საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი - ღვაწლმოსილი მეცნიერი და პედაგოგი, პროფესორი გუგა ჭოხონელიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცნობით, მეცნიერი და პედაგოგი, პროფესორი გუგა ჭოხონელიძე 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მწუხარებით იუწყება, რომ 95 წლის ასაკში გარდაიცვალა ღვაწლმოსილი მეცნიერი, ჰიდროგეოლოგი, წარმატებულ მკვლევართა და სპეციალისტთა არაერთი თაობის აღმზრდელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობის დეპარტამენტის პროფესორი, სტუ-ის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს დამსახურებული ინჟინერი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი გუგა ჭოხნელიძე.

სასახელო ცხოვრების გზა განვლო ცნობილმა მეცნიერმა, გამორჩეულმა ჰიდროგეოლოგმა, ჩვენმა ღვაწლმოსილმა კოლეგამ და უფროსმა მეგობარმა, ბატონმა გუგა ჭოხონელიძემ. მან, დაუღალავი შრომისა და არჩეული პროფესიის უდიდესი ერთგულების ფასად, მიაღწია თვალსაჩინო სამეცნიერო და საზოგადოებრივ აღიარებას, მთელი თავისი ცხოვრება, ხანგრძლივი სამეცნიერო თუ პედაგოგიური მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დაუკავშირა, აღზარდა მეცნიერთა და მშენებლობის დარგის წარმატებულ სპეციალისტთა თაობები, რომელთაც ჩვენი უნივერსიტეტი არა მხოლოდ საქართველოში ასახელეს, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - ამ მხრივ, გუგა ჭოხონელიძე თავს ბედნიერ კაცად თვლიდა.

სამეცნიერო და საინჟინრო თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესორ გუგა ჭოხონელიძის მემკვიდრეობა: 100-ზე მეტი ფუნდამენტური ნაშრომი, მათ შორისაა გამოგონებები, მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, რომლებიც საქართველოს სუსტი გრუნტების შესწავლასა და მათი თვისებების გაუმჯობესების ღონისძიებებს ეძღვნება. ბატონმა გუგამ შეისწავლა და მასვე ეკუთვნის ანგარიშები ენგურის ჰიდროელექტროსადგურის, ასევე, თბილისის, რუსთავისა და ფოთის საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებზე. ის აქტიურად მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში. მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა მრავალი კვლევა, თაობებმა დაიცვეს საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები, გაიცა ორასამდე საექსპერტო დასკვნა მშენებლობასთან დაკავშირებული ობიექტების საინჟინრო-გეოლოგიურ პირობებზე. სწორედ მისმა ნაყოფიერმა და უშურველმა სამეცნიერო-პედაგოგიურმა მოღვაწეობამ განაპირობა მისი აღიარება და დამსახურებული ავტორიტეტი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოს-მდივნად არჩევა და ღირსების ორდენის მინიჭება.

მეცნიერ-ჰიდროგეოლოგის, პროფესორ გუგა ჭოხონელიძის სახელი დიდხანს იცოცხლებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიური წრეების და ყველა იმ ადამიანის მოგონებებში, ვისაც, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, ჰქონდა ბედნიერება ამ უაღრესად კაცთმოყვარე და კეთილშობილ პიროვნებასთან ერთად ემუშავა, მისგან ესწავლა და მისი მეოხებით დიდი ცხოვრების გზას დადგომოდა.

მისი სიკეთით აღსავსე სახელი, ზემაღალი ადამიანური თვისებები და პროფესიონალიზმი, მისდამი განუზომელი პატივისცემა სამუდამოდ დარჩება საუნივერსიტეტო საზოგადოებას - სასუფეველი დაუმკვიდროს ბატონ გუგა ჭოხონელიძის სულს იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამეცნიერო-აკადემიური წრეები, სამშენებლო ფაკულტეტი - დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიჩიანი, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები, საქართველოს საინჟინრო საზოგადოება, სტუდენტები და კურსდამთავრებულები სამძიმარს უცხადებენ პროფესორ გუგა ჭოხონელიძის ოჯახსა და ახლობლებს“, - ნათქვამია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

ლევან იოსელიანი - სამწუხაროა, რომ საქართველო პატიმრების რაოდენობით ევროპის მასშტაბით, ისევ მეორე ადგილზეა - ქვეყანაში 9 500 პატიმარია, ეს რიცხვი საკმაოდ მაღალია, მისი შემცირება შესაძლებელია
პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
ქართული პრესის მიმოხილვა 17.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი