გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 4 სექტემბრიდან, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონტროლს დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟები, სპეციალური ხელსაწყოებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ნორმისა და წესის შესაბამისად განახორციელებენ.

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირება. სწორედ ამ მიზნით, დღეიდან, საქართველოს 4 ქალაქში, ავტომობილების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო, რაც სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურებას მკვეთრად შეამცირებს. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სამართალდამრღვევი დაჯარიმდება. თუ პირს დაჯარიმებასთან დაკავშირებით პრეტენზია ექნება, უფლება აქვს, ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, თავისი ხარჯით, აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტაროს ექსპერტიზა და თუ დარღვევა არ დაფიქსირდება, გათავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, კოკა მელქაძემ.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის, ირაკლი ბასლანძის განცხადებით, კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით, გაიარეს შესაბამისი გადამზადება, როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური აღჭურვილობისა და ელექტრონული სისტემების მიმართულებით.

„კონტროლის ეფექტურად განხორციელების მიზნით, გავიარეთ შესაბამისი გადამზადება როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური აღჭურვილობისა და ელექტრონული სისტემების მიმართულებით. მზად ვართ შევუდგეთ საქმიანობას და ვიზრუნოთ ჰაერის გაუმჯობესებაზე. პატრულირებისას, სპეციალური ხელსაწყოებით, ისეთი ავტომობილების გამონაბოლქვის შემადგენლობას შევამოწმებთ, რომლებსაც აღენიშნება ვიზუალური გამონაბოლქვი“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ირაკლი ბასლანძემ.

ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის დადგენილი ნორმის გადამეტებისთვის სამართალდამრღვევს ჯარიმის გადახდა მოუწევს: ფიზიკური პირი პირველ ჯერზე დაჯარიმდება 100 ლარით, მეორე ჯერზე - 300 ლარით, მესამე ჯერზე - 600 ლარით. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

უწყების განმარტებით, ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეეძლებათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდებზე: www.des.gov.ge; ჯარიმის გადახდა კი შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის www.videos.police.ge საშუალებით.

მათივე ცნობით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვისა და ეკოტრანსპორტის დანერგვის ხელშეწყობის საკითხების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციის საფუძველზე, საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა - გზებზე ვიზუალურად ხილვადი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემადგენლობის კონტროლის თაობაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო