არჩილ მორჩილაძე - კლინიკების  საერთაშორისო აკრედიტაციამ ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტების დაზარალების რისკი 30%-ით უნდა შეამციროს

კლინიკებს საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დაკმაყოფილების ვალდებულება 2025 წლიდან ექნებათ. აკრედიტაცია სამ წლიანია და წინასწარი შეფასების გარდა, ძირითად შეფასებას და ორ ყოველწლიურ პერიოდულ შემოწმებას მოიცავს. რა სტანდარტების დაკმაყოფილება მოუწევთ კლინიკებს აკრედიტაციის მისაღებად, რა სიკეთეებს უნდა ველოდოთ და დაიწყეს თუ არა სამედიცინო დაწესებულებებმა მზადება - ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, „სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების“ აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე პასუხობს.

-ბატონო არჩილ, როგორ აფასებთ სახელმწიფოს მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის მოთხოვნას?

- სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების გზაზე ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. საერთაშოისო პრაქტიკის და სხვადასხვა კვლევის მიხედვით, კლინიკების მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლამ, ადამიანური შეცდომების შედეგად პაციენტების დაზარალების რისკი 30%-ით უნდა შეამციროს. თავად აკრედიტაციის პროცესი უკვე აიძულებს კლინიკებს, დიდი ყურადღება დაუთმონ ამ მიმართულებას და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს. ასევე, ეს კარგია საქართველოში სამედიცინო ტურიზმის წახალისების კუთხით.

- რა ეტაპებს მოიცავს აკრედიტაცია და რა ვადაში შეიძლება მისი მიღება?

- პირველ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებამ უნდა შეავსოს აპლიკაცია საწოლთა და დასაქმებული ადამიანების რიცხვის შესახებ. ეს არის ორი ძირითადი კრიტერიუმი, რომელიც ყველაზე მეტად მონაწილეობს ფასის დადგენაში. ასევე, მნიშვნელობა ენიჭება, რა სახის და მოცულობის სერვისს ახორციელებს კლინიკა. კლინიკების აკრედიტაციის პირველი ეტაპი ითვალისწინებს კლინიკების წინასწარ შეფასებას, რაც კლინიკებს დაეხმარება, აკრედიტაციისთვის მათი მზაობის დონე შეაფასონ. ამ მიზნით, კლინიკის მენეჯმენტს სპეციალური ტრეინინგები ჩაუტარდება უშუალოდ AACI-ის ექსპერტების მიერ, რათა მათ აკრედიტაციის პროცესს წარმატებით გაართვან თავი.

აკრედიტაციის პროცესში კლინიკები AACI სტანდარტებს ქართულ ენაზე მიიღებენ. ამის შემდეგ მოხდება კლინიკების შეფასება სამი მიმართულებით: ზოგადი, კლინიკური მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული გარემო. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მოცემულობით, ვინაიდან, საქართველოს სახელმწიფო რეგულაციის მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია, მათი შესრულება AACI აკრედიტაციის ინფრასტრუქტურული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საკმარისია. მთავარია, კლინიკებმა კლინიკური და ზოგადი მენეჯმენტის ნაწილში სტანდარტების მოთხოვნები დააკმაყოფილონ. აკრედიტაცია სამ წლიანია და წინასწარი შეფასების გარდა, ძირითად შეფასებას და ორ ყოველწლიურ პერიოდულ შემოწმებას მოიცავს.

ანუ, თუ კლინიკები სტანდარტების 70%-ს დააკმაყოფილებენ, მაშინ მათ აკრედიტაცია მიეცემათ, რომელიც 3 წლიანია, თუმცა ყოველი წლის შემდეგ ამას კიდევ ერთი პერიოდული შემოწმება სჭირდება, რომ ეს არ იყოს უბრალოდ ფურცელზე დაწერილი და საბუთისთვის და ამიტომაც ჩვენი პროგრამით ეს სავალდებულოა. ჩვენმა ექსპერტებმა უნდა ნახონ, რამდენად კარგად მიდის პროცესი და ხომ არ არის რაიმე შეუსაბამობა, რომ დროულად გამოასწორონ.

-რამდენად შეძლებ ქართული კლინიკების მენეჯმენტ დამოუკიდებლად, მხოლოდ მათი რესურსებით ამ სტანდარტების დანერგვას?

- პირველ ეტაპზე გამოიკვეთა, რომ კლინიკებს გარკვეული შიშიც კი ჰქონდათ, რომ დამოუკიდებლად ამას ვერ შეძლებდნენ, თუმცა სამუშაო შეხვედრებზე მათ დაინახეს, რომ ამის გაკეთება არის ის, რასაც ისინი ყოველდღიურად ისედაც აკეთებენ, უბრალოდ ჩვენ დავეხმარებით, დავანახოთ ამ პროცესის სუსტი და კრიტიკული წერტილები, რათა ისინი გამოსწორდეს. ეს არ არის ისე რთული, როგორც ეს შეიძლება, მათ წარმოედგინათ. მთავარია ამის გამოსწორების სურვილი ჰქონდეთ.

თავად AACI-ის აკრედიტაციის პროგრამის წინასწარი შეფასების კომპონენტი საშუალებას მისცემს კლინიკებს, თავად სრულად გაიაზრონ და დაგეგმონ ძირითადი შეფასების პროცესი, რაც პრაქტიკულად არ ტოვებს იმის საჭიროებას, რომ კლინიკებმა დამატებითი კონსულტაციისთვის თანხები იხადონ. თავად პროცესში ხდება მენეჯმენტის ყველა რგოლთან გასაუბრება და პრაქტიკულ მაგალითებზე მითითება. აკრედიტაციის პროცესი საშუალოდ 12-18 თვე გრძელდება და თუ სექტემბერში არ მოხდა აკრედიტაციის ხელშეკრულებების ხელმოწერა, კლინიკებს სახელმწიფოს მიერ დადგენილ ვადაში აკრედიტაციის მიღება გაუჭირდებათ.

-რამდენად აქტიურობენ კლინიკები, რომ აკრედიტაცია მიიღონ და საშუალოდ, რამდენს შეადგენს მისი ღირებულება?

- დიდი კლინიკური ქსელები უკვე ელოდებიან კიდეც გადაწყვეტილების მიღებას. იმედი გვაქვს, რომ სექტემბერში ეს გადაწყვეტილება იქნება და ვფიქრობ, ოქტომბრიდან პროცესი ინტენსიურად დაიწყება.

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანებას, როგორც ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ოფიციალურ წარმომადგენელს, უკვე 50-მდე კლინიკამ წარუდგინა სააპლიკაციო განაცხადი, მათ შორის, არიან ქსელური კლინიკებიც. აპლიკაციის შევსებიდან 24 საათში, სამედიცინო დაწესებულებას მიეწოდება ინფორმაცია აკრედიტაციის ფასის შესახებ, რომელიც სამ წლიანია, 8 000 აშშ დოლარიდან იწყება და საქართველოში არსებული კლინიკების სიდიდის გათვალისწინებით, საშუალოდ, 35 000 აშშ დოლარის ფარგლებშია, რაც სამ წლიან პერიოდზე ნაწილდება. იმის გათვალისწინებით, თუ რა სარგებელი მოაქვს ამ პროცესს, არ არის დიდი თანხა.

კლინიკას, ასევე, მივაწვდით ამერიკის აკრედიტაციის კომისიის AACI-ის ქართულ ენაზე თარგმნილ სტანდარტებს, რასაც 3-დღიანი სწავლება და წინასწარი აუდიტი მოჰყვება. დაწესებულებაში შედის 3 ექსპერტისგან შემდგარი გუნდი, რომელიც აფასებს კლინიკას სამი მიმართულებით: ზოგადი მენეჯმენტი, კლინიკური მენეჯმენტი და ინფრასტრუქტურული გარემო. ექსპერტთა გუნდი კლინიკას შეუდგენს გეგმას, თუ რა უნდა გააუმჯობესოს კლინიკამ იმისთვის, რომ აკრედიტაცია მიიღოს. მნიშვნელოვანია, რომ აკრედიტაციის ორგანოს წარმომადგენლები შეფასების პროცესში, კლინიკის მენეჯმენტის გარდა, პაციენტებსაც ესაუბრებიან.

- მოგმართავენ თუ არა ამბულატორიები და სტომატოლოგიური კლინიკები?

- ეს ძალიან კარგი კითხვაა, ვინაიდან, ამბულატორიები და სტომატოლოგიური კლინიკები ნაკლებად აქტიურობენ, არადა ჩვენ ამ მიმართულებითაც საკმაოდ კარგი პირობები გვაქვს და ხშირად ფასი იგივეა, რაც ISO 9001-ის შემთხვევაში, ხოლო კლინიკის რეპუტაციისა და ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესებისთვის აკრედიტაცია გაცილებით ეფექტიანია. ამასთანავე, ეს დაეხმარება ამბულატორიებს და სტომატოლოგიურ კლინიკებს, მიმზიდველები გახდნენ, როგორც სამედიცინო ტურიზმის კუთხით, ასევე კერძო სადაზღვევო კომპანიები დააინტერტესონ, რათა მათი პროვაიდერები გახდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მარიამ ხვედელიძე

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო