თენგიზ ფხალაძე - ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნა უშეცდომობას ნიშნავს, ხოლო ხელისუფლებისთვის კითხვის დასმა - მტრობას, ასე კი ვითარება არ გაუმჯობესდება

საგარეო და საშინაო საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ჯიპა-ს ასოცირებულ პროფესორს, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, თენგიზ ფხალაძეს ესაუბრა.

- ბატონო თენგიზ, 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა და რადგან, ამ ტრაგიკული მოვლენების მორიგი წლისთავია, ბუნებრივია, ამ თემებზე სასაუბროდ შეგეხმიანეთ. უფრო სწორად იმაზე, როგორ ხვდება 15 წლის შემდეგ მსოფლიოში მომხდარი ცვლილებების ფონზე ამ ტრაგიკულ თარიღის მორიგ წლისთავს საქართველო.

მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო ოდნავ ნამუს და ღირსება შერჩენილი საქართველო ისეთ შოკშია, ამ თემას გვერდს ვერ აუვლით. ამ უმძიმეს დღეებში კი ხელისუფლება ცდილობს იმის მტკიცებას, რომ სტიქიური უბედურების პროგნოზირება შეუძლებელი იყო და ყველას, ვინც ამ თემაზე მეტ-ნაკლებად კრიტიკულ თუ რაციონალურ აზრს გამოთქვამს, ურჩევს არც ისაუბროს და არც იმსჯელოს.

არადა, ქვეყანაში, რომელშიც 7500 ღვარცოფ საშიში ადგილია, გეოლოგები 24 საათიან მონიტორინგს უნდა აწარმოებდნენ, რითაც შეუძლიათ ტრაგედიების რისკების შემცირება და ხალხის ევაკუაციისთვის დროს იგებენ, ასეთი გამართული სამსახური რეალურად არც გვქონია. არც ისეთი სამსახური, რომელიც მეწყრის განვითარებისას ტეხს განგაშს.

გარეთ 21-ე საუკუნეა და სპეციალისტების თქმით, ამ ტიპის მონიტორინგის სამსახურისთვის სულ რაღაც 5-6 მილიონის აშშ დოლარის ინვესტიცია ყოფილა საკმარისი.

მესმის, რომ „ამ დარგის სპეციალისტი“ არ ხართ, მაგრამ თქვენ როგორ შეაფასებდით იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც შოვის ტრაგედიამ ნათლად დაგვანახა?

- უდავოდ მძიმე დღეებია და მეც, პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ გულწრფელ სამძიმარს. შოვის ტრაგედია საერთო ტკივილია, რომელმაც ყველა შეგვძრა. ძნელია ამ დროს საჭირო სიტყვების მოძიება. ანდა რომელმა სიტყვამ შეიძლება ანუგეშოს ჭირისუფლები, რომელთაც უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს?!

ამავდროულად, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სამაშველო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. სწორედ მათმა თავგანწირვამ და გმირობამ იხსნა მრავალი ადამიანის სიცოცხლე.

კითხვას რაც შეეხება, არც გეოლოგი ვარ და არც სეისმოლოგი, ამდენად ვითარებას დარგის სპეციალისტის თვალთახედვით ვერ შევაფასებ, მაგრამ შემიძლია ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში განვიხილო. ამ მიმართებით კი ისევ სისტემურ პრობლემებს ვხედავ, რის თაობაზეც ადრეც არაერთხელ გვისაუბრია.

ნებისმიერი კრიზისი ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მისი ასახვა უნდა ხდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც, საფრთხეების შეფასებაშიც და, აქედან გამომდინარე, სხვა უწყებრივ დოკუმენტებში. ხდება რისკის სავარაუდო ზონების დადგენა, ამის შესაბამისად კი ხორციელდება ქვეყნის შესაძლებლობების შეფასებაც, წესდება მონიტორინგი.

ნებისმიერი კრიზისი ეროვნული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, შესაბამისად მისი ასახვა უნდა ხდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაშიც, საფრთხეების შეფასებაშიც და, აქედან გამომდინარე, სხვა უწყებრივ დოკუმენტებში. ხდება რისკის სავარაუდო ზონების დადგენა, ამის შესაბამისად კი ხორციელდება ქვეყნის შესაძლებლობების შეფასებაც, წესდება მონიტორინგი

მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, მათ შორის სამშენებლო ლიცენზიების რევიზია, უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების ოპტიმიზაცია, დარგობრივი უწყებების სპეციალისტთა ტრენინგი, უწყებათაშორისი კომუნიკაციისა და ქმედებების ჰარმონიზაცია, კრიზისულ ვითარებაში მოქმედების გეგმის დამტკიცება და ა.შ. ჩამონათვალი ვრცელია და აღარ გავაგრძელებ.

ამ მხრივ ჩვენთან სავალალო ვითარებაა - ეროვნული უსაფრთხოების ფუნდამენტური დოკუმენტები დიდი ხნის მივიწყებულია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და კრიზისების მართვის უწყებათაშორისი მექანიზმი - ამორტიზებული, სტრატეგიული კომუნიკაცია - სრულიად მოშლილი.... ამიტომაც ყოველი კრიზისისას ვაწყდებით თითქმის ერთსა და იმავე პრობლემებს, ვისმენთ იგივე კითხვებს, ურთიერთბრალდებებს, დაპირებებს... საბოლოო ჯამში კი იმავე წრეზე ვტრიალებთ და ვითარება არ უმჯობესდება. კვლავაც გავიმეორებ, საუბარია ეროვნული უსაფრთხოების დაგეგმვის პოლიტიკურ პროცესზე და არა ოპერაციებში უშუალოდ ჩართულ ადამიანებზე. მათ საკუთარი პროფესიონალიზმი და თავგანწირვა საქმით დაამტკიცეს.

- ამ დღეებში ვერტმფრენების არქონის გამო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2015 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა აშშ- მიერ გამოყოფილ 50 მილიონიან გრანტს, რომელიც მათ შორის ითვალისწინებდა Huey II მარკის ორი ვერტმფრენის გადმოცემას ჩვენი მხარისთვის, რომელთა საერთო ღირებულება 18 608 036 აშშ დოლარს შეადგენდა.

მაგრამ, 2015 წელს საქართველოს მთავრობამ საერთოდ უარი თქვა ამ გრანტის მიღებაზე. არადა, შეთანხმების თანახმად ვერტმფრენები ორმაგი დანიშნულების უნდა ყოფილიყო, როგორც სამხედრო ისე სამაშველო.

გასაგებია, ვერტმფრენებზე უფრო აქტუალური სხვა სისტემური თემებია, მაგრამ, გაუგებარია, რატომ ვთქვით უარი მაშინ ამერიკული ვერტმფრენების გრანტით მიღებაზე.?

- ვერაფერს გეტყვით. ამ კითხვებს მთავრობამ და კონკრეტულად ამ პროცესში ჩართულმა უწყებებმა უნდა უპასუხონ. ნორმალურ სისტემაში ამ საკითხებს სპეციალისტები შეისწავლიდნენ, შეაფასებდნენ კრიზისულ ვითარებაში სახელმწიფო უწყებების ქმედებების ავკარგიანობას, მოსახლეობასაც სრულფასოვან ინფორმაციას მიაწვდიდნენ და ხელისუფლებაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებდა სამომავლოდ, მსგავსი კრიზისის გამეორების შემთხვევაში, რისკების მინიმალიზაციისათვის.

მაგრამ, ჩვენთან სისტემა ასე არ მუშაობს. ვცხოვრობთ რეალობაში, როდესაც ხელისუფლებაში ყოფნა უშეცდომობას ნიშნავს, ხოლო ხელისუფლებისათვის კითხვის დასმა - მტრობას. ასე კი ვითარება არ გაუმჯობესდება.

თქვენს მიერ ხსენებულ თემას რომ დავუბრუნდეთ, ფაქტია, რომ წლებია ვლაპარაკობთ ვერტმფრენებზე და დღემდე არ გვაქვს. ამ საკითხს სრულფასოვანი შესწავლა სჭირდება და სათანადო შეფასებებიც ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს.

სხვათა შორის, ეს საპარლამენტო ოპოზიციასაც ეხება. მათ საკმარისი ბერკეტი აქვთ რომ საკითხის საგნობრივი განხილვა მოხდეს.

- 2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლის წინანდელ მოვლენები იმითაა საინტერესო, რომ, მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, მსოფლიო მნიშვნელოვნადაა შეცვლილი.

ომის დაწყების პირველივე თვეებში არა ერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა, აშშ-ს პრეზიდენტმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, გერმანიის კანცლერმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის მაღალი რანგის სხვა პოლიტიკოსებმა არა ერთხელ თქვენს, რომ კოლექტიურმა დასავლეთმა 2008 წლის აგვისტოში შეცდომა დაუშვა.

მეტიც, მათივე თქმით, 2008-ში რუსეთს საქართველოზე განხორციელებული აგრესიის გამო დასავლეთისგან ადეკვატური პასუხი რომ მიეღო, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ გაბედავდა. თავიდან იყო მოლოდინი, რომ დასავლეთის ამ რიტორიკას საქართველოს ხელისუფლება კარგი გაგებით სათავისოდ გამოიყენებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის მსგავსი არაფერი მომხდარა.

რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლელ პარტნიორების რიტორიკა არა თუ არ გაიზიარა, პრაქტიკულად არც შეიმჩნია?

- ურთულეს თემას შეეხეთ. სამწუხაროდ 2008 წელი დღემდე პოლიტიკური სპეკულაციების თემაა და არა კრიტიკული გააზრების.

რა გავაკეთეთ ჩვენ? რა ვისწავლეთ? რა გავაუმჯობესეთ? რით ავამაღლეთ თავდაცვისუნარიანობა? რით გავაუმჯობესეთ ეროვნული უსაფრთხოება? ამ თემებზე ფაქტურად არ ვმსჯელობთ, სამაგიეროდ დღემდე ვდავობთ ომი 7 აგვისტოს დაიწო თუ 8-ში

მაგალითისათვის გეტყვით, რომ ჩვენმა მტრულმა სახელმწიფომ - რუსეთის ფედერაციამ- 2008 წლის გამოცდილების გათვალისწინებით არაერთი შესწორება შეიტანა როგორც სამხედრო დოქტრინაში, ასევე საგარეო და ინფორმაციული უსაფრთხოების სტრატეგიებში, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიასა და სხვა დოკუმენტებში.

რა გავაკეთეთ ჩვენ? რა ვისწავლეთ? რა გავაუმჯობესეთ? რით ავამაღლეთ თავდაცვისუნარიანობა? რით გავაუმჯობესეთ ეროვნული უსაფრთხოება? ამ თემებზე ფაქტურად არ ვმსჯელობთ, სამაგიეროდ დღემდე ვდავობთ ომი 7 აგვისტოს დაიწო თუ 8-ში.

- გასაგებია, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ხელისუფლების მტკიცება, რომ 2008 წლის ომის აცილება შეიძლებოდა, მაგრამ, ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვერ შეძლო.

2008 წლის შემდე 2022 წლის თებერვლამდე უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა პოლიტიკამ ცხადად აჩვენა ყველას, რომ კიევს რომ უარი არ ეთქვა ე.წ. „მინსკის შეთანხმებაზე“, რომელიც უკრაინისთვის წამგებიანი იყო, უკრაინის დონბასში კრემლის მიერ შექმნილი ორი „რესპუბლიკა“ ახლა მხოლოდ ნომინალურად იქნებოდა უკრაინის და კიევის საგარეო პოლიტიკა მეტად იქნებოდა მიბმული მოსკოვს.

ახლა ვხედავთ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების განცხადებები ხშირად აცდენილია ამავე თემაზე თქვენი დასავლელი პარტნიორების მიდგომებს. ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება უკრაინას მშვიდობას უსურვებს და არა გამარჯვებას.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, სავარაუდოდ, რა პოზიციებით ხვდება საქართველო 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს?

- ამიტომაც ვამბობ, ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ. რუსეთის ისტორია და თუნდაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობები თუ რამეს გვასწავლის, იმას, რომ რუსეთი ყოველთვის დაიწყებს ომს, როდესაც დასჭირდება და სათანადო კაზუს-ბელისაც თავადვე შექმნის.

ერთადერთი, რამაც შეიძლება იგი შეაჩეროს, ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერის, საფრთხეების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის და პრევენციის მექანიზმია. დიახ, 2008 წელს მნიშვნელოვნად მოიკოჭლებდა ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტები, მაგრამ დღეს რამე უკეთესი გვაქვს?

პუტინმა თავად აღიარა, რომ 2006 წლიდან რუსეთის გენშტაბი საქართველოში შემოჭრის გეგმას საგულდაგულოდ ამუშავებდა, რატომ გვგონია, რომ ასეთი გეგმები დღეისთვის არ არსებობს? 2008 წლის შემდეგ რუსეთმა საგრძნობლად გააუმჯობესა ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიები, გააქტიურა ე.წ. „რბილი ძალის“ პოლიტიკა და გავლენის ჯგუფები.

ჩვენ რით ვუპასუხეთ? დიახ, შეცდომად მიმაჩნდა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის თაობაზე, მაგრამ მათთვის შექმნილი დღევანდელი სასათბურე პირობები კიდევ უფრო საგანგაშოა.

შეცდომად მიმაჩნდა გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეთათვის უვიზო რეჟიმის თაობაზე, მაგრამ მათთვის შექმნილი დღევანდელი სასათბურე პირობები კიდევ უფრო საგანგაშოა

დღემდე ვერ გავმართეთ საინფორმაციო პოლიტიკა, შორს რომ არ წავიდეთ, შეხედეთ მასალას სასკოლო სახელმძღვანელოებში. საკუთარი ისტორია ჩვენ თუ არ ვიცით, სხვას რა მოვთხოვოთ?! დღემდე არ გვაქვს დეოკუპაციის სტრატეგია. მეტიც, ოკუპაციის პროცესი კვლავაც გრძელდება და დღესაც, აგვისტოს სამხედრო აგრესიიდან 15 წლის შემდეგ, რუსეთის ფედერაცია არანაირ ფასს არ იხდის საქართველოში ჩადენილი დანაშაულებისათვის.

სამაგიეროდ რუსეთის მოქალაქეები აქ უკვე მასპინძლადაც გრძნობენ თავს და მათ დიდ ნაწილს იმის შეგრძნებაც კი არა აქვს, რომ მათი ქვეყანა დღესაც საქართველოს მტერია.

ასე რომ საკითხი გაცილებით რთულია, ვიდრე რიტორიკა. უკრაინაში ომის ფონზე საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად და აქტიურად უნდა განიხილებოდეს ევროპული, ან თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ამას აქტიურობა სჭირდება. ჩვენ კი ნატოს სამიტიც კი ისე გავატარეთ, თითქოს მისი თემატიკა არ გვეხებოდა.

უკრაინაში ომის ფონზე საქართველოს პრობლემატიკა მუდმივად და აქტიურად უნდა განიხილებოდეს ევროპული, ან თუნდაც შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში. ამას აქტიურობა სჭირდება. ჩვენ კი ნატოს სამიტიც კი ისე გავატარეთ, თითქოს მისი თემატიკა არ გვეხებოდა

- შოვის ტრაგედიამდე აქტიურად მსჯელობდნენ ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობაზე, რომელსაც ხელი საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტისას მოეწერა.

მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების რამდენიმე მუხლს აბსოლუტურად გაუგებრად თვლიან საერთაშორისო ურთიერთობებში კარგად გარკვეული ადამიანები, ვითარებაში, როცა საქართველოს საგარეო პოლიტიკა აქამდე განსაზღვრული ჰქონდა იმ ქვეყანასთან დაახლოება, რომელიც რუსეთთან ყველაზე მეტად დაახლოებულია ჩინეთი, ბევრ კითხვას ბადებს.

დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ „საქართველოს სტრატეგიული, დასავლური პოლიტიკური ვექტორი უკანასკნელ თვეებს ითვლის, "ქართული ოცნება" გააგრძელებს დასავლეთთან დისტანცირებას და ამას უტიფრად დააბრალებს დასავლეთს“.

თქვენ როგორ შეაფასებდით ევროკავშირის ზღურბლთან მყოფი საქართველოს ჩინეთთან დაახლოებას?

- ჩინეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და მასთან ურთიერთობა დიდი ყურადღებას მოითხოვს. დიპლომატიური ურთიერთობების 31 წლის განმავლობაში მეტად წონადი საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზა შეიქმნა, სადაც საქართველოს ეროვნული ინტერესები საკმაოდ კარგად იყო წარმოჩენილი.

რაც შეეხება ახლახან გაცხადებულ სტრატეგიულ თანამშრომლობას, დოკუმენტი უფრო კითხვებს აჩენს ვიდრე პასუხებს. მაგალითისათვის, თუკი ჩვენ ხაზგასმით ვაღიარებთ „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რატომ არსადაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები?

თუკი ჩვენ ხაზგასმით ვაღიარებთ „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, რატომ არსადაა ნახსენები საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობა და ოკუპირებული ტერიტორიები?

ცნობისათვის გეტყვით, რომ კვიპროსსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ ანალოგიურ დოკუმენტში ჩრდილოეთ კვიპროსის საკითხი მკაფიოდაა წარმოჩენილი. შესაბამისად, გაუგებარია შეიცვლის თუ არა ჩინეთი პოზიციას გაეროში საქართველოს ოკუპაციის, ან ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების საკითხის განხილვისას.

სრულიად ბუნდოვანია პუნქტი სადაც საქართველო მოდერნიზაციის ჩინურ გზას „ცივილიზაციის ახალ არჩევანად“ მიიჩნევს და მმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარების თაობაზე თანხმდება. მეტად დასაფიქრებელია პუნქტები, სადაც მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ისეთ რთულ თემებში, სადაც პრინციპული წინააღმდეგობაა ჩინეთსა და ჩვენს სხვა პარტნიორებს შორის.

სრულიად ბუნდოვანია პუნქტი სადაც საქართველო მოდერნიზაციის ჩინურ გზას „ცივილიზაციის ახალ არჩევანად“ მიიჩნევს და მმართველობის სფეროში გამოცდილების გაზიარების თაობაზე თანხმდება. მეტად დასაფიქრებელია პუნქტები, სადაც მხარდაჭერას ვაფიქსირებთ ისეთ რთულ თემებში, სადაც პრინციპული წინააღმდეგობაა ჩინეთსა და ჩვენს სხვა პარტნიორებს შორის

ვსაუბრობთ რა ჩინეთთან „კოორდინაციაზე“, ჩვენ ვერთვებით საკმაოდ მძიმე გეოპოლიტიკურ წინააღმდეგობაში, სადაც ჩვენი პოზიციები ნამდვილად არ არის ძლიერი და არც სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან წინააღმდეგობა მოგვიტანს სიკეთეს. ერთობლივ განცხადებაში საქართველოსთვის მეტ-ნაკლებად საინტერესო ის პუნქტია, რომელიც „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავებას ეხება.

არავინ დავობს, რომ “სარტყელი და გზა” საყურადღებო ინიციატივაა, ამიტომაც შეუერთდა მას საქართველო 2016 წელს. გასათვალისწინებელია, ამ პროექტს არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს. იგი შესაძლებლობებსაც ქმნის და მნიშვნელოვან რისკებსაც. არის თუ არა ეს რისკები შეფასებული? არის თუ არა იმ ქვეყნების გამოცდილება შესწავლილი, რომელთაც პროექტში ჩართვამ გარკვეული სირთულეები შეუქმნა? ასეთი რისკებისაგან დაზღვევის რა მექანიზმია ჩადებული “ორმხრივი თანამშრომლობის გეგმაში”?

ამიტომაც კითხვები მეტია, ვიდრე პასუხები და ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხები ხელისუფლებას ჯერ არ გაუცია. საბოლოო ჯამში აღნიშნული „ერთობლივი განცხადება“ უთანასწორობის შეგრძნებას ტოვებს. მასში სრულადაა ასახული ჩინეთისათვის მნიშვნელოვანი ყველა თემა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით.

საბოლოო ჯამში აღნიშნული „ერთობლივი განცხადება“ უთანასწორობის შეგრძნებას ტოვებს. მასში სრულადაა ასახული ჩინეთისათვის მნიშვნელოვანი ყველა თემა, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი საქართველოსთვის სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით

- ხელისუფლების წარმომადგენლების ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩინეთის მონაწილეობას არ გამორიცხავენ. მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ირკვევა, საქართველოს ჩინეთიდან კონტეინერული ტვირთების გატარების მოლოდინი არ უნდა გვქონდეს.

თუ ასეა, გაუგებარია, რა მიზეზით უნდა მიიღოს ჩინეთმა ანაკლიის პორტის მშენებლობის და შემდეგ ექსპლუატაციის ექსკლუზივი?

- არ მაქვს საკმარისი ინფორმაცია ანაკლიის მშენებლობასა და პროექტში ჩინეთის მონაწილეობის თაობაზე. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ანაკლია სტრატეგიული პროექტია.

დღეს რომ ეს პორტი მოქმედებდეს, საქართველოს როლი სრულიად განსხვავებული იქნებოდა ინვესტიციები თავისთავად მისასალმებელია, მაგრამ იმ ფორმით, რომ პროექტი „ქართულად“ დარჩეს. საქართველო უნდა იყოს მისი პოლიტიკის განმსაზღვრელი და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიმღები. ანაკლია გეოპოლიტიკური პროექტია და ის მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკისათვის, ასევე ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო