ისრაელის საელჩოს დაფინანსებით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ბაზაზე, თანამედროვე ტიპის სათბური აშენდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ისრაელის ქნესეთის სპიკერმა ამირ ოჰანამ და ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას ესტერ მეიცადმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის ერთწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე, ისრაელის საელჩოს დაფინანსებით აშენებული თანამედროვე ტექნოლოგიის სათბური გახსნეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სათბური, ჰიდროპონიკის ტექნოლოგიითა აღჭურვილი და მისი საერთო ღირებულება 95 000 აშშ დოლარია.

უწყების ცნობით, ჰიდროპონიკის სისტემა სოფლის მეურნეობის ინოვაციური ტექნოლოგიაა, რომელიც კულტურების ნიადაგის გარეშე მოყვანას ითვალისწინებს.

„საქართველოში ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქნესეთის სპიკერი, რომელსაც ვუმასპინძლეთ ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე. ისრაელთან, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, 1600-ზე მეტი ჩვენი მოქალაქე გადამზადდა წლების განმავლობაში და ახლა, სპიკერთან ერთად, მათი მხარდაჭერით, გავხსენით ახალი სათბური, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. სათბური საშუალებას მოგვცემს, ჩვენმა ფერმერებმა ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის მეშვეობით პროდუქციის წარმოების შესახებ მეტი ცოდნა მიიღონ, რაც გაზრდის მათ პროდუქტიულობას და მოუტანს უფრო მეტ შემოსავალს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, ორი ქვეყნის თანამშრომლობის გრძელვადიანი პროექტის მიზანი, მთელს რეგიონში, სადემონსტრაციო ჰაბის ჩამოყალიბებაა, სადაც აგრონომები და ექსპერტები ისრაელიდან, საქართველოდან და მეზობელი ქვეყნებიდან შეძლებენ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, ასევე სტუდენტებისა და დაინტერესებული ფერმერების გადამზადებას.

„დღეს ჩვენ გავხსენით, MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სათბური. MASHAV-ი არის პროგრამა თანამშრომლობის და ცოდნის გაზიარების, თანამედროვე ტექნოლოგიებში. ჩვენ აღვნიშნავთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რომელიც 2600 წელს ითვლის. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა ვიმუშაოთ ერთად უკეთესი მომავლისთვის. ეს არის სწორედ ის, რასაც ჩვენ აქ დღეს ვაკეთებთ“, - განაცხადა ისრაელის ქნესეთის სპიკერმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სათბურის მშენებლობა MASHAV-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

„MASHAV-ი ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1992 წელს, საელჩოს გახსნისთანავე ამოქმედდა. დღემდე, საქართველოსა და ისრაელში, MASHAV-ის პროფესიული ტრენინგ კურსები საქართველოდან 1600-ზე მეტმა სპეციალისტმა გაიარა.

სტუმრებმა წილკნის ბაზაზე პროფესორ ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორიაც დაათვალიერეს, სადაც 2017 წლიდან ნიადაგის სრულყოფილი კვლევა მიმდინარეობს, რომლის საფუძველზეც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის ნიადაგის შეფასება და მისი ნაყოფიერების დონის განსაზღვრა ხდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო