ანა ნაცვლიშვილი - შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს -  შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება

შოვში მომხდარი ტრაგედია ვერ ჩაიფარცხება, ამ ამბავს ხელისუფლება ვერ გადააგორებს - შოვი მხოლოდ სტიქიური უბედურების ადგილი არ არის, შოვი არის დანაშაულის ადგილი და დანაშაულს გამოძიება სჭირდება! - ამის შესახებ პარლამენტში „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, დღეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიმართლე არ გაირკვეს.

მისივე თქმით, ბოდიში დაღუპულ ადამიანებს ვერ გააცოცხლებს, რომელთაც კრიტიკულ მომენტში სიცოცხლის გადასარჩენად ადგილზე სახელმწიფოს დროული და ეფექტური ყოფნა სჭირდებოდათ.

„ბოდიში საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიების საფრთხეებისგან არ აზღვევს. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ღამის ხედვის ვერტმფრენი, არამედ გამართული სისტემა, ინფრასტრუქტურა, პრევენციის მექანიზმები და ადამიანები, რომლებიც აცნობიერებენ თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ხელისუფლებაში ყოფნა.

ბოდიში სიცოცხლეს უკან ვერ დააბრუნებს - ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ იმიტომ, რომ სახელმწიფომ დროული და ეფექტური რეაგირება ვერ უზრუნველყო და ადამიანები განსაცდელში მიატოვა.

დღის წესრიგში დგას საკითხი სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა და სად არიან პასუხისმგებლობის ამღები პირები, რომელთაც გამბედაობა ეყოფათ თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი და რას აპირებენ უახლოეს მომავალში იმისთვის, რომ ვიდრე ხელისუფლებაში არიან ასეთი შემთხვევები აღარ მოხდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისივე აზრით, დღეს რაც გამოძიების კუთხით ხდება, საზოგადოებისთვის თვალის ახვევა, მათ შორის გარდაცვლილი ადამიანების შეურაცხყოფაა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საჭიროა სიმართლის გარკვევა, რომლის ერთ-ერთი ნაწილი უნდა იყოს სისხლის სამართლის გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმეს უნდა იძიებდეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ გენერალური პროკურატურა.

„გამოძიება დაიწყო უწყებამ, რომლის ერთ-ერთი დანაყოფი იყო პასუხისმგებელი რეაგირებაზე. ახლა ეს უწყება იძიებს თუ რამდენად სწორი და დროული იყო რეაგირება ანუ უწყება იძიებს საკუთარ თავს - მელა იძიებს საკუთარი კუდი სწორად იყო თუ არა. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ გამოიძიებს მელა საკუთარ კუდს. გვახსოვს არაერთი სისტემურად არასწორად წარმართული გამოძიება, რომელიც არაფრამდე მივიდა“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება