ცესკოსა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიისა (ცესკო) და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელებმა 2024 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა და „ენერგო-პრო ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ მამისეიშვილმა დღეს ცესკოში გამართულ შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს 2024 წლის არჩევნებისთვის არსებული გამოწვევებისა და მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ფონზე საარჩევნო უბნების ენერგომომარაგების საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია და სწორედ ამიტომ უწყება პრევენციულ მექანიზმებზე არჩევნებამდე თითქმის წლინახევრით ადრე მუშაობს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, „2024 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი პარლამენტის არჩევნებისთვის ინტენსიური სამუშაოები ფაქტობრივად ყველა მიმართულებით მიმდინარეობს. დღეს უკვე მეორედ შევხვდით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობას და განვიხილეთ მათთან უწყების წინაშე არსებული საჭიროებები, გამოწვევები, რისკები და მათი პრევენციისა და გადაჭრის გზები, იმისათვის, რომ არჩევნების დღეს როგორც საარჩევნო უბნებს, ისე საარჩევნო ტექნოლოგიებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდოს. ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ ელექტროენერგიის სხვა მომწოდებლებთან მუშაობას, იმისთვის, რომ ყველა რისკი და გამოწვევა გვქონდეს დაზღვეული და გვქონდეს შესაძლებლობა ჩავატაროთ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები“.

„2024 წლის არჩევნებისთვის ჩვენც განსაკუთრებულად ვემზადებით რადგან დიდია გამოწვევა. საკმაოდ ბევრი საარჩევნო უბანია ჩვენი ოპერირების არეალში. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. ვიხილავთ გარკვეულ ტექნიკურ დეტალებს იმისათვის რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს უფრო ნაყოფიერი და უზრუნველვყოთ საარჩევნო უბნების შეუფერხებელი ელექტრომომარაგება“,- აღნიშნა გრიგოლ მამისეიშვილმა.

ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი ეკა ცაბაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ცესკო „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიაწვდის საარჩევნო უბნების ზუსტ მისამართებს, ასევე იმ მონაცემებსა თუ ინფორმაციას, რომელიც ხელს შეუწყობს საარჩევნო უბნების შეუფერხებელ ენერგომომარაგებას.

შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლების ინფორმირების მიზნით, ცესკო მათთან შეხვედრას გამართავს და დეტალურად გააცნობს საარჩევნო ტექნოლოგიებს და პროცედურებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს