საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზებას იწყებს

საქართველოს ეროვნული ბანკი ბაგრატ III-ისა და ფარნავაზ I-ის საკოლექციო მონეტების რეალიზებას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, „საქართველოს მეფეების“ საკოლექციო მონეტების სერიისათვის შეირჩა მეფეები, რომელთა მმართველობაც გარდამტეხი აღმოჩნდა ქვეყნის ისტორიისთვის.

„სერია ხაზს უსვამს ქვეყნის სოციო-პოლიტიკურ, თუ ისტორიულ კონტექსტს და იმ გამორჩეულ ეტაპებს, რომლებმაც სხვადასხვა დროს, რადიკალურად შეცვალა ქვეყნის განვითარების ხაზი. 2020 წლიდან დღემდე "საქართველოს მეფეების" სერიის ფარგლებში გამოშვებული საკოლექციო ოქროს და ვერცხლის მონეტები მიეძღვნა ერეკლე მეორეს, დავით აღმაშენებელს, თამარ მეფეს, ვახტანგ გორგასალსა და გიორგი ბრწყინვალეს. ამჯერად კი ეროვნული ბანკი უშვებს ოქროს და ვერცხლის საკოლექციო მონეტებს მეფე ბაგრატ მესამისა და მეფე ფარნავაზ პირველის თემებზე, რითაც აღნიშნული სერია სრულდება.

ბაგრატ მესამე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მეფეა, სწორედ მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფეოდალური მონარქიის გაერთიანება და განვითარებული შუა საუკუნეების ერთიანი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბება.

მეფე ფარნავაზ I საქართველოს ისტორიაში ასევე გამორჩეული ღვაწლის მქონე მონარქია, სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ქართულ სახელმწიფოს, შეძლო რა მცხეთის განთავისუფლება დამპყრობლებისაგან, შემდეგ კი შემოიერთა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიები.

ორივე ზემოხსენებულ თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის მქონე ოქროსა და ვერცხლის მონეტების რეალიზაცია დაიწყება ერთდროულად, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

ორივე თემისათვის 1 ოქროს მონეტის სარეალიზაციო ფასი 1,470 ლარია, ხოლო ვერცხლის მონეტის -100 ლარი. 2023 წლის 31 აგვისტოდან დაიწყება წინასწარ შეკვეთილი მონეტების გაცემა:

საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა (თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72-ე კმ. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00); და საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში (ყვარელი, შოთა რუსთაველის #10, ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, შესვენება 13:00-14:00) დარჩენილი საფასურის გადახდით, შემკვეთის ან მისი უფლებამოსილი პირის მიერ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე;

საქართველოს ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიით, მათი ღირებულების დარჩენილი საფასურისა და მათი მიწოდების (დაზღვევის ჩათვლით) ღირებულების გადახდით; შეკვეთის დასრულებისა და მიწოდების პირობები დეტალურად იხილეთ: https://moneymuseum.nbg.gov.ge/index.php?m=384

მომხმარებლებს, რომელთაც წინასწარ შეუკვეთეს მონეტა, მონეტების მიღების შესახებ დეტალური ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მათ ელ. ფოსტაზე გაგზავნილ შეტყობინებაში.

2023 წლის 14 სექტემბრიდან დაიწყება მონეტების გაყიდვა თავისუფალ რეჟიმში, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით, ასევე, საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრსა და ფულის მუზეუმში. მონეტების გაყიდვის პროცესში მომხმარებელთა დიდი მოთხოვნის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი იტოვებს უფლებას, გარკვეული პერიოდით შეზღუდოს ერთ მომხმარებელზე გასაყიდი მონეტის რაოდენობა, მათი უფრო მეტი დაინტერესებული პირის ხელმისაწვდომობისთვის“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეტალურად ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის