სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მუხიანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სკვერში, საბავშვო ატრაქციონები არასწორად დამონტაჟდა, რაც საზოგადოების დეზინფორმაციას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საბავშვო ატრაქციონები უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით დაამონტაჟა.
„აღნიშნულ სასრიალოს აქვს „EN 1176“ სერტიფიკატი და სამიდან 12 წლამდე ბავშვებისთვისაა გათვლილი.
„EN 1176“მ რეგულაცია ევროკავშირის ქვეყნების მიერ აღიარებული სტანდარტია, სათამაშო მოედნებისა და სათამაშო აღჭურვილობისათვის. იგი განსაზღვრავს უსაფრთხოების ზოგად მოთხოვნებს და ტესტირების პროცედურებს სათამაშო მოედნების აღჭურვილობებისთვის.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, ნებისმიერი ინფორმაცია მერიის შესაბამის სამსახურთან გადაამოწმონ”, - ნათქვამია განცხადებაში.