პაატა მანჯგალაძე - სერგეი შამბა უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, რომლისგანაც დაგმობა არ გვინახავს

სერგეი შამბა უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე ჩვენი ხელისუფლება, რომლისგანაც დაგმობა არ გვინახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

„მინდა ყურადღება მივაქციოთ, რომ სერგეი შამბა, რომელიც არის არაღიარებული სეპარატისტული რესპუბლიკის წარმომადგენელი, უფრო რადიკალური იყო მედვედევის განცხადების შეფასებაში, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება. მან თქვა, რომ არც კი განიხილება რუსეთთან შეერთების საკითხი და დაგმო მედვედევის განცხადება. ჩვენ არ გვინახავს დაგმობა საქართველოს ხელისუფლებისგან.

გურამ მაჭარაშვილზე უფრო რაციონალური და კრიტიკული განცხადება ჰქონდა კონსტანტინე ზატულინს, ამის მერე რაღაზე უნდა ვილაპარაკოთ? მედვედევი ზატულინმა უფრო გააკრიტიკა, ვიდრე "ქართული ოცნების" სპიკერებმა. არანაირი თავისუფლების მომტანი, კონსტიტუციის დამცველი ეს ხელისუფლება არ არის, მათი მთავარი ამოცანაა ხელისუფლების შენარჩუნება ხალხის ძარცვისთვის, ამისთვის მზად არიან სული მიყიდონ ეშმაკს და ეს ლუციფერი არის რუსეთი. სკამის გამო ყველაფერზე ხელის მომწერები არიან. ქვეყნის მოქალაქეების 90 პროცენტს, რომელსაც ევროინტეგრაცია უნდა, არ უნდა რუსული ჩექმა მისი და მისი შვილების კისერზე. არ უნდა ავირჩიოთ და ხმა არ უნდა მივცეთ მარიონეტულ რეჟიმს,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, - განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

"ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,"- განაცხადა მედვედევმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო