„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, თბილისის მერიასთან და GWP-სთან დავას უზენაეს სასამართლოში გააგრძელებენ

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა საკასაციო წესით, უზენაეს სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისის მერიის და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ მისი სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ალეკო ცქიტიშვილი 2017 წლიდან ადმინისტრაციული საჩივრით მოითხოვს, დაევალოს ქალაქ თბილისის მერიას გამაფრთხილებელი და ბანაობის ამკრძალავი ბანერების განთავსება, ასევე - კაპიტალური ბარიერები მოწყობა ე.წ. ჩანჩქერთან, თბილისის ზღვის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო ადგილას, სადაც 2017 წლამდე რამდენიმე არასრულწლოვანი დაიხრჩო, მათ შორის, მისი შვილი, ცოტნე ცქიტიშვილი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, ალეკო ცქიტიშვილმა 2017 წლის დეკემბერში ქალაქ თბილისის მერიისა და წყლის გამანაწილებელი კომპანიის - GWP-ს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა. თითქმის ორწლიანი განხილვის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნათია ბუსკაძის გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისის მერიას ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟება, ასევე - ჩანჩქერის არხის ზოლზე 2.5 მეტრის სიმაღლის კედლის მოწყობა დაევალა, რათა მასზე გადასვლა ვერავინ შეძლოს.

თუმცა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაზარალებული ოჯახის მოთხოვნა, მერიას დაკისრებოდა მორალური ზიანის ანაზღაურება 50 000 ლარის ოდენობით. ამიტომ სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა. თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს ქალაქ თბილისის მერიამაც მიმართა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ იგი ქალაქში მსგავსი უბედური შემთხვევების პრევენციაზე პასუხისმგებელი არ არის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაჭიანურებულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთი მოპასუხე მხარის, GWP-ს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ქალაქ თბილისის მერიის „თხოვნით“, ჩანჩქერთან არსებული სახიფათო ტერიტორია მათ უკვე შემოღობეს, დაამონტაჟეს გამაფრთხილებელი ბანერები და ვიდეოკამერები. მოსარჩელის მოთხოვნით, GWP-მ სასამართლოს შესაბამისი მასალებიც წარუდგინა, რითაც გაირკვა, რომ თბილისის მერიამ GWP-ს მსგავსი წერილით ნამდვილად მიმართა და ამის შემდეგ ფაქტობრივად, GWP-მ შეასრულა ის სამუშაოები, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მერიას დაავალა. ასეთი ხრიკით, თბილისის მერიამ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდა და სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულა, რომელსაც პრეცედენტული ძალა ჰქონდა და ფაქტობრივად, სამომავლოდ დაზარალებულთა მსგავს დავებს ეხებოდა თბილისის მერიის წინააღმდეგ.

2022 წლის 27ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსამართლე ლეილა მამულაშვილის თავმჯდომარეობით, ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ადმინისტრაციული საჩივარი არ დააკმაყოფილა, რითაც იგი ქალაქ თბილისის მერიისგან და წყლის გამანაწილებელი კომპანია GWP-სგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. ამავე დროს, სასამართლომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც გააუქმა, რითაც დაკმაყოფილებული იყო მოსარჩელის მოთხოვნა, სახიფათო ადგილზე მყარი ბარიერების და გამაფრთხილებელი ბანერების მოწყობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის განმარტებით, ვინაიდან ადგილზე GWP-მ ტერიტორია შემოსაზღვრა და ბანერებიც განათავსა, მოპასუხე მერიის მიმართ დავის საგანი აღარ არსებობს. რაც შეეხება მოპასუხეებისთვის მორალური ზიანის დაკისრების საკითხს, სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი უსაფრთხოების ნორმების დაუცველობასა და დამდგარ შედეგს შორის.

ადამიანის უფლებათა ცენტრს მიაჩნია, რომ 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი არგუმენტებით გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული საკასაციო საჩივრით, ალეკო ცქიტიშვილი მოითხოვს, გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული პალატის გადაწყვეტილება არის სრულიად დაუსაბუთებელი და სამარცხვინო. ამ გადაწყვეტილების იურიდიულ ძალაში შესვლა გამოიწვევს წყლის ობიექტებზე არაერთ უკუშედეგს ადამიანის სიცოცხლისა და უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რის გამოც სადავო გადაწყვეტილება მთლიანად აცდენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სულისკვეთებას.

საკასაციო საჩივრის მომზადება შესაძლებელი გახდა პროექტის - „კამპანია „იცურე მშვიდად“ - წყლის ობიექტებზე სიკვდილიანობის პრევენცია“ ფარგლებში. პროექტს და კამპანიას 2018 წლიდან მხარს უჭერს „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო