კოტე ზარნაძე - ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა - არის შემთხვევები, როცა გარემოვაჭრეების მხრიდან ხდება ცხაურების მოხსნა და შენახვის მიზნით, თავიანთი ინვენტარის შიგნით ჩალაგება

ხელის გაშვერა არავის არავისკენ უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, იმას ვიტყვი: ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა - ამოღებულია და ჩაყრილია სპეციალურად. სპეციალურად არ ვიცი, შეიძლება, ზოგმა არც იცის, სანიაღვრე ქსელი როგორ ფუნქციონირებს, - ამის შესახებ გლდანის რაიონის მაჟორიტარმა, კოტე ზარნაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც თბილისში ძლიერი წვიმის შედეგად შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე სისტემიდან „თბილსერვისის“ თანამშრომლებმა ბევრი ნაგავი ამოიღეს.

„მთელი ღამის განმავლობაში, იცით, რომ ძალიან ბევრი ნალექი მოვიდა რაიონის მასშტაბით. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი და მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე ქსელმა გატარება ვერ მოახერხა იმიტომ, რომ იქ, ძალიან ბევრი ნაგავი იყო ჩაყრილი - პარკები, ყუთები და პლასტმასები. იმდენი რაღაც ამოიღეს „თბილისერვისის“ თანამშრომლებმა, რომ ფიზიკურად შეუძლებელი იყო... მომავალში უფრო ყურადღებით ვიქნებით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის სანიაღვრე ქსელი მუდმივად გაიწმინდოს იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება ზარალს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია მთელი ღამის განმავლობაში გვქონდა, ამ მიმართულებით არის გარკვეული პრობლემები, გარკვეულ კორპუსებში სახურავებს აქვს პრობლემა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მაქსიმალურად იქნება ჩართული, რომ ეს პრობლემები და ზარალი მაქსიმალურად გამოსწორდეს“, - განაცხადა კოტე ზარნაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, ავჭალაში, ერთ-ერთი სახლის კედელი ჩამოინგრა, რის გამოც, მუნიციპალიტეტმა ხუთი ადამიანი სასტუმროში გუშინვე გადაიყვანა.

„არცერთ იმ ადამიანს, რომლის სახლშიც ცხოვრება შეუძლებელი იქნება, მუნიციპალიტეტი ქუჩაში არ დატოვებს, არ დატოვებს ისეთი სახლის პირობებში, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველი იქნება, - განაცხადა ზარნაძემ და აღნიშნა, რომ დაიწყება ზარალის დათვლა.

ასევე, მისივე ინფორმაციით, მერიამ მზადყოფნა გამოთქვა, რომ ნებისმიერ მსგავს სიტუაციაში გამოიყოს დამატებითი სახსრები, რათა აღადგინონ სახლები.

რაც შეეხება კითხვას, სანიაღვრე სისტემებს აბინძურებენ თუ არა მოვაჭრეები, კოტე ზარნაძე ასე პასუხობს:

„ხელის გაშვერა არავის არავისკენ არ უნდა, მაგრამ მე რაც ვნახე, იმას ვიტყვი: ბადეში, რომელიც ცხაურს თავზე ადევს, წყალი ყუთს ფიზიკურად ვერ ჩაიტანდა - ამოღებულია და ჩაყრილია სპეციალურად. სპეციალურად არ ვიცი, შეიძლება, ზოგმა არც იცის, სანიაღვრე ქსელი როგორ ფუნქციონირებს. ერთი, იმის თქმა მინდა, რომ იქ გარკვეული პრობლემები გვაქვს გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, რომლებსაც უფლებას არ ვაძლევთ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ივაჭრონ და არის შემთხვევები, როცა თავიანთი ინვენტარის, რითაც ვაჭრობენ, შენახვის მიზნით ხდება ამ ცხაურების მოხსნა და შიგნით ჩალაგება. ჩემი აზრია ასეთი, იმიტომ, რომ ფიზიკურად, ამ ცხაურში, რომელსაც რამდენიმე ნახვრეტი აქვს, ეს ყუთი ვერ ჩავიდოდა.

იმ ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის პრობლემა მუდმივად არის და ნამდვილად გამოსასწორებელია. რაც გაფუჭდა და რა ზარალიც მივიღეთ, იმას ვერავინ გამოასწორებს. უნდა ვიფიქროთ, მომავალში როგორ არ მოხდეს მსგავსი ზარალი და რა სამუშაოები ჩავატაროთ იმისთვის, რომ მსგავსი პრობლემა არ იყოს, თუნდაც ამ კონკრეტულ მიწისქვეშა გადასასვლელში”, - განაცხადა ზარნაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო