დავით გეწაძე - რიკოთის გზის პროექტირებისას საერთაშორისო სტანდარტების, მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები ჩატარდა

რიკოთის გზის პროექტირებისას საერთაშორისო სტანდარტების, მასშტაბური საკვლევაძიებო სამუშაოები ჩატარდა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ, მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან ერთად, რიკოთის მაგისტრალური გზის პროექტთან დაკავშირებით მედიასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც ყველა მსგავსი მასშტაბის პროექტს, რიკოთის უღელტეხილის 4 ზოლიანი ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობასა და პროექტირებას, წინ უძღოდა ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ეს დოკუმენტი მოიაზრებდა ალტერნატიული მარშრუტების მულტიფუნქციურ შედარებას და მათ საფუძველზე საუკეთესო ალტერნატივის შერჩევას. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება ხორციელდებოდა 2014-2015 წლებში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით და საერთაშორისო კორეული საკონსულტაციო კომპანიის მიერ. მსოფლიო ბანკი აღნიშნულ პროცესში აქტიურად იყო ჩართული. განხორციელდა 5 ალტერნატიული ვარიანტის მრავალფუნქციური შედარება: ტექნიკური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი, სოციალური, ხარჯთსარგებლობის, საგზაო უსაფრთხოების და სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით. თითოეულ კრიტერიუმს, თითოეულ ალტერნატივას, ენიჭებოდა შესაბამისი ქულა და დაჯამების შედეგად, გამოვლინდა საუკეთესო ალტერნატივა, როგორც საუკეთესო მიმართულება“, - აღნიშნა დავით გეწაძემ.

გეწაძის თქმით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის დასრულების შემდეგ, გაიმართა ე.წ. დონორების კონფერენცია, რომელშიც ჩართული იყო საქართველოში წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. კონფერენციაზე გადაწყდა, რომ ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის დეტალურ პროექტირებას განახორციელებდა მსოფლიო ბანკი, ხოლო დანარჩენი სამი მიმართულების პროექტირებას - აზიის განვითარების ბანკი, რომელიც შემდგომ სამშენებლო სამუშაოებსაც დააფინანსებდა.

„ამ კვლევების ჩატარების გარეშე, არც ერთ დონორი ორგანიზაცია არ დააფინანსებდა არც პროექტირებას და შემდგომში არც სამშენებლო სამუშაოებს", - განმარტავს დავით გეწაძე.

„ამ კვლევების შემდეგ, ასევე, საერთაშორისო კომპანიების მიერ, ჩატარდა დეტალური საპროექტო სამუშაოები. საპროექტო სამუშაოების პროცესში, რა თქმა უნდა, მოხდა შერჩეული ალტერნატივის სრულყოფა და შედეგად, დეტალური სამშენებლო პროექტის განხორციელება. დეტალური სამშენებლო პროექტის ეტაპზე, 52 კმ-იანი მონაკვეთის პროექტირებისას, ჩატარდა მასშტაბური და კომპლექსური საველე საკვლევი სამუშაოები. ეს კვლევებია: ტოპოგრაფიული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და გეომორფოლოგიური. შედგა რელიეფის ციფრული მოდელი, რისთვისაც გაკეთდა აეროფოტოგადაღებები, გადაღება ლიგარის მეშვეობით, სკანირება და 3D მოდელის შედგენა“, - აღნიშნა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, პროექტირებისას შესწავლილი იქნა წყალშემკრები აუზები, მიწისქვეშა წყლები და ამ მონაცემებზე დაყრდნობით, მიღებული იქნა კონსტრუქციული გადაწყვეტები.

„ხაზგასასმელია ჩატარებული მასშტაბური გეოლოგიური სამუშაოები. მხოლოდ რიკოთის მონაკვეთის პროექტირებისას, 300-მდე ჭაბურღილი გაკეთდა, რომელთა საერთო სიგრძე 6100 მ-ს აღემატებოდა. სპეციალურად ამ გეოლოგიური კვლევებისთვის, ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზე, გაიჭრა 3 კმ-მდე სამთო გზა, რათა ტექნიკას შესძლებოდა კონკრეტულ ლოკაციებამდე მისვლა და შესაბამისი გეოლოგიური კვლევების წარმოება. შემდეგ კი, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, სრული სპექტრით“, - აღნიშნა დავით გეწაძემ.

რიკოთის გზის 52 კმ-იან მონაკვეთზე მხოლოდ გეოლოგიური სამუშაოები 9 თვე მიმდინარეობდა. ქანების აგებულების და მათი ფიზიკო-მექანიკური მახასიათებლების დასადგენად, ჩატარდა გეოფიზიკური კვლევებიც. ამასთან, ჩატარდა სეისმური კვლევები, როგორც საქართველოში მოქმედი, ისე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

„უნდა აღინიშნოს, რომ არგვეთიდან რიკოთის მიმართულებით, სეისმური მდგომარეობა უფრო მძაფრდება. ე.წ. ჰორიზონტალური აჩქარების კოეფიციენტი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საინჟინრო გაანგარიშებისას, ამ მონაკვეთზე მერყეობს 0.13-დან 0.16-მდე. თუმცა, „AAshto“ - ს რომელიც არის ამერიკული სტანდარტი და ასევე, ევროპული სტანდარტების - ევრო კოდი-7 და ევრო კოდი-8 გათვალისწინებით, ჩვენი საპროექტო გაანგარიშებები მერყეობს 0.18-დან - 0.23 -მდე. შესაბამისად, აშკარაა, რომ ეს მარაგები არის და ეს მასშტაბური კვლევების საფუძველზე გაკეთდა. კიდევ ვიმეორებ, ეს კვლევები თანხვედრაშია საერთაშორისო სტანდარტებთან“, - განმარტა დავით გეწაძემ.

მისივე თქმით, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შეისწავლონ ინფორმაცია და დოკუმენტაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კვლევების შესახებ, რაც საჯაროა.

„ნახონ, თუ რა კვლევებია გაკეთებული, რა სტანდარტებზე დაყრდნობით და რა საპროექტო გადაწყვეტილებებია მიღებული“, - განაცხადა გეწაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო