საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრმა რექტორებმა, უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომის გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
აგვისტოს ომის მე-15 წლისთავის აღსანიშნად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილმა, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ, რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ვადაჭკორიამ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორმა, პროფესორმა ნანა შარიქაძემ, ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო ტალიაშვილმა, ასევე, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა, აკადემიურმა პერსონალმა და სტუდენტებმა აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაო გვირგვინებით შეამკეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, გმირთა სახელის უკვდავსაყოფად საქართველო ღირსეული მომავლისკენ ისწრაფვის, აგრძელებს განვითარებასა და ახალი თაობების აღზრდას.
„ქედს ვიხრით სამშობლოსთვის შეუპოვრად მებრძოლი, გმირულად დაღუპული ვაჟკაცების წინაშე - მათი ხსოვნა სამარადისოა! დიდება გმირებს!
აგვისტოს ომის ტკივილიანი დღეები, აგრესორისგან მიყენებული ეს მოუშუშებელი იარა არასოდეს წაიშლება ჩვენი მეხსიერებიდან. ეს დღეები, როგორც გაკვეთილი, ემახსოვრება მსოფლიოს.
საქართველოს უახლესი ისტორიის ამ ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს დღეს უკვე 15 წელი გვაშორებს. გმირთა სახელის უკვდავსაყოფად ვისწრაფვით ღირსეული მომავლისკენ, ვაგრძელებთ ახალი თაობების აღზრდას, სწავლას, განვითარებას. ამ გზით მავალი თითოეული ჩვენი მოქალაქე სულით ხორცამდე გაჟღენთილია საქართველოს ერთიანობის ურყევი რწმენით. გვჯერა, საერთაშორისო თანამეგობრობის ურყევი მხარდაჭერით, ჩვენი ქვეყანა ისტორიული სამართლიანობისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მშვიდობიანი გზებით აუცილებლად მიაღწევს“, - აღნიშნა ნოდარ პაპუკაშვილმა.