თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.
მისივე თქმით, ოპოზიცია ყველაფერს ისეთს ახალისებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება და დამაზიანებელია საქართველოს მომავლისთვის.
„თქვენ იცით, რომ ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ყველაფერს ახალისებს. ახალისებს ძალადობას - გავიხსენოთ ფაქტები, როდესაც მაგალითად, პოლიციელებს სცემდნენ, ესროდნენ „მოლოტოვის კოქტეილს“, ამ ყველაფერს ახალისებდნენ და გმირობად თვლიდნენ. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ და ისიც, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში, ბრიუსელში, დარბიან კაბინეტებში, იმისთვის, რომ ქვეყანამ არ და ვერ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი, ისე, როგორც ხდებოდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის, ვიზალიბერალიზაციის გამოცხადების წინ და ა.შ.“, - განაცხადა კალაძემ.