„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანი ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო სამსახურის უფროსი ირაკლი ქავთარაძე ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის პოლიტიკურ საბჭოს ესწრებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების” საბოტაჟის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ევროპელ კოლეგებთან მუშაობას, რომ საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს, რათა ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის რეალიზების გზაზე ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგას.
„ბრიუსელში საუბრებიდან აშკარაა, რომ საქართველოს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ ქვეყანამ ევროპული პერსპექტივის განხორციელება შეძლოს. საქართველოს მეგობრები წუხან იმ რეგრესზე, რაც აშკარაა “ქართული ოცნების” პირობებში და რისი ყველაზე მკაფიო გამოხატულება პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.