საქართველოს დელეგაციამ იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით იაპონიის პარლამენტში შეხვედრები გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქართველი პარლამენტარები შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჰიტოში კიკავადას, მთავრობის ზედამხედველობის (კაბინეტის) კომიტეტის თავმჯდომარეს ჰიდეო ონიშის და კომიტეტის წევრებს, ასევე საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს იჩირო აისავას და ჯგუფის წევრებს.

შეხვედრებზე ხაზი გაესვა, ბოლო დროს, საქართველოსა და იაპონიას შორის საპარლამენტო ვიზიტების მზარდ დინამიკას.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის ორი დელეგაცია ეწვია იაპონიას და ასევე, იაპონიის პარლამენტის ორი დელეგაციის ვიზიტი შედგა საქართველოში, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა ორი ქვეყნის ისტორიაში. ასევე, აღინიშნა, რომ ზოგადად, საქართველოსა და იაპონიას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, გახდა ძალზე დინამიური და მოიცვა ბევრი სფერო", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, შეხვედრებზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდეს.

„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ვიმუშავებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, ტურიზმის გამარტივებაზე, მათ შორის, პირდაპირი ავიაფრენების დანიშვნაზე, განათლებისა და კულტურის, ასევე, განახლებადი ენერგიის სფეროებში ურთიერთობების განვითარებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ ახლახან ტოკიოში გაიხსნა იაპონია-საქართველოს სავაჭრო პალატა, რომელიც საქართველოში იაპონური ინვესტიციების მოზიდვით არის დაკავებული.

როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეხვედრებზე საუბარი იყო უსაფრთხოების გარემოზე და საქართველოსა და იაპონიის წინააღმდეგ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, მათ შორის, ორივე ქვეყნის მიმართ რუსეთის მიერ ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ფაქტზე.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად ვითანამშრომლებთ საერთაშორისო ასპარეზზე და საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის პოზიციებს მხარს დავუჭერთ.

იაპონია აქტიურად გვეხმარება წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებაში და იაპონელი პარლამენტარები დაგვპირდნენ, რომ გააგრძელებენ ამ მიმართულებით ჩვენს მხარდაჭერას.

ასევე, საუბარი გვქონდა შავი ზღვის და აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, გლობალურ გამოწვევებზე და შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებაზე", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იაპონური მხარე მზად არის საქართველოსთან ურთიერთობების მრავალმხრივი განვითარებისთვის.

„შეხვედრებზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და იაპონიას საერთო ფასეულობები, ღირებულებები და ინტერესები გააჩნიათ და საქართველო რეგიონში იაპონიის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორია", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

იაპონიის პარლამენტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ბექა ოდიშარია.

ემილ ავდალიანი - ის, რაც დღეს ხდება საქართველოში თუ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში, რუსეთს უნდა აწყობდეს, რადგან ასეთი შედარებით ქაოტური ვითარება მოსკოვს ბევრ საშუალებას აძლევს
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება
„თიბისის“ მხარდაჭერით, ანტიკური კოლხეთის ქალაქი - ვანი, ეტრუსკული ცივილიზაციისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს
BTU-ს AI-ს საბაკალავრო პროგრამას აკრედიტაცია მიენიჭა