სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვთ, ამას ყველა ხედავს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, პრეზიდენტის და ოპოზიციის რიტორიკა ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს.
„სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას ერთი და იგივე დღის წესრიგი აქვს, ამას ყველა ხედავს. მათი რიტორიკაც ერთი ერთში ემთხვევა ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ისინი ერთნაირი ინტერესებით მოქმედებენ. ეს არის მათი დღის წესრიგი, რაც გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ საერთო პატრონი ჰყავთ - ეს არის „გლობალური ომის პარტია“. ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭოს, ეს არის მათი უმთავრესი ინტერესი და მეორე, თუ მაინც მიენიჭება ქვეყანას კანდიდატის სტატუსი, სალომე ზურაბიშვილი მაქსიმალურად ეცდება, თავის თავზე მიიწეროს ეს გადაწყვეტილება. გასაგებია, რაც მათ ამოძრავებთ, ეს არის მათი რადიკალური დღის წესრიგის მორიგი გამოვლინება“,-განაცხადა კობახიძემ.
მისი განმარტებით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, მათ შორის საზღვარგარეთ წასვლა, სამუშაო შეხვედრების გამართვა და ა.შ.
„ეს სალომე ზურაბიშვილმა იცოდა და სწორედ ამისთვის მოითხოვა თანხმობა მთავრობისგან. ვერ მიიღო და მაინც წავიდა. იმდენად შავით თეთრზე, ძალიან უხეშად დაირღვა კონსტიტუცია, აქ 2 აზრი არ შეიძლება არსებობდეს. მაგალითად, გერმანიაში, სადაც მე სამართლის კურსს გავდიოდი, ასეთი კაზუსები „გასახურებლად“ მიჰქონდათ ხოლმე პირველ კურსზე პირველ, მეორე ლექციაზე. ამ დონის კაზუსთან გვაქვს ჩვენ შეხება. აქ ორი აზრიც კი არ შეიძლება არსებობდეს იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუცია უხეშად არის დარღვეული“,- განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რატომ დაიწყო იმპიჩმენტის პროცედურა.
„ამის რეაგირების გარეშე დატოვება მმართველი გუნდის მხრიდან იქნებოდა უპატივცემულობა საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. როდესაც კონსტიტუცია უხეშად ირღვევა, მითუმეტეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ, ასეთ დროს მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ ქმედითი რეაგირება განახორციელოს ასეთ უხეშ ქმედებაზე. სწორედ ამის გამო დავიწყეთ ჩვენ იმპიჩმენტის პროცედურა მიუხედავად იმისა, რომ მმართველ გუნდს ამ პროცესის ბოლომდე მისაყვანად 100 ხმა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე აცხადებდა ჯაშუშად, მოღალატედ, რეზიდენტად და ასე შემდეგ, დღეს ისინი ერთ დღის წესრიგს ატარებენ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ იმპიჩმენტის პროცედურას. ანუ, მათ მიერ ჯაშუშად გამოცხადებულ პრეზიდენტს პრეზიდენტის თანამდებობაზე დატოვებენ, რაც ზოგადად, მათი და მათი დღის წესრიგის ბუნებაზე მეტყველებს“,-განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება პროცედურას, ირაკლი კობახიძის განმარტებით, ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია და დღეს ეს პროცესი დასრულდება.
„ასევე, დოკუმენტაციის სრულყოფა მოხდება მაქსიმუმ ხვალამდე. ამის შემდეგ უკვე საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია, რის შემდეგაც რეგლამენტის შესაბამისად საპროცედურო კომიტეტის სხდომა გაიმართება. როგორც კი კომიტეტი ხელმოწერების ნამდვილობას დაადასტურებს, მაშინვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია, ანუ კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს. რეალურად, ეს არის დღეების საქმე. იმისდა მიხედვით, თუ როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა, მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს“,-განაცხადა კობახიძემ.