ლევან დავითაშვილი - შიდა მცირე ავიაცია, მათ შორის კერძო ავიაცია უნდა განვითარდეს

ქუთაისისა და თელავის აეროპორტების განახლება-რეაბილიტაცია 2024 წელს დასრულდება. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ქუთაისის აეროპორტში იქნება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, ხოლო თელავის აეროპორტში მოეწყობა ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა და ასევე, დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი.

„განახლების პროექტი ქუთაისის აეროპორტში, ეს არის 85 მილიონიანი ინვესტიცია, რომელიც ქვეყანამ უნდა განახორციელოს იმისთვის, რომ ქუთაისის აეროპორტი სრულფასოვნად ასრულებდეს თავის უფლება-მოვალეობებს, ეს იყოს საერთაშორისო აეროპორტი არამხოლოდ სრულყოფილი სამგზავრო გადაზიდვების კუთხით, არამედ მათ შორის, ის პოტენციალი, რომელიც ქუთაისს გააჩნია „კარგო-ლოჯისტიკური“ ცენტრის განვითარების კუთხით, შესრულდეს. ასე რომ, ჩვენ გვჭირდება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. იცით, რომ ბევრი პრობლემა გააჩნია და მისი რეაბილიტაცია ექსპერტული დასკვნების გარეშე შეუძლებელია, ამიტომ პროექტირება უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გვექნება ახალი პროექტი და შევარჩევთ მშენებელ კომპანიას. სავარაუდოა ჩვენი თანხები, ეს დაზუსტდება პროექტის შესაბამისად, მაგრამ 18 თვეში ჩვენ უნდა გვქონდეს ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, რომლის სიგრძე იქნება 3,5 კმ.

ასევე, ჩვენ თელავის აეროპორტის რეაბილიტაციას ვიწყებთ და ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურა მოეწყობა, ასევე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და ჩვენ გვექნება პირდაპირი კავშირები ქუთაისის, ამბროლაურის, ბათუმის და მესტიის აეროპორტთან. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტის მონახაზი, 25 მილიონი ლარი, ეს შეიძლება დაზუსტდეს პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც თელავის აეროპორტის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. 2024 წელს ჩვენ გვინდა, რომ ოპერირება და პირველი მგზავრები მივიღოთ. ასე რომ, ჩვენ 2024 წელს გვექნება თელავის ახალი აეროპორტის გახსნა. თელავის აეროპორტს სტატუსი ექნება საერთაშორისო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ყველა საერთაშორისო სტანდარტს დავაკმაყოფილებთ. არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ დიდი ბორტების მიღების საშუალება გვექნება, თუმცა ეს არის პირველი ეტაპი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შიდა ფრენები განხორციელდეს და მცირე ბორტების მიღების საშუალება გვქონდეს უცხოეთიდან, მაგრამ ტერმინალში გათვალისწინებული იქნება ყველა ის ოპერაცია, რაც საერთაშორისო გადაზიდვებს დასჭირდება, ხოლო შემდეგი ფაზის პირობებში ჩვენ შეგვეძლება ჩარტერული რეისების მიღება მოვახერხოთ.

რაც შეეხება „კარგო-ტერმინალს“, მიმდინარეობს კვლევა აზიის განვითარების ბანკთან ერთად. ბანკის ექსპერტები მუშაობენ თუ როგორი უნდა იყოს ქუთაისის მომავალი აეროპორტი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ვიცე პრემიერმა აღნიშნა, მცირე ავიაციის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„კომპლექსში შედის, მათ შორის, ვერტოდრომების მშენებლობა მთელი ქვეყნის მასშტაბით და შესწავლილია ტერიტორია და 300-ზე მეტი წერტილია და ამაზე მუშაობს ჩვენი სამოქალაქო ავიაციის სააგენტო. სხვადასხვა რეგიონში მცირე მასშტაბის აეროპორტების არსებობა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ შიდა მცირე ავიაცია, მათ შორის, კერძო ავიაცია განვითარდეს. ჩვენ თელავით არ ვჩერდებით, თუმცა კონკრეტულ გეგმებს ახლა ვერ მოგახსენებთ, მაგრამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რა თქმა უნდა, გვექნება აეროპორტების განვითარების მიმართულებით ინტენსიური მუშაობა“, - განაცხადა დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო