პროფესორი ტომას იონტერი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი გახდა

სტოკჰოლმის უნივერსიტეტის პროფესორ ტომას იონტერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, პროფესორმა ტომას იონტერმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბსუ-ს განვითარებასა და ინტერნაციონალიზაციაში.

„განსაკუთრებულია მისი დამსახურება ბსუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის რეაკრედიტაციისა და საერთაშორისო და საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების შემუშავებაში. ის არის პროექტის „ბათუმის საზაფხულო უნივერსიტეტი“ ერთ-ერთი ავტორი, რომელსაც ბსუ მერვედ მასპინძლობს და ეხება გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს.

განუსაზღვრელია პროფესორ ტომას იონტერის როლი ბსუ-ს მიზნობრივი საგრანტო კონკურსის ფარგლებში გამარჯვებული პროექტის „ღია მმართველობა როგორც საჯარო მმართველობის რეფორმირების ახალი მოდელის შესწავლა საქართველოს მაგალითზე“ საერთაშორისო ასპექტების კუთხით. პროფესორ ტომას იონტერის ჩართულობით პანდემიის პერიოდში საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის წევრების კვლევითი უნარების განვითარების მიზნით ჩატარდა ონლაინ ტრენინგები თემაზე - „აკადემიური წერა მკვლევართათვის“ და „როგორ გამოვაქვეყნოთ პუბლიკაციები მაღალ რეიტინგულ ჟურნალებში“.

პროფესორ ტომას იონტერის კვლევითი საქმიანობის მიმართულებას წარმოადგენს ბირთვული იარაღის გავრცელების საერთაშორისო ისტორია, ბირთვული იარაღის კონტროლისა და გაუვრცელებლობის საკითხი. აღნიშნული მიმართულებით მას არა ერთ საერთაშორისო პროექტში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელთა ფარგლებში თანამშრომლობდა ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა: ვუდრო ვილსონის საერთაშორისო მკვლევართა ცენტრი, შვედური პუგვაში და სხვა. მის სამეცნიერო მუშაობას მხარს უჭერს სხვადასხვა ორგანიზაციის კვლევითი გრანტები, კერძოდ, კარნეგის კორპორაცია, შვედეთის კვლევითი საბჭო. ის არის 5 მონოგრაფიის, 4 სახელმძღვანელოსა და ათობით სამეცნიერო სტატიის ავტორი.

პროფესორი ტომას იონტერი მრავალი ორგანიზაციისა და საბჭოს წევრია, მათ შორის, შვედეთის საერთაშორისო სამართლისა და განიარაღების კომისიის, „ბირთვული განათლების“ პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს და სხვა. ასევე ის მონაწილეობდა შვედეთის დელეგაციის კონსულტირების პროცესში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მიმოხილვის კონფერენციისას“, - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის