სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლაშა შალამბერიძის განმარტებით, იმ ფერმერებმა, რომლებიც თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში დროულად ჩაერთნენ და მისი მოვლის საშუალებები სწორად გამოიყენეს, წელს კარგი მოსავალი მიიღეს და თხილი მისაღებ ფასში ჩააბარეს.
როგორც შალამბერიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, როდესაც ფერმერს მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი აქვს, მას უფრო მეტს უხდიან.
ის მოსახლეობას მოუწოდებს, თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთონ და თხილის ბაღები სხვადასხვა მავნებელთან ბრძოლის კუთხით დროულად დაამუშაონ.
„მსოფლიო ბაზარზე თხილზე მოთხოვნა მზარდია, საუბარია ხარისხიან თხილზე. სწორედ ამიტომ, რადგან მოსახლეობას გვერდში დგომა სჭირდებოდა, სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება თხილის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების თაობაზე, რაც ჰექტარზე 500 ქულით დაფინანსებას გულისხმობს. ფაქტობრივად, ფერმერი ერთ ჰექტარზე 500 ქულას მიიღებდა, რომლითაც შეეძლო ეს ქულები თხილის შესაწამლად და სხვადასხვა საჭირო პესტიციდების შესაძენად გამოეყენებინა. მნიშვნელოვანი აღვნიშნოთ, რომ ფერმერებმა, რომლებმაც დროულად და მიზნობრივად გამოიყენეს აგრობარათები, დღეს ძალიან კარგი და ხარისხიანი მოსავალი აქვთ. ხარისხი არის პრიორიტეტი და ბუნებრივია, ექსპორტიორები ცდილობენ მაღალი ხარისხის თხილი მიიღონ, რათა ქვეყნიდან უმაღლესი ხარისხის თხილი გავიდეს, რაც რა თქმა უნდა, ფასზეც არის დამოკიდებული. ბუნებრივია, როდესაც ფერმერს მაღალი ხარისხის თხილის მოსავალი აქვს, მას უფრო მეტს უხდიან. ფაქტობრივად, წინა წლის 7 ნოემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე გავაკეთეთ მიწის კადასტრის რეგისტრაცია, რომლითაც 90 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. შესაბამისად, 90 ათასზე მეტ ბენეფიციარს ჩაერიცხა ქულები, რომელიც მათ შეეძლოთ გამოეყენებინათ. თხილის ხარისხი არის უმნიშვნელოვანესი. ფერმერმა, რომელმაც დროულად და მიზნობრივად გამოიყენა ბარათები, თხილის პლანტაციები დაამუშავა, წელს კარგი მოსავალი აქვთ, მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შარშანდელთან შედარებით და მათ თხილი მისაღებ ფასში ჩააბარეს. ფერმერებისთვის 1 ჰექტარზე სრულად საკმარისი იყო 500 ქულა, რომელიც სასუქებისა და პესტიციდების შესაძენად უნდა გამოეყენებინათ. საერთო ჯამში, 20 მილიონზე მეტი ლარი ჩაერიცხა ჩვენს მოსახლეობას აგრობარათების სახით“,-განაცხადა შალამბერიძემ.
მან მოუწოდა ფერმერებს, აუცილებლად დაამუშაონ თხილის ბაღები, რათა უკეთესი მოსავალი ჰქონდეთ.
„მოსავლის აღების შემდეგ, თხილი საჭიროებს სხვადასხვა პესტიციდებითა და შხამქიმიკატებით დამუშავებას. ფაქტობრივად, მთელი საქართველოს მასშტაბით იმ ფერმერებს, რომლებსაც 2000 კვ მეტრიდან 3 ჰექტრის ჩათვლით თხილის ბაღები ჰქონდათ, ყველა რეგისტრირებულია კადასტრში და ვისაც აგროქულები ეკუთვნოდა, ყველას ჩაერიცხა. უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა ფერმერმა, ვისაც თხილის ბაღი აქვს, ყოველთვის ჩაატაროს ღონისძიებები ბაღებში სხვადასხვა დაავადებებთან ბრძოლის თვალსაზრისით, რათა მათ მაღალი ხარისხის თხილი მიიღონ. ეს ჩვენი რეკომენდაციაა და მოვუწოდებთ მოსახლეობას. ყოველთვის, ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო კულტურას და არა მხოლოდ თხილს, აგროკალენდრის მიხედვით ღონისძიებების ჩატარება სჭირდება, რათა მაღალი ხარისხის მოსავალი ჰქონდეთ“, - განაცხადა შალამბერიძემ.
ამასთან, მისი განმარტებით, აქტიურად გრძელდება ფაროსანასთან ბრძოლა და მავნებელთან ბრძოლის კუთხით შედეგები ყოველწლიურად უმჯობესდება. „სახელმწიფო ტერიტორიებს ამუშავებს. ამიტომ, ფერმერების ჩართულობა აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ არის დევიზი - ერთად უნდა ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას. სახელმწიფო გააგრძელებს და რა თქმა უნდა, დაამუშავებს ფართობებს, მაგრამ ფერმერთა ჩართულობაც ამ მავნებელთან ბრძოლაში არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა შალამბერიძემ.