„მოქალაქეების“ დეპუტატი ქეთევან თურაზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა დროულად მოხდეს

საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი ეროვნული გამოცდების შედეგებს ეხმიანება და ხელისუფლებას მოუწოდებს, სტუდენტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა დროულად მოხდეს.

მისივე თქმით, უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი სტუდენტების მხარდამჭერი სერვისების მუდმივი დახვეწა და განვითარება უნდა იყოს.

„დღეს უამრავი ახალგაზრდისთვის ბედნიერი დღეა, დიდი შრომის, გარჯის შედეგად და დიდი ღელვის ფასად, 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. მინდა ვუსურვო თითოეულ მათგანს დიდი წარმატებები! ასევე, მინდა გავამხნეო ის ახალგაზრდები, ვინც წელს ვერ შეძლო სტუდენტის სტატუსის მოპოვება - უარი არ თქვათ ოცნებაზე! შეეცადეთ, უკეთ მოემზადოთ, კიდევ უფრო მეტი იშრომოთ და აუცილებლად შეძლებთ სწავლას იქ, სადაც გულით გინდათ.

დღეს არ ვისაუბრებ ხარვეზებზე, რაც განათლების სისტემაში გვაქვს, არ ვისაუბრებ რეპეტიტორების მანკიერ სისტემაზე, რომლის გარეშეც უნივერსიტეტში მოხვედრა პრაქტიკულად შეუძლებელია. დღეს საზეიმო დღეა, თუმცა ამ დღეს ახლავს სევდაც, ღელვაც, რომელიც დაკავშირებულია სწორედ დღევანდელ დღესთან და უდიდეს გამოწვევასთან, რომელიც სტუდენტური საცხოვრებლის პრობლემას უკავშირდება. უამრავმა ახალგაზრდამ რეგიონებიდან ჩამოდიან დედაქალაქში სასწავლებლად, ჯერ არ იცის სად უნდა იცხოვროს.

დიახ, მათი შრომა და ცოდნა დაფასდა, გახდნენ სტუდენტები, ჩამოვლენ რეგიონებიდან, რათა მიიღონ უმაღლესი განათლება და რას ვახვედრებთ ჩვენ მათ აქ... ვახვედრებთ არა ერთ პრობლემასა და ღელვას, რომელიც პირდაპირ არ უკავშირდება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესს, თუმცა პირდაპირ უკავშირდება ამ ახალგაზრდების ცხოვრებისა და სწავლის ხარისხს. დარწმუნებული ვარ არაერთ ახალგაზრდას ამ მომენტში შემდეგი კითხვები უტრიალებს თავში: შეძლებენ კი სწავლის ბოლომდე დასრულებას? გასწვდებიან სწავლის საფასურს? შეძლებენ კოლოსალურად გაზრდილი ქირის გადახდას?

სწორედ იმიტომ, რომ ახალგაზრდებს, ამდენი საფიქრალი ავარიდოთ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა სასწავლო წლის პერიოდში სრულად სწავლაზე კონცენტრირდეს და სწავლის დასასრულებლად მათთვის ყველა ბარიერი, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებული ბარიერები, იყოს მოხსნილი. შექმნილი მდგომარეობა აჩენს რისკს, რომ სტუდენტების ნაწილს აკადემიურის წლის აღება და სწავლის შეწყვეტა მოუწევს, რისი მომსწრენიც გასულ წლებში არა ერთხელ გავხდით.

უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ერთ-ერთი სახელმძღვანელო პრინციპი სტუდენტების მხარდამჭერი სერვისების მუდმივი დახვეწა და განვითარება უნდა იყოს. აუცილებელია სახელმწიფო დონეზე შემუშავდეს სტრატეგია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში იზრუნებს სტუდენტების სოციალურ საჭიროებებზე. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა სასწავლო წლის პერიოდში სრულად სწავლაზე კონცენტრირდეს და სწავლის დასასრულებლად მათთვის ყველა ბარიერი, მათ შორის საცხოვრებელთან დაკავშირებული ბარიერები, იყოს მოხსნილი. ამასთან, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებმა აიღონ გარკვეული ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, სტუდენტთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიმართულებით“, - აცხადებს ქეთევან თურაზაშვილი.

როგორც მან აღნიშნა, კარგი იქნება, თუ სახელმწიფო ყველა უნივერსიტეტს ავტორიზაციის ერთ-ერთ წინაპირობად საერთო საცხოვრებლის არსებობას მოსთხოვს.

„გამოსავალი შეიძლება იყოს, რომ სახელმწიფომ ყველა უნივერსიტეტს ავტორიზაციის ერთ-ერთ წინაპირობად საერთო საცხოვრებლის არსებობა უნდა მოსთხოვოს, სადაც სტუდენტები საცხოვრებლით შეღავათიან ფასში და ადეკვატური პირობებით ისარგებლებენ. ასევე, შეიძლება განვიხილოთ, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტში შევიდეს ცვლილება და უნივერსიტეტებს გაუჩნდეთ ვალდებულება, სულ მცირე შექმნან შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ სტუდენტთა დახმარებას საცხოვრებლის მოძიებისას. ამგვარმა საუნივერსიტეტო სამსახურებმა უნდა შექმნან საბინაო ფონდი, რომელსაც უნივერსიტეტი შესთავაზებს საცხოვრებლის მაძიებელ სტუდენტებს შეღავათიან ფასად. აღნიშნულის სისრულეში მოყვანა სტუდენტების მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს და ბინის ძიებასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუმსუბუქებს. ამ მიმართულებით სახელმწიფოს ჩართულობა და კერძო სექტორის დაინტერესებაც განუზომელია“, - აღნიშნავს ქეთევან თურაზაშვილი.

ქეთევან თურაზაშვილის აღნიშნულ კომენტარს პარტია „მოქალაქეები“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო