დიპლომატი და ბიზნეს-ლიდერი, ჯონ კრისტიან კორნბლუმი „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარე გახდა

ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის პოსტზე დიპლომატი ჯონ კრისტიან კორნბლუმი დაინიშნა.

„ჯეოქეისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯონ კრისტიან კორნბლუმის გამოცდილება დიპლომატიისა და ბიზნესის სფეროში, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების სიღრმისეულ ცოდნასთან ერთად, განსაკუთრებული მნიშვნელობის იქნება „ჯეოქეისისათვის“.

„ელჩ ჯონ კორნბლუმის წარმატებული კარიერა მოიცავს აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში დიპლომატიურ სამსახურში და აღმასრულებელი ხელმძღვანელის პოზიციებზე მუშაობის გამოცდილებას. 1997-2001 წლებში, იგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გერმანიაში; ასევე, მუშაობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტის პოზიციაზე ევროპის მიმართულებით; იყო საგანგებო დესპანი დეიტონის სამშვიდობო პროცესში; აშშ-ს ელჩი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ჰელსინკის პროცესი); ნატო-ში აშშ-ის ელჩის მოადგილე; აშშ-ის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მეთაურის მოადგილე გაყოფილ ბერლინში.

გამორჩეულ დიპლომატიურ მოღვაწეობასთან ერთად, აღსანიშნავია ელჩ კორნბლუმის წარმატებული საქმიანობაც ბიზნესის სფეროში. 2001-2009 წლებში იყო Lazard Freres Germany-ის თავმჯდომარე. ამჟამად იკავებს საერთაშორისო იურიდიული ფირმის, Noerr-ისა და გლობალური საკონსულტაციო კომპანიის, Accenture-ის უფროსი მრჩევლის თანამდებობას. არის არაერთი კომპანიის, მათ შორის, Thyssen-Krupp Technologies AG, Bayer AG, Russell Reynolds და Motorola Europe-ის, სამეთვალყურეო და მრჩეველთა საბჭოს წევრი“-ნათქვამია ინფორმაციაში.

„ჯეოქესისის“ განმარტებით, ელჩი კორნბლუმი, ასევე, თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან ატლანტიკის ორივე მხარეს. იგი აქტიურად მონაწილეობს გერმანიაში ამერიკის სავაჭრო პალატის, ბერლინის ამერიკული აკადემიის, ბერლინში Deutsche Oper-სა და რამდენიმე არაკომერციული ორგანიზაციის საქმიანობაში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის გერმანიის ღირსების ორდენის რაინდის ჯვარი და ავსტრიის ღირსების ორდენი.

„ჩვენთვის დიდი პატივია ელჩ ჯონ კორნბლუმის მხრიდან „ჯეოქეისის“ მრჩეველთა საბჭოს საპატიო თავმჯდომარის პოზიციაზე თანამშრომლობა. მისი გამორჩეული ცოდნა, გამოცდილება და ხედვები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „ჯეოქეისის“ წინსვლასა და განვითარებას“ - აღნიშნა ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ემოციური ზაფხული და არანაკლებ სახიფათო შემოდგომა გველის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს