საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი, მკლავჭიდში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ლუკა ცინაძე ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული - ჩემპიონის ტიტულის, ოქროსა და ვერცხლის მედლების მფლობელია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, მკლავჭიდში საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, სტუ-ის სტუდენტმა ლუკა ცინაძემ ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული 85 კგ წონით კატეგორიაში, 23 წლამდე ასაკის ვაჟ მკლავჭიდელთა შორის მარჯვენა ხელით ასპარეზობაში მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ლუკა ცინაძემ ავთანდილ თუთბერიძეს სძლია.
რაც შეეხება ვაჟ მკლავჭიდელთა შორის იმავე ასაკობრივ და წონით კატეგორიაში მარცხენა ხელით ასპარეზობას, აქაც ქართული ფინალი შედგა, რომელშიც ლუკა ცინაძეს მეტოქეობას ისევ და ისევ ავთანდილ თუთბერიძე უწევდა. ტურნირი ლუკა ცინაძის ვერცხლითა და ავთანდილ თუთბერიძის ოქროს მედლით დასრულდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების სახელით, სტუდენტ ლუკა ცინაძეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტს, მკლავჭიდში საქართველოს ორგზის ჩემპიონ ლუკა ცინაძეს საერთაშორისო აღიარებას - წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატში ღირსეულ გამარჯვებას, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებასა და ოქროსა და ვერცხლის მედლების პრიზიორობას. ეს გამარჯვება მისი დიდი შრომისა და უდრეკელობის, უპირობო ფსიქოლოგიური მზაობის შედეგია. დარწმუნებული ვართ, ის მომავალშიც არაერთ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვებს და თავის სპორტული კარიერის მანძილზე კვლავაც მრავალ ჯილდოს მოიპოვებს. მადლობას ვუხდით მკლავჭიდში საქართველოს ეროვნულ ნაკრების მწვრთნელებს - გიორგი მუსერიანსა და მალხაზ ხვედელიძეს, სპორტსმენთა ახალგაზრდა თაობას, რომლებიც საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის ხელშეწყობითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად მინისტრ თეა წულუკიანის მხარდაჭერით, ალმათიში მიმდინარე მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობენ და არაერთი გამარჯვება მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - აღნიშნავს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.
როგორც მკლავჭიდში წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონი, სტუ-ის სტუდენტი ლუკა ცინაძე ალმათიდან იტყობინება, საქართველოს ეროვნული ნაკრების სპორტსმენები საერთაშორისო მაღალი დონის ტურნირზე წარმატებით ასპარეზობენ და ამჟამად, მათ ანგარიშზე 10 ოქრო, 13 ვერცხლი და 5 ბრინჯაოს მედალია, რაც ქართული მკლავჭიდის, უდავოდ, დიდი გამარჯვებაა.
მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატი ყაზახეთის ქალაქ ალმათიში, მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (World Armwrestling Federation – WAF) ეგიდით, 27 აგვისტოდან მიმდინარეობს. აღნიშნული საერთაშორისო ტურნირი 3 სექტემბერს დასრულდება.