საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, მოვაჭრე VESTEL-თან პირობითი ვალდებულებების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სააგენტოსა და მოვაჭრეს შორის დადებული შეთანხმების თანახმად, VESTEL-ს დაევალა: შეცვალოს კომპანიის შიდა პოლიტიკა და შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს; მომხმარებლებს ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად მიაწოდოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია, რომელიც უნდა განათავსოს როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.vestel.ge; ჩამოაყალიბოს კანონთან შესაბამისი მკაფიო საგარანტიო პირობები; აღადგინოს იმ მომხმარებელთა უფლებები, რომელთაც სავარაუდოდ, კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად უფლებები დაერღვათ.
ამასთან ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეთანხმების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში სააგენტოს ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს.
„მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის ივლისის ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 317 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 190 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 9 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 93 საქმეზე - 56 შეთანხმება გააფორმა. 50 საქმეზე გაფორმებულ 30 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 18 დარღვევის ფაქტი - 32 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 3 მოვაჭრეს, 12 საქმეზე ჯარიმა დაეკისრა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.