კერძო სექტორს და დამსაქმებლებს, მექანიზმებს ვთავაზობთ, პროფესიული პროგრამის შექმნის თავშივე იყვნენ ჩართულები პროფესიულ განათლებაში სწორედ იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც დღეს მათთვის დეფიციტურია და სხვადასხვა კვლევის თანახმად შრომის ბაზარზე მოთხოვნადია,- ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.
როგორც ამილახვარმა აღნიშნა, პროფესიული განათლების ბიუჯეტი სრულად იქნება მიმართული იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც თავშივე იძლევა გარანტიას, რომ პროგრამის კურსდამთავრებულის თითქმის 100%-იან დასაქმებას უზრუნველყოფს.
„საქართველოში არ დარჩენილა არცერთი ბიზნესგაერთიანება, ვისთანაც არათუ შეხვედრა, არამედ, ძალიან აქტიური კომუნიკაცია არ გვაქვს ჩამოყალიბებული. ბუნებრივია, საკითხი იმ პროფესიებს და იმ დეფიციტების აღმოფხვრას ეხება, რომელიც შრომის ბაზარზე გვაქვს. ამ კუთხით, კარი გახსნილია.
ეკონომიკურ საბჭოზე საბოლოოდ განვიხილეთ ახალი კონცეფცია, რომელსაც ახლო მომავალში წარმოვადგენთ საჯარო პრეზენტაციაზე. კერძო სექტორს და დამსაქმებლებს, კონკრეტულ მექანიზმებს ვთავაზობთ, რომ პროფესიული პროგრამის შექმნის თავშივე ჩართულები იყვნენ პროფესიულ განათლებაში სწორედ იმ პრიორიტეტული მიმართულებებით, რომელიც დღეს მათთვის დეფიციტურია და სხვადასხვა კვლევის თანახმად შრომის ბაზარზე მოთხოვნადია.
პროფესიული განათლების ბიუჯეტი სრულად იქნება მიმართული იმ პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც თავშივე მოგვცემს გარანტიას, რომ ამ პროგრამის კურსდამთავრებულის თითქმის 100%-იან დასაქმებას უზრუნველყოფს. ჩვენი კონცეფციის ძირითადი მიმართულება ამ საკითხს ეხება, კონკრეტული მექანიზმების შეთავაზება გვექნება, ვფიქრობ, რომ ძალიან მაღალი დაინტერესებაა“, - აღნიშნა ამილახვარმა.