საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის მეთაურობით იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, იუუმი ოშიკავასთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ ურთიერთობებზე და მიმდინარე წელს მინისტრის მოადგილის საქართველოში ვიზიტის შედეგებზე.

„მაისის თვეში ჩვენს ქვეყანაში იუუმი ოშიკავას ვიზიტის შემდეგ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, მათ შორის: ინვესტიციების დაცვის შესახებ, ერთობლივი საკრედიტო მექანიზმის შესახებ და ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ, რაც საკმაოდ სოლიდურ ბაზას ქმნის საქართველოში იაპონური ინვესტიციების შემოსვლისთვის", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გააქტიურებული დინამიკა, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საპარლამენტო დონეზე.

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, საუბარი შეეხო ორივე ქვეყნისთვის მტკივნეულ თემას, რომელიც ეხება ტერიტორიული მთლიანობის საკითხს.

„მინისტრის მოადგილემ გაგვაცნო მათი სამშვიდობო პოლიტიკის ნაბიჯები, რომელიც იაპონიამ ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთთან მიმართებაში გადადგა. ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ანექსიის საფრთხეებზე. იუუმი ოშიკავამ კიდევ ერთხელ მყარად დაგვიდასტურა, რომ იაპონია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდამჭერი და ასევე, მათი მხრიდან გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში ჩვენს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკა იყოს მაქსიმალურად წარმატებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და იაპონიასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა აღნიშნა, საუბარი შეეხო ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში უფრო მჭიდრო თანამშრომლობის საკითხს.

„შევთანხმდით, რომ უფრო მეტი კოორდინაცია გვექნება ამ მიმართულებითაც და გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში შედგეს იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი", - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძე.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი მეზურნიშვილი, ლევან მგალობლიშვილი და ბექა ოდიშარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა