ბსუ-ში დიგიტალურ ქართველოლოგიაში საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიგიტალურ ქართველოლოგიაში ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ჩატარდა.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, რვა დღიან საზაფხულო სკოლაში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამივე საფეხურის 30-მდე სტუდენტი მონაწილეობდა.

„ბათუმის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა დიგიტალურ ქართველოლოგიაში ციფრულ ეპოქაში ქართველოლოგიური მეცნიერებების გამოწვევებს, მეთოდებს, ტექნოლოგიებსა და რესურსებს მიეძღვნა. საერთაშორისო სკოლაში ლექციებს ქართველ მეცნიერებთან ერთად კითხულობდნენ გერმანელი ექსპერტები და დარგის სპეციალისტები.

ლექციები და ვორკშოფები მოიცავდა ამ სფეროში დაგროვილ მიღწვებს, ქართული ენის ეროვნულ კორპუსს, ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამულ უზრუნველყოფას, „ვეფხისტყაოსნის“ პარალელურ კორპუსს, ბსუ ლინგვოკულტუროლოგიურ არქივს, დიგიტალურ კოდიკოლოგიას, კომპიუტერულ ლექსიკონებს და ქართულ ხელოვნურ ინტელექტს.

სკოლის მსმენელებმა მოხსენებებში წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, რომლებიც აღნიშნული რესურსების გამოყენებით მომზადდა.

სტუდენტების მოხსენებებში დასმული არაერთი საკითხი მომავალ ქართველოლოგიურ კვლევებს დაედება საფუძვლად და ითვალისწინებს დიგიტალური კოდიკოლოგიის ვებგვერდის მომზადებას, ფოლკლორისტულ კვლევებში ციფრული მეთოდების გამოყენებას და ქართული ენის მორფოლოგიური სინთეზის პროგრამის ინტეგრირებას ეროვნულ კორპუსთან.

საზაფხულო სკოლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია - საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი განხორციელდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა