საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ისრაელის ქნესეთის სპიკერმა „ქართველი შინდლერის", „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილის" სერგო მეტრეველის ოჯახს საპატიო სიგელი გადასცა

დავით ბააზოვის სახელობის ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოჰანამ, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, „ქართველი შინდლერის", „მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილის" სერგო მეტრეველის ოჯახს საპატიო სიგელი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საელჩო საქართველოში ავრცელებს.

მათივე ცნობით, ცერემონიას საქართველოს პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ხელისუფლების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ასევე სერგო მეტრეველის შთამომავლები და საქართველოში ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ქნესეთის სპიკერმა, ამირ ოხანამ, თავის სიტყვაში ისაუბრა მეტრეველის გმირობის მნიშვნელობაზე და გამოხატა ისრაელის სახელმწიფოს მადლიერება მის მიმართ.

ამასთან, სპიკერმა ხაზი გაუსვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჰოლოკოსტის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალ თაობაში.

„სერგო მეტრეველი არის ე.წ. "ქართველი შინდლერი", რომელსაც "მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილების" წოდება მიენიჭა. აღნიშნულ წოდებას ისრაელის სახელმწიფო, "იად ვაშემის" მუზეუმის ჩართულობით, ანიჭებს იმ არაებრაელებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდეს ჰოლოკოსტის დროს ებრაელების ნაცისტებისგან გადასარჩენად. 1942 წელს ბატონი მეტრეველი დაეხმარა ორ ებრაელს, ემილ ზიგელსა და არკადი რაბინოვიჩს, რათა ოკუპირებული კისლოვოდსკიდან საქართველოში, მის მშობლიურ სოფელ უწერაში ჩამოსულიყვნენ.

არსებობს ებრაული გამონათქვამი: ვინც ერთი სიცოცხლე გადაარჩინა, მან მთლიანი სამყარო გადაარჩინა. ჰოლოკოსტს გადარჩენილმა, ელი ვისელმა ერთხელ თქვა: „სიყვარულის საპირისპირო არის არა სიძულვილი - არამედ გულგრილობა".

სერგო მეტრეველი და დანარჩენი "მსოფლიოს ხალხთა მართალი შვილები" არიან ისინი, ვინც გულგრილი არ დარჩნენ ნაცისტური რეჟიმის წინაშე და ამისთვის, ისრაელის სახელმწიფო სამუდამოდ იქნება მათი მადლიერი“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო