეგობრობამ კარგად იცის, რომ მიუხედავად განცხადებული ნეიტრალურობისა, რუსეთის შეიარაღებული ძალები პირდაპირ უჭერდა მხარს აფხაზ სეპარატისტებს, არამარტო მათი შეფარებისა და მომარაგების კუთხით, არამედ მათი მხარდამჭერი სამხედრო ოპერაციების ჩატარების თვალსაზრისითაც. ამის ნათელი მაგალითია 1993 წელს სოხუმის დაბომბვა, როდესაც გაეროს ექსპერტებმა დაადასტურეს რუსი პილოტისა და რუსული სამხედრო ხომალდის, SU 27-ის არსებობა.

ნაცვლად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთხელ გამოიყენოს ეს შესაძლებლობა რუსული იმპერიალიზმის შედეგებზე პროაქტიულად სასაუბროდ, ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ ბუნდოვან ჩანაწერებს, რომლის გაკეთების საჭიროებაც სავსებით არ იდგა. ეს კი იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთში დღემდე არის განლაგებული რუსული ბაზები და არ სრულდება "ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი შეთანხმება".

რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების მდგომარეობა საქართველოს ანიჭებს უნიკალურ შესაძლებლობას, რომ სრულიად მსოფლიოს შეახსენოს არამარტო 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ, არამედ 1990-იან წლებში რუსეთის მიერ აფხაზეთში მხარდაჭერილი ეთნიკური წმენდისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უხეში ხელყოფის თაობაზე. თუმცა, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს ინტერესებს და სწორედ ამის გამოხატულებაა, რომ ქართული ეროვნული შემთხვევის შესახებ დღეს აღარ ისმის საუბარი მსოფლიოს უმთავრეს პლატფორმებზე”, - განაცხადა გეგელიამ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის