რეანიმაციული და ქირურგიული სერვისის მიმწოდებელი კლინიკებისთვის ახალი სანებართვო პირობები შემოდის, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე, საავადმყოფოებს მომსახურების გაწევის უფლება არ ექნებათ

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რას გულისხმობს რეანიმაციული და ქირურგიული სერვისის მიმწოდებლებისთვის განსაზღვრული ახალი სანებართვო პირობები, რომელიც ძალაში 1-ელი სექტემბრიდან შევა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, რეანიმაციული განყოფილებები შესაბამის პირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სანებართვო პირობების დაკმაყოფილების გარეშე, კლინიკას მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

„სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარე წლის 1-ელი სექტემბრიდან, რეანიმაციული და ქირურგიული სერვისის მიმწოდებლებისთვის, ახალი სანებართვო პირობები შედის ძალაში.

სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების დაკმაყოფილების გარეშე, კლინიკას მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.

ახალი სტანდარტები დაწესდა ქიმიოთერაპიული, ასევე ბარიატრიული სერვისების მიმწოდებლებისთვისაც. კერძოდ, განისაზღვრა პირობები - ქიმიოთერაპიის განყოფილების მოწყობის, აღჭურვილობის, ვენტილაციის, ფარმაცევტული საშუალებების შესანახი ოთახის, ასევე - სამედიცინო პერსონალის რაოდენობის კუთხით. როგორც სხვა სტანდარტებში, ამ შემთხვევაშიც, მოთხოვნილია ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში მონაწილეობა.

ქიმიოთერაპიული მომსახურების მიმწოდებლებისთვის, სანებართვო პირობები 2 ნაწილად ამოქმედდება. ცვლილებები, ძირითადად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, რამდენიმე პუნქტზე კი 2024 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა ძალაში.

რაც შეეხება ბარიატრიულ ქირურგიას, სერვისის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა მისი რეგულირების მექანიზმის სრულყოფაც. ცვლილების მიხედვით, აღნიშნული პროცედურები მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს. სტანდარტი განსაზღვრავს მოთხოვნებს ქირურგის კვალიფიკაციასა და გამოცდილებასთან დაკავშირებითაც. განახლებული სანებართვო პირობები დაწესებულებებმა 2023 წლის 1-ელ ოქტომბრამდე უნდა დააკმაყოფილონ.

ბარიატრიული ოპერაცია საკმაოდ რთული ქირურგიული ჩარევაა და ის მხოლოდ კონკრეტული ჩვენებების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს. სწორედ ეს ჩვენებები განისაზღვრა პროტოკოლით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტანდარტების შესაბამისად. პაციენტს უნდა ჰქონდეს შესაბამისი წონის ინდექსი, თანმხლები დაავადებები, ჩარევამდე პაციენტის მდგომარეობა უნდა შეფასდეს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, ჩაუტარდეს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები და ა.შ.

მსგავსი ტიპის ცვლილებების საჭიროება „მეტაბოლური და ბარიატრიული ქირურგიის ჩარევის ჩვენებების“ - პროტოკოლზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა. შესაბამისი რეკომენდაციები საქართველოს ბარიატრიული და მეტაბოლური ქირურგიის ასოციაციის ექსპერტებმა წარმოადგინეს.

საერთო ჯამში, ახლად განსაზღვრული სანებართვო პირობები, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს, პაციენტისთვის მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების შესაძლებლობას მისცემს და 2025 წლისთვის, საერთაშორისო აკრედიტაციის პირობების დაკმაყოფილებას გაუადვილებს“, - აღნიშნავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო