საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორის, არქეოლოგ ვაჟა სადრაძის ხელმძღვანელობით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლის - ვაშნარის ნაქალაქარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ვაშნარის ექსპედიცია და მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები ოზურგეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად მოინახულა.
მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, წლევანდელ ზაფხულს, ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, პარალელურად, ორი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. პირველი - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული და ხელშეწყობილი არქეოლოგიური გათხრებია, მეორე კი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეგიდით ჩატარებული კონკურსის - „არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად“ - გამარჯვებული პროექტი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა არქეოლოგთა გაერთიანებას“ ეკუთვნის და ვაშნარის ექსპედიციაში უნივერსიტეტის სტუდენტების ჩართულობას გულისხმობს.
„ვაშნარის ექსპედიციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, არქეოლოგი ვაჟა სადრაძე უძღვება. საზაფხულო პერიოდით სარგებლობენ და ამ მნიშვნელოვან არქეოლოგიურ გათხრებში წარმატებით მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის პროგრამის სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. ჩვენთვის მთავარია, რომ თავისი ღირებულებით ამ უნიკალურ არქეოლოგიურ ძეგლს დღეს სათანადო ყურადღება ეთმობა. ორი წლის წინ, არქეოლოგ ვაჟა სადრაძის მიწვევით, ოზურგეთის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენლებთან ერთად, ვაშნარში ვიმყოფებოდით. მაშინ გადაწყდა, რომ ვაშნარის ნაქალაქარს საფუძვლიანი შესწავლა სჭირდებოდა. სწორედ მაშინ დაიგეგმა არქეოლოგიური გათხრების გაგრძელება და პროცესს მასშტაბური სახე მიეცა. მოხარული ვართ, როცა სასიკეთო შედეგებს ვხედავთ. ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდეგ, ვაშნარის ადრექრისტიანული პერიოდის ციხე-ქალაქი გურიის რეგიონში ტურისტული მიზიდულობის ცენტრი გახდეს“, - განაცხადა მინისტრმა თეა წულუკიანმა.
როგორც ვაშნარის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი, სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის პროფესორი ვაჟა სადრაძე აღნიშნავს, არქეოლოგებმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს ვაშნარში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრებისა და ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ძეგლის მდგომარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ვაჟა სადრაძის თქმით, თეა წულუკიანმა ვაშნარის ექსპედიციის წარმატებით განხორციელებაში არქეოლოგებს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, ასევე, გამოთქვა მზაობა არქეოლოგიურ სამუშაოებში სტუდენტების მეტი ჩართულობისა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.
„გურიის რეგიონში სამი ათეული წელია არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს. ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი ვაშნარს უკავია, სადაც პერიოდულად ტარდებოდა სტაციონარული გათხრები. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ვაშნარში ფართომასშტაბიანი არქეოლოგიური გათხრები 2021 წლიდან დაიწყო - სწორედ მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრი ვაშნარის ნაქალაქარს ადგილზე გაეცნო და ამ უნიკალური ძეგლით დაინტერესდა. შედეგი სახეზეა - გაიწმინდა სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმის ზედა ნაწილი და ციტადელის გალავნის ერთი მონაკვეთი, უკვე შესწავლილია სალოცავ-მარტირიუმი, როგორც ადრექრისტიანული საკულტო ძეგლი, რომლის ანალოგები მხოლოდ სირია-პალესტინაშია აღმოჩენილი, როგორიცაა: აშური, ხატრა, ბაბილონი და სხვ. ძეგლის კვლევა ამ თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვაშნარში, ამჟამად, მიმდინარეობს კვლევაძიებითი სამუშაოები - უკვე შესწავლილი მონაკვეთების გაწმენდა და ახლის შესწავლა. ძირითადად, ეს შიდა ციხის ძეგლებია. ვცდილობთ, საფუძვლიანად შევისწავლოთ ნაქალაქარის ინფრასტრუქტურა, რადგან ბაზილიკის, მარტირიუმის, სასიმაგრო სისტემისა და კოშკების გარდა, აქ სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვის მქონე ნაგებობაა. მათი შესწავლა მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგვცემს ადრეული შუა საუკუნეების ურბანული განვითარების თავისებურებების, გეგმარების, საგალავნო-დაცვითი სისტემის მშენებლობის სპეციფიკის და ციხე-ქალაქის ცხოვრების შესახებ. მინისტრს კვლევა-ძიების სწორედ ეს მიმართულებები და მიმდინარე სამუშაოები გავაცანით, ვისაუბრეთ ყველა იმ საჭიროებაზე, რაც სამომავლოდ, არქეოლოგიური გათხრების სრულყოფილად ჩატარებას და გარდა ამისა, აღმოჩენილი არქეტიპების კონსერვაციასა და შენახვა-დაცვას გულისხმობს.
ექსპედიციაში მონაწილეობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევარი, არქეოლოგი, პროფესორი მერაბ ძნელაძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი, დოქტორი გრიშა გოდერძიშვილი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი, არქეოლოგი ზურაბ გიორგაძე, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ არქეოლოგიურ სამუშაოებში აქტიურად არიან ჩართულნი ჩვენი უნივერსიტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრები, მაგისტრანტები და დოქტორანტები, რომლებიც გამოცდილ არქეოლოგებთან ერთად, დაუღალავად და დიდი მონდომებით მუშაობენ. ჩვენი გუნდისთვის, განსაკუთრებით კი არქეოლოგთა მომავალი თაობისთვის, ძლიერი მოტივატორია კულტურის სამინისტროს და პირადად მინისტრის მხარდაჭერა, რომ ვაშნარის არქეოლოგიური გათხრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს და ამ სამუშაოებში ჩვენი უნივერიტეტის სტუდენტებს მონაწილეობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა კვლავაც მიეცეთ“, - აღნიშნა ვაჟა სადრაძემ.
სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტ გიორგი კვირკველიას ინფორმაციით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით, არქეოლოგიის პროგრამის სტუდენტები ორი კვირაა, რაც ვაშნარის არქეოლოგიურ გათხრებში მონაწილეობენ. მისი თქმით, მნიშვნელოვან ექსპედიციაში ჩართვის მიზნით, სტუდენტური არქეოლოგიური ბანაკის მოწყობა თითოეული ახალგაზრდისთვის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა და ამასთან ერთად, სერიოზული გამოწვევაა არქეოლოგის პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების დაუფლების პროცესში.
ცნობისათვის, ვაშნარი IV-VIII საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია თავისი ციხე-ქალაქებით, მოწამის განსასვენებლით - მარტირიუმით, საკათედრო ტაძრით - სამნავიანი ბაზილიკითა და სასიმაგრო სისტემით. ვაშნარი, სამონასტრო ცხოვრებასთან ერთად, ქალაქის (სამრეწველო-სავაჭრო) ფუნქციასაც ითავსებდა. კომპლექსში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მარტირიუმი - მოწამის საფლავზე აგებული საკულტო დანიშნულების ნაგებობა. მეცნიერთა ვარაუდით, სამონასტრო კომპლექსმა VIII საუკუნის შუა წლებში, სავარაუდოდ, მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ნგრევა განიცადა და ფუნქციონირება შეწყვიტა.