საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები სტიქიის ზონაში უკვე მეცხრე დღეა ძებნა-შველის სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართული.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილიდან მე-3 ქვეითი ბრიგადის, აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად, სამძებრო სამუშაოებს 10 ლოკაციაზე განაგრძობენ.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები შესაბამის მითითებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით იღებს.
„სამხედროები გაშლილები არიან კოტეჯების ტერიტორიასა და მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა და მაშველები ძებნა-შველის სამუშაოებს ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკის და საშუალებების მხარდაჭერით ასრულებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.