სატელიტური მონაცემები ამყარებს მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა , - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში გამოიწვია სტიქიის ის მასშტაბი, რაც მოხდა შოვში.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. უმძიმეს ტრაგედიასთან გვაქვს საქმე და ის შედეგები, რასაც ვხედავთ არის უმძიმესი.
ჩვენ გვესმის, რომ ამ მოვლენების ფონზე დიდი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, განსაკუთრებით, დიდი ინტერესი არსებობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით. პირველად დასკვნასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
დღეს ჩვენ გვინდა საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც კიდევ ერთხელ ამყარებს იმ მოცემულობას, რაც პირველად დასკვნაში იყო მოცემული.
მოქალაქეებისთვის გასაგები, რომ იყოს, დაახლოებით ნახევარი მილიონი კუბური მეტრის კლდეზვაური მასა მოწყდა ბუბისწყლის ხეობიდან, რომელიც 1.5 ჰექტარ ფართობზე იყო გაშლილი. დაახლოებით, 62 ჰექტარი ყინულოვანი მასა წამოიღო მოწყვეტის შედეგად და გამოიარა მთლიანად ხეობა ძალიან დიდი სისწრაფით.
გამოტანილია სატელიტური მონაცემები, რომელიც საერთაშორისო პარტნიორებისგან, გაეროს შესაბამისი ინსტიტუტებისგან მივიღეთ. ეს მონაცემები ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ხეობაში სტიქიის განვითარებამდე წყლის მასების დაგუბებას ადგილი არ ჰქონდა. არც სტიქიამდე და არც სტიქიის პროცესში არ ფიქსირდებოდა წყლის დონის კლება.
სატელიტურ მონაცემებში ჩანს, რომ არ იყო წყლის მასის და ტბის დაგუბება, ეს იყო კლდეზვავური მასის მყისიერი ჩამოშლა, ნახევარი მილიონი კუბური მასა დაეჯახა მყინვარულ მასას, რის გამოც გარღვევა მოხდა და ჩამოიტანა კურორტ შოვში, უმოკლეს ვადებში.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი სტიქიური მოვლენის განვითარებასთან, საქმე გვაქვს კომპლექსურ პროცესებთან. რამდენიმე მოვლენათა ერთობლიობა ერთმანეთს დაემთხვა და საბოლოო ჯამში მივიღეთ სტიქიის ის მასშტაბი, რაც ერთად ვნახეთ“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისივე თქმით, კომპლექსური სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება შეუძლებელია.
ამასთან, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით, ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების 200 სადგური არსებობს, ხოლო 100 დამონტაჟება მიმდინარეობს.
„სახელმწიფომ 2014 წლიდან, ფაქტობრივად ნულიდან დაიწყო ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება ჩვენს ქვეყანაში. ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარება მოიცავს შესაბამისი ტიპის სადგურების, მოწყობილობების დაყენებას, რომლებიც ჩვენს სინოპტიკოსებს, შესაბამის სპეციალისტებს ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების ადრეულად პროგნოზირების საშუალებას აძლევს. ასეთი ტიპის არაერთი სადგური განთავსდა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. დღესდღეობით 200 სადგურია, 100 სადგურის დამონტაჟება მიმდინარეობს. როცა ასეთი მასშტაბის სტიქიის განვითარებაზე, კომპლექსური სტიქიის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ჩვენი სპეციალისტების მოსაზრებით, მსგავსი მასშტაბის სტიქიის წინმსწრებით პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია. მინდა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცოდეს და მაქსიმალურად მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია.
პირველადი დასკვნა და ის ინფორმაციები, რაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა, დამატებით დასტურდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მოწოდებული ინფორმაციებით, ამიტომ ყველა სპეციალისტს, რომელმაც იცის როგორ კეთდება ასეთი დასკვნები, ვთხოვ, რომ საზოგადოებას წინასწარ ნუ შევიყვანთ შეცდომაში. ნუ გავავრცელებთ ისეთ ინფორმაციას, რომელიც კიდევ უფრო ააღელვებს საზოგადოებას“, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.