კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, უბრალოდ დაბინძურების გამო გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები: ფოთლებით, ნაჭრებით, პარკებით, რამაც გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა კოლექტორებს. სხვა შემთხვევაში კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, ამის ფაქტია ის, რომ როცა წვიმამ გადაიღო, დაახლოებით 10 წუთში მთელი ტერიტორია გაწმენდილი იყო, - ამის შესახებ შპს „თბილსერვისის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, დავით ფაჩულიამ განაცხადა.
ამავე დროს, როგორც ფაჩულიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დედაქალაქის ყველა უბანში სანიაღვრე სისტემა არ არის მოწყობილი.
„დედაქალაქში 5-6 საათი შეუჩერებლად წვიმდა და ამან კონკრეტულ ადგილებში პრობლემები შექმნა. ეს იყო გლდანი-ნაძალადევის რაიონი, თამარაშვილის პანდუსთან მიმდებარე ტერიტორია, ორხევის მიმართულებით დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები და ასევე, იყო გზის ჩამოშლის ფაქტები. მთელი ღამის განმავლობაში „თბილსერვის ჯგუფი“ და მუნიციპალიტეტის სამსახურები ჩართულები იყვნენ გაწმენდით სამუშაოებში.
მინდა აღვნიშნო, რომ კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, უბრალოდ დაბინძურების გამო, რომელიც დედაქალაქში იყო, შეერია სანიაღვრე სისტემა კანალიზაციას და მოკლედ, მოხდა დაბინძურება. გადაიფარა კოლექტორების სანიაღვრე მიმღებები: ფოთლებით, ნაჭრებით, პარკებით, რამაც გატარების შესაძლებლობა აღარ მისცა კოლექტორებს. სხვა შემთხვევაში კოლექტორები ძალიან კარგად მუშაობდა, ამის ფაქტია ის, რომ როცა წვიმამ გადაიღო, დაახლოებით 10 წუთში მთელი ტერიტორია გაწმენდილი იყო, აღარ რჩებოდა გუბეები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამისთვის ყოველთვის ვემზადებით, გაზაფხულიდან ვიწყებთ კოლექტორების წმენდას ლამისგან, ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან. მაინც, როდესაც დიდი ნალექი მოდის, ფაქტობრივად, მდინარეები მოდიოდა, ამ დროს წარმოუდგენელია საერთოდ რამე კოლექტორზე საუბარი“, - განაცხადა ფაჩულიამ.
მისივე თქმით, მოქალაქეების მიერ უკანონოდ განთავსებული ნარჩენი, დაბინძურების მთავარი ფაქტორი და წვიმის დროს მთავარი გამოწვევაა.
„ჩვენ კონკრეტულ ლოკაციებზე ყოველდღიურად წმენდით სამუშაოებს ვახორციელებთ. კონკრეტული ცხელი ლოკაციები, წერტილები სადაც გვაქვს, ჩვენი სამსახურის მიერ არის აღრიცხული. ვთქვათ, სადაც შეიძლება მეტად იყოს საჭიროება გაწმენდის, ყოველდღიურ რეჟიმში ჩვენ ამას ვახორციელებთ, ეს არის „თბილისერვისის“ სანიაღვრე დეპარტამენტის მოვალეობა, რომ ყოველდღიურ რეჟიმში ამის გაწმენდა მოხდეს.
„თბილსერვისის“ მოვალეობა არის დედაქალაქის მასშტაბით დაგვა-დასუფთავება და მოვლა-პატრონობა, თუმცა თუ იმ მოქალაქეების თვითშეგნება არ აიწია, რომლებიც სანიაღვრე სისტემებს აბინძურებენ (ამაზე არაერთი რეპორტაჟები გვაქვს გაკეთებული) და არ მიხვდნენ, რომ არ დავყაროთ ქუჩაში ნარჩენი, ვერც „თბილსერვისი“ და ვერც ვერანაირი სამსახური ვერ გაჰყვება უკან და ვერ დაუსუფთავებს დაბინძურებულ ადგილს. უკანონოდ განთავსებული ნარჩენი ქმნის პრობლემას, არა მარტო წვიმის დროს, ისე დაბინძურების მხრივ, აზიანებენ ჩვენს ნაგავმზიდებს, ამტვრევენ და ქალაქში პრობლემას ქმნიან.
ზოგადად დედაქალაქში ყველა უბანში სანიაღვრე სისტემა არ არის მოწყობილი, არც ყოფილა და თბილისის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურის დაკვეთით, საჭიროებიდან გამომდინარე დედაქალაქს ყოველდღიურად, ყოველწლიურად ახალი წერტილები და ქსელები ემატება, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არის ყველგან სანიაღვრე სისტემა, სადაც არის ზოგან არის ამორტიზებული“, - განაცხადა ფაჩულიამ.