„ჯორჯიან მანგანეზი“ - კომპანიამ ფეროშენადნობების წარმოება შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გათიშა

ფეროშენადნობების მწარმოებელმა უმსხვილესმა კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ პროდუქციის წარმოება 75%-ით შეამცირა და 11-დან 8 ღუმელი გააჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორის, ლაშა თუთბერიძის განცხადებით, ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში საწარმოო სიმძლავრეები პირველი სექტემბრიდან 25%-მდე შეამცირეს, რაც უკანასკნელი 1 წლის მანძილზე, ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე არსებული კრიზისითაა გამოწვეული.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ ვამუშაოთ ღუმელების რაოდენობა იმის შესაბამისად, თუ რამდენი გვექნება ელექტროენერგიის გამომუშავება ვარციხე ჰესების კასკადზე“,- განაცხადა თუთბერიძემ.

მისი თქმით, წარმოების შემცირების მიუხედავად, ყველა დასაქმებული ხელფასის 100%-ს მიიღებს, როგორც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, ასევე, ჭიათურის საწარმოებში.

„მოლოდინებს რაც შეეხება, უახლოეს მომავალში, 6 თვეში, გლობალური კრიზისის გამოსწორების პერსპექტივას ვერ ვხედავთ. სიტუაციიდან გამოსავლად მიგვაჩნია ის, რომ შევძლოთ თანამშრომლების ხელფასების გადახდა და წარმოების გაგრძელება იმ სიმძლავრეებით, რაც ამისთვის საჭირო იქნება“,- აცხადებს თუთბერიძე.

როგორც „ჯორჯიან მანგანეზში“ განმარტავენ, დამატებით, ზაფხულის სამ თვეში ექსპორტზე 17 500 ტონა ფეროშენადნობების გადატვირთვა მოხდა აშშ-ის ბაზარზე, კერძოდ კომპანიის ტრეიდერთან.

„ეს პროდუქტი არავის ესაჭიროება, უბრალოდ მისი გირავნობით კომპანიამ 20 მილიონი დოლარის სესხი აიღო საკრედიტო ინსტიტუტებიდან და ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროდუქტი გავყიდეთ, დასაწყობდა ამერიკაში. სწორედ ამით ვახერხებთ საწარმოს რჩენას", - განაცხადა თუთბერიძემ.

თუთბერიძის თქმით, ფეროშენადნობების ბაზარზე არსებული კრიზისი უკვე ერთი წელია გრძელდება.

„კომპანიაში არ აქვთ მოლოდინი, რომ უახლოეს თვეებში მდგომარეობა გამოსწორდება, გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად ყველა ეკონომიკური მაჩვენებელი 2008 წლის გლობალური ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში არსებულ მაჩვენებლებს უთანაბრდება. ყველა ეკონომისტის მოლოდინი არსებობს იმისა, რომ კრიზისი გლობალურ ჭრილში მსოფლიოში აუცილებლად იქნება, რომელიც მხოლოდ ფეროშენადნობებს არ შეეხება“, - აღნიშნა თუთბერიძემ.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მიუხედავად ფეროშენადნობების წარმოების მოცულობის შემცირებისა ზესტაფონში, კომპანია ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებისა და გადამუშავების მოცულობის შემცირებას არ გეგმავს.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა