აპრიორი ისე ნუ წარმოაჩენთ, თითქოს ვერტმფრენებმა ან დრონებმა დაიგვიანა - ვერტმფრენის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, თუმცა აიხსნა ისიც, რომ ვერტმფრენის ადგილზე მისვლა ობიექტურად საჭირო დროზე უფრო ადრე რომ მომხდარიყო, ეს დამატებით რეზულტატის მოტანას ვერ გამოიწვევდა, - აღნიშნული განცხადება შოვის სტიქიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.
სარჯველაძის თქმით, "შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ როცა 4 მეტრის სიმაღლის მასა ჩამოვიდა, მიწაზე მდგარი ადამიანი მასის ზედაპირზე ცოცხალი აღმოჩნდა".
"რაც იქ მოხდა, ყველამ კარგად იცის. დაახლოებით ხომ ვიცით რა სიმაღლის იყო ჩამოსული ღვარცოფის მასა იმ ტერიტორიაზე, სადაც ადამიანები იმყოფებოდნენ. არ იყო არც ერთი და არც ორი მეტრი - გაცილებით მაღალი იყო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ასეთ დროს ადამიანები ამ მასის ზედაპირზე მოექცნენ და მათ იმ წუთას, მყისიერად შველა სჭირდებოდათ, იქ განვითარებული მოვლენების სწორი აღქმა არ არის. გაითვალისწინეთ, რომ საუბარია უზარმაზარ მასაზე, რომელმაც მიწაზე მდგარ ადამიანებს გადაუარა. ჩამოსული მასის განაპირა მხარეებში, სადაც მასა იმ დონის სიმაღლის არ იყო, როცა, მაგალითად, სახლის სიმაღლეს აჭარბებს, შეიძლება ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომ ვიღაც არ ჩაეფლო და არ დაიღუპა.
ასე ვერ წარმომიდგენია, რომ მთელს პერიმეტრზე იდენტური მდგომარეობა იყო და თავდაპირველად ადამიანი ამ მასის ზედაპირზე მოქცეულიყო და შემდეგ ჩაფლულიყო. ეს ჩემი აზრით ფიზიკურად წარმოუდგენელია. ამ შემთხვევაში სპეციალისტების განმარტებებსა და მოვლენის რეალურ აღწერას ვეყრდნობი", - განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე შეფასებით, ოპოზიციამ მის მიერ არჩეულ სტრატეგიაში, რომ სტიქიის პირველივე დღიდან დეზინფორმაციის გზით ევლოთ, მარცხი განიცადა და ახლა ამის გადაფარვასა და ახალი საჯილდაო ქვის შექმნას ცდილობენ.
სარჯველაძე დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია მომხდარი ტრაგედიის პარტიული ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობს და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა მხოლოდ ამ მოტივაციით არის გამოწვეული.
"გავითვალისწინოთ, რომ როდესაც დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პერსპექტივებზე ვსაუბრობთ, ინიციატორებს, რომლებიც ასეთი მექანიზმის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდიან შეიძლება კონკრეტული საკითხის შესწავლის სურვილი ამოძრავებდეთ, ხოლო მეორე შემთხვევაში, ეს შეიძლება სულ სხვა მოტივაცია იყოს და პოლიტიკური პერფორმანსების დადგმის სურვილს უკავშირდებოდეს. ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მეორე მოტივაციასთან გვაქვს საქმე - რეალურად მათი სურვილია არა საკითხის შესწავლა, არამედ პოლიტიკური პერფორმანსების გამართვა და ამისთვის ხელოვნურად რაღაც ასპარეზების შექმნა. სხვა შემთხვევაში ვერ აიხსნება თუ მართლა რაიმე კითხვა და გასარკვევი საკითხი აქვთ, რატომ არის აუცილებელი საგამოძიებო კომისიის შექმნა და რატომ არ შეიძლება იგივე საკითხზე სადეპუტატო კითხვების ან რომელიმე სხვა საზედამხედველო ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.